სესხებთან დაკავშირებული რეგულაციები სამომხმარებლო სესხებს საგრძნობლად შეამცირებს. სპეციალისტები სექტემბრიდან "საკრედიტო შიმშილის" დაწყებას პროგნოზირებენ. ცხადია, ცვლილება სექტემბრამდე აღებულ სესხებს არ ეხება. მიუხედავად ამისა, სტატისტიკამ ივლისში ვადაგადაცილებული სესხების შემცირება დაადასტურა. ექსპერტების ვარაუდით, ტენდენცია გაგრძელდება და საბოლოოდ სესხები მიმართულებას შეიცვლის. მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო სესხი შემცირდება, ხოლო სესხების დიდი ნაწილი წვრილი და საშუალო მეწარმეობის მიმართულებით გადაინაცვლებს.
არსებული მონაცემით, ვადაგადაცილებული სესხები 1.6 მლნ ლარით შემცირდა და 382.1 მლნ ლარს გაუტოლდა. სებ-ის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 50.7 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ეკონომისტების ნაწილი სტატისტიკას არ ენდობა. არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერძენაძის შეფასებით, ვადაგადაცილების შემცირება, შესაძლოა, სესხის რეფინანსირებით მოეხდინათ, რადგან ქვეყანაში ადგილი არ აქვს მოსახლეობის გადახდისუნარიანობის ზრდას, რომ ვადაგადაცილებული სესხების შემცირება გამოეწვია.
,,სიმართლე გითხრათ, სტატისტიკას ამ შემთხვევაში არ ვენდობი. კომპანიებს – ბანკს თუ სხვა ორგანიზაციას, რომელსაც სურს ვადაგადაცილების შემცირება, რეფინანსირებას მიმართავს, რითაც მარტივად ხდება სესხის გადაფარვა, მაგრამ პრობლემა გადაუჭრელია. ის, რომ ვადაგადაცილება შემცირდა, არ უნდა გავიგოთ ისე, რომ მოსახლეობის გადახდისუნარიანობა გაიზარდა. საბანკო სექტორის მომხმარებლის დაცვაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. პირიქით, იმდენად გამკაცრებულია პირობები, რომ ბანკის კლიენტებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ”, - აცხადებს "რეზონანსთან" ბერძენაძე.
მისი თქმით, კრედიტების გაცემა წვრილი სამომხმარებლო სესხების დონეზეც პრობლემა გახდება, რაც უკვე სახეზეა.
,,ადამიანი, ფაქტობრივად, ვერ აიღებს სესხს, თუკი სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. სამომხმარებლო სესხები შემცირდება, ეს პროცესი დაიწყო კიდეც. ვფიქრობ, რეგულაციები სწრაფი სესხის და ონლაინ კომპანიებს საგრძნობლად დააზარალებს, მაგრამ ბანკები ისევე გააგრძელებენ მოსახლეობის ,,ძარცვას”, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ. გასათვალისწინებელია ასევე, რომ ახლა მოდის სეზონი, როცა სესხი ყველაზე მეტად სჭირდებათ. შესაბამისად, მასზე ხელმისაწვდომობა გართულდება, რის გამოც ხალხს საკრედიტო შიმშილი ემუქრება”, - აცხადებს ბერძენაძე.
სპეციალისტების ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ სამომხმარებლო სესხების შემცირების პარალელურად სესხის დიდი ნაწილი იურიდიული პირების დაკრედიტებას მოხმარდება.
საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი საუბრობს, რომ სესხის მიმღებთათვის საფინანსო ბაზარი კიდევ უფრო გაფართოვდება.
,,ბუნებრივია, რეგულაციები სესხების შემცირებაზე გავლენას მოახდენს. ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომელიც სამომხმარებლო სესხს უპრობლემოდ იღებდა, შეზღუდვის გამო ფულად რესურსს მარტივად ვეღარ მიიღებს. მონეტას ორი მხარე აქვს - ამ შემთხვევაში რეგულაციების შემოღება შეიძლება იყოს ცუდი, რადგან მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში სესხი არ დაუმტკიცდება, თუმცა, მეორე მხრივ, რისკი შემცირდება, რაც უდავოდ პოზიტიურია. მოქალაქეები, რომლებიც იღებენ სესხს და მერე კაბალურ ვითარებაში ვარდებიან, შექმნილ სიტუაციაში უფრო დაცული აღმოჩნდებიან.
ცხადია, სესხები არ არის სიღარიბისგან თავდაცვის საშუალება. ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი რეგულაციაა. სავარაუდოდ, სამომხმარებლო სესხების შემცირების პარალელურად სესხის დიდი ნაწილი იურიდიული პირების დაკრედიტებას მოხმარდება. სესხები მიიღებენ იმ მიმართულებას, რითაც შემდეგში ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყონ~, - აცხადებს თოქმაზიშვილი.