სტამბულში შეხვედრისას კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I-მა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს განუცხადა საკუთარი განზრახვის შესახებ, რაც უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას გულისხმობს.
ამის შესახებ იუწყება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის პატრიარქატის პრესმდივანი არქიეპისკოპოსი ევსტრატი (ზორია) "ფეისბუქის" მეშვეობით. მისი თქმით, პატრიაქების საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. საბოლოო ჯამში შეიძლება იმის თქმა, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების შედეგები შეიძლება "თავშეკავებული ოპტიმიზმის მიზეზი იყოს".
ზორიას თქმით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიაქრმა თავის მიზანს ვერ მიაღწია. შეხვედრის მსვლელობისას მოსკოვის პატრიარქატის წარმომადგენლები ძალიან დაძაბულები და განერვიულებულნი იყვნენ.
თუმცა, უკრაინული ინტერნეტგამოცემა "ლევი ბერეგის" ცნობით, შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ორივე მხარე საკუთარ აზრზე დარჩა. მაგრამ კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომლის მიხედვითაც ის აპირებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას.
პატრიარქების შეხვედრა დაიწყო 10:30 საათზე და გრძელდებოდა ორსაათ-ნახევრის განმავლობაში. უმეტესად პარტიარქებს პირისპირი საუბარი ჰქონდათ თარჯიმნების თანდასწრებით.
უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის დასაწყისში ბართლომე თბილად მიესალმა რუსეთის პარტიარქს, მაგრამ შეხვედრის მსვლელობისას არ უწოდა მას "უწმინდესობა", როგორც პროტოკოლითაა გათვალისწინებული და გამოიყენა მიმართვა "უნეტარესობავ", რაც იუწყებოდა რუსეთის პატრიარქთან შედარებით კონსტანტინოპოლის პატრიარქის უზენაესობაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ "ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, ვერაფერს გავაკეთებდით."
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კრებაზე, რომელიც 1-3 სექტემბერს ტარდება, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი განიხილონ.
აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე დღეს საქართველოს საპატრიარქოს ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) ორ თანმხლებ პირთან ერთად.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზეა აღნიშნული, სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა.
განცხადებაში ასევე ეწერა, რომ უახლოეს პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობაც.