თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის თანახმად, დღეიდან, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები შედის ძალაში. თამბაქოს ნაწარმის გამყიდველი დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების წესები:
აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის, ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან. დარღვევაზე ჯარიმა - 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.
დღეიდან, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალო მიწოდებით – ე.წ. დრაივ თამბაქო. დარღვევაზე ჯარიმა - 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.
აკრძალულია თამბაქოს ღერებით ან შეფუთვის გარეშე რეალიზაცია – ჯარიმა 150 ლარი, განმეორებისას კი 300 ლარია.
ამასთან, აკრძალულია სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს რეალიზაცია – ჯარიმა 200 ლარი, განმეორებისას კი 400 ლარია.
აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია 18 წლამდე პირებზე. ჯარიმა - 150 ლარი, განმეორებისას კი 300 ლარია.
აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია სავაჭრო ობიექტის საბავშვო სექციაში. ჯარიმა - 200 ლარი, განმეორებისას კი 400 ლარია.
იკრძალება ელექტრონული ან მექანიკური აპარატით თამბაქოს რეალიზაცია. ჯარიმა - 200 ლარია, აპარატში არსებული ნაწარმის კონფისკაციით, განმეორებისას კი 400 ლარი, ასევე აპარატში არსებული ნაწარმის კონფისკაციით.
აკრძალვა ეხება ინტერნეტით ან ფოსტით თამბაქოს რეალიზაციასაც – ჯარიმა 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.
აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, შეთავაზება, დარიგება ან გათამაშება. სავალდებულოა ობიექტში კანონით დამტკიცებული გაფრთხილების განთავსება – ჯარიმა 200 ლარია, განმეორებისას კი 400 ლარი.