(რეზონანსი) ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცედანში ხანძარი ლოკალიზებულია.
შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.
როგორც ხოჯევანიშვილმა განაცხადა, სტიქიის ზონის ფართობი არ გაზრდილა, ცეცხლმა 10 ჰექტარამდე ტერიტორია მოიცვა.
მისივე თქმით, ხანძართან ბრძოლის ტემპი შენარჩუნდება, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობას განაგრძობენ.
დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო ვერტმფრენიც, მისი საჭიროება დღის განმავლობაში სიტუაციის მიხედვით შეფასდება.
სტიქიის ზონაში რჩება 220 მეხანძრე-მაშველი, 17 სახანძრო მანქანა, მათ შორის ექვსი ახალი ტყის მანქანაა, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გასულ კვირას მიიღო და პირველად მონაწილეობს ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში.