საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაჩნია, რომ "ჯეოსელი", "მაგთი" და "ბილაინი" აბონენტებისთვის სხვადასხვა ტარიფების შეთავაზებისას სუბსიდირებას ახდენენ. კომისიაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი საკითხის რამდენიმეთვიანი შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს.
კომისიამ “არასამართლიანი” ტარიფების შესაცვლელად სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მიმართა და “გამოსწორება” დაავალა, რათა ბაზარზე არასამართლიანი ტარიფით არ ხდებოდეს პაკეტების შეთავაზება სხვადასხვა კორპორაციული ჯგუფისთვის. კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულების შემდეგ რიგ სერვისებზე "მაგთის", "ჯეოსელსა" და "ბილაინს" ტარიფების გაზრდა მოუწევთ. კომისიის ინფორმაციით, კომპანიებმა ვადა სექტემბრამდე ითხოვეს.
ჯეოსელი ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც დაადასტურა რიგ მომსახურებაზე ტარიფების გაზრდა, "მაგთისა" და "ბილაინში" კი On.ge-ს არ უთხრეს რომელი პაკეტების გაძვირება მოუწევთ.
“ჩვენ მხედველობაში მივიღეთ მარეგულირებლის რეკომენდაცია და ამ ეტაპზე ვახდენთ იმის ანალიზს, რამდენადაა ჩვენი კორპორატიული კლიენტების ტარიფები კანონთან შესაბამისობაში”, – აცხადებენ "ბილაინში".
"მაგთიკომში" კი ამბობენ, რომ კომუნიკაციების კომისიის გაფრთხილებას გაითვალისწინებენ.
"ჯეოსელის" პრესსამსახურის წერილში აღნიშნულია, რომ ტარიფები კორპორაციული ნომრებისთვის გაზარდეს, თუმცა ცვლილებები არ შეეხება სახელმწიფო უწყებებს.
კომპანიის ნომრებთან უფასო ულიმიტო საუბრის და სმს-ის ყოველთვიური გადასახადი 1,5 ლარი გახდა;
"ჯეოსელის" და "ლაი-ლაის" ნომრებზე ერთი წუთის ღირებულება — 0 თეთრი, ზარის წამოწყება — 7 თეთრი;
ბილაინის, მაგთიკომისა და ფიქსირებული ქსელების მიმართულებით ერთი წუთის ღირებულება — 7 თეთრი, ზარის წამოწყება — 7 თეთრი.
კორპორაციული კლიენტებისთვის ინტერნეტის მინიმალური პაკეტი 500 MB-დან (2ლ) 1 500 MB-მდე (5ლ) იზრდება, რიგ შემთხვევაში კი ინტერნეტპაკეტების ღირებულება თითქმის 2-ჯერ ძვირდება.