მარი ჩიტაია
31.08.2018

 საწვავის მაღალი ფასი უახლოესი დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება. მართალია, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირების ტენდენცია შეიმჩნეოდა, მაგრამ ცვლილება იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა, რომ მან ადგილობრივ ფასზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა. იმპორტიორები ფასების შენარჩუნებას მომავალში კიდევ შეეცდებიან, თუმცა საერთაშორისო ფასი ბოლო პერიოდში მცირედით გაიზარდა.

ამ ეტაპზე "პლატცის" ფასი 1 ტონა ბენზინზე 729 დოლარს შეადგენს, ხოლო ამავე მოცულობის დიზელის ღირებულება 663 დოლარია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ საწვავის ფასი არის ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე. საქართველოში საწვავის ფასზე გავლენას, როგორც წესი, ლარის კურსიც ახდენს. არც ამ მხრივ არის სახარბიელო ვითარება. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, ფასების კლება შეუძლებელია, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში შენარჩუნდება.

"სულ რამდენიმედღიანი პერიოდი იყო, როცა უცხოურ ბაზრებზე კლება ფიქსირდებოდა, მაგრამ ტენდენციამ მცირე ხანს გასტანა. ჩვენ არ ვართ მწარმოებელი ქვეყანა და მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე, რაც წინა პერიოდში საკმაოდ ცვალებადი და არასტაბილური იყო. პარალელურად, ლარის გაცვლით კურსს თუ მიმოვიხილავთ, საწვავის ბაზარზე სტაბილურობის პერიოდი უკვე აღარ არის, ბოლო თვის განმავლობაში ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა დოლართან მიმართებაში. მთლიანობაში, საკმაოდ მაღალი ფასია და თითქმის ერთნაირი. მართალია, საერთაშორისო ბაზრებზე ბარელ ნავთობზე მცირედით იყო კლება, მაგრამ ნავთობპრპოდუქტების ფასი "პლატცის" მიხედვით მაინც საკმაოდ მაღალია. 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 თვეა, საწვავის ღირებულება სტაბილურობას ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ გაძვირების ტენდენციაა უცხოურ ბაზრებზე და ლარიც დევალვაციას განიცდის. აქედან გამომდინარე, საწვავის გაიაფებაზე საუბარი ჯერჯერობით მართებული არ არის და არც სწორი იქნება", - ამბობს მთვრალაშვილი.

მისი ვარაუდით, შესაძლებელია, რომ კომპანიებმა არსებული ფასის შენარჩუნება მოახერხონ.

"იმ ფასების მოცემულობით, რაც საერთაშორისო ბაზრებზეა და ასევე ლარის კურსის გათვალიწინებითაც, პროგნოზს ვერ გავაკეთებთ ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ შენარჩუნება შესაძლებელია. ვფიქრობთ, რომ კომპანიები ამას შეძლებენ. რეკორდულად ისედაც მაღალი ფასებია, მოგეხსენებათ, საწვავის გაძვირება პირდაპირ არის დაკავშირებული რეალიზაციის კლებასთან, ლოგიკურად ეს ასეცაა, მაგრამ მიმდინარე ეტაპი არის პერიოდი, როცა ყველაზე აქტიურია გაყიდვის პროცესი და ეს შესაძლებლობა კომპანიებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, რათა ფასის შენარჩუნება მოახერხონ. 

ტურისტული სეზონია, ასევე - შვებულებების პერიოდი, როცა ტრადიციულად საწვავზე დიდი მოთხოვნაა. ამ პირობებში ფასის სტაბილურობა და კონკურენტული ფასის მიწოდება მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, იმპორტიორები ამ ფაქტორს გაითვალისწინებენ და უახლოეს პერიოდში საწვავის ღირებულება არ შეიცვლება", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით "რეზონანსი" საწვავის იმპორტიორებსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ საწვავის ფასზე საუბარი არ ისურვეს.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ იმპორტიორები საზაფხულო სეზონით სარგებლობენ და შესაბამის ზომებს არ იღებენ, როცა ნავთობპროდუქტების საბითუმო ღირებულება ფასის შემცირების საშუალებას იძლევა.

ანალიტიკოსი ბექა კემულარია ვარაუდობს, რომ საწვავის გაძვირების ტენდენცია უცხოურ ბაზრებზე დიდხანს არ გასტანს. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ არის რესურსი, რომ იმპორტიორებმა საწვავის გაძვირებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ.

"ნავთობის ფასი არ არის მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებაზე დამოკიდებული. ყველა ფაქტორი მოქმედებს მასზე, მათ შორის - პოლიტიკური განცხადებები. ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე რამ განაპირობა ზრდა, მაგრამ არ მგონია, რომ ცვლილება გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, აბსოლუტურად იგივე ვითარებაა, რაც გასულ პერიოდში იყო. როგორც კი საშუალება ეძლევათ, კომპანიებში თავს არ ზოგავენ, რომ ნავთობპროდუქტები გააძვირონ. 

ახლა საზაფხულო სეზონია და ცხადია, ამითაც ისარგებლებენ. მოხმარება გაიზარდა, მაგრამ, როგორც წესი, საწვავი არ არის საქართველოში ისეთი პროდუქტი, რომ დეფიციტი გახდეს და ამან გამოიწვიოს ფასის ზრდა. ომის პერიოდშიც კი არ შექმნილა მსგავსი სიტუაცია. ბოროტად იყენებენ კომპანიები თავიანთ მდგომარეობას, მათ შორის, ხელისუფლების დახმარებითაც. აქედან გამომდინარე, ფასების პროგნოზი ქართული ბაზრისთვის რთული არ არის. როგორც ბაზრის მთავარი მოთამაშე 5 კომპანია შეთანხმდება, ისე დადგინდება ფასიც, ჯანსაღი საბაზრო პრინციპები აქ ნაკლებად მოქმედებს. დღესდღეობით ქართულ კომპანიებში აქვთ რესურსი, რომ საწვავის გაძვირებისგან თავი შეიკავონ, მიმდინარე პერიოდში მაინც", - ამბობს კემულარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×