ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნის პირველი ნაწილი, სადაც აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები - თუ რა მოხდა 1 დეკემბერს ხორავას 4-ის ეზოში.
კომისიის დასკვნაში გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის - მ.კ.-ს როლს.
კომისიამ მოიპოვა არაერთი ჩვენება, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის, ე.წ. ტარის ქონა და ჩხუბისას მისი გამოყენება. მტკიცებულებების მიხედვით, ეს საგანი მ.კ.-მ: ა) აჩვენა 51-ე სკოლის წინ თავის მეგობრებს;
ბ) გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას;
გ) აჩვენა ჩხუბის შემდეგ მეგობრებს და აღნიშნა, რომ იმ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს.
მოწმეებისგან ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში კომისიამ მოიპოვა აღნიშნული საგნის ესკიზი. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება, თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს. მოცემული ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს მნიშვნელოვანი, საკვანძო დეტალი.
ახალი გარემოების თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე კომისიამ ჩააყენა საქმის კურსში შსს და მოუწოდა დროული რეაგირებისკენ. მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის ქონა და ჩხუბის დროს მისი გამოყენება კიდევ უფრო ამყარებს კომისიის მხრიდან გაცემულ შუალედურ რეკომენდაციას, დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 2-ე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.