არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იტალიის ვიცე-პრემიერის ოჯახის ძარცვაში ბრალდებულები სომხები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი ეთნიკური კუთვნილება უცნობია, იტალიის პოლიცია ადასტურებს, რომ ხუთივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
კერძოდ, მილანის პოლიციის ოფიციალური ცნობით, პირველი ვიცე-პრემიერისა და შს მინისტრს მატეო სალვინის მშობლების სახლის გაქურდვაში დაკავებულები არიან საქართველოს შემდეგი მოქალაქეები: 26 წლის გ.გ, 34 წლის ბ.ბ, 33 წლის ა.კ, 27 წლის დ.გ და 29 წლის ე.ს. მილანის სასამართლომ ყველა მათგანს უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
მილანის პოლიციაში ასევე აღნიშნავენ, რომ შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვის გარდა, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები კიდევ რამდენიმე ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილნი. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, დაკავებულების ჯგუფმა 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით რამდენიმე ბინა გაქურდა მილანის ბანდე ნერეს ქუჩაზე, ქალაქის დასავლეთ ნაწილში. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაკავებულები საკეტებზე სპეციალურ გამჭვირვალე ფირს აკრავდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ ბრუნდებოდნენ: თუ ფირი დაუზიანებული რჩებოდა, ეს იმაზე მიუთითებდა, რომ სახლში ამჟამად არავინ ცხოვრობს და მისი ძარცვა უფრო უსაფრთხო იყო.
დაკავებული პირების საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ფული, ძვირფასეულობა, სხვადასხვა ნივთი, მათ შორის ათეულობით საათი, სხვადასხვა სახის ბიჟუტერია და კიდევ სხვა ნაქურდალი.
მილანის პოლიციაში დაბარებულმა დაზარალებულების ნაწილმა ამოიცნო თავიანთი ნივთები, რომლებიც დაკავებულების საცხოვრებლიდან იყო ამოღებული. ერთ-ერთმა დაზარალებულმა კი ერთი დაკავებულიც ამოიცნო, რომელიც მისი ბინის გაქურდვამდე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნია, ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის" მილანის პოლიციიდან გადმოგზავნილ მასალებში.
გარდა ამისა, მილანის პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს აღნიშნული მოქალაქეები მილანის დატოვებას გეგმავდნენ, ვინაიდან ხუთივე მათგანს ბარგი გამზადებული ჰქონდა.
ცნობისთვის, იტალიის პირველი ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი მატეო სალვინი პოლიტიკურის პარტია „ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერია. ის მიჩნეულია ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსად, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნას. შარშან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სალვინის ექსტრავაგანტულმა საქციელმა, როცა ის მოსკოვის წითელ მოედანზე პუტინის გამოსახულებიანი მაისურით პოზირებდა. სალვინის არ იმაზე დაუხევია უკან, რომ პუტინის მაისურით ევროპარლამენტში და სხვა საჯარო ადგილებში გამოსულიყო.