ელზა პაპოშვილი
02.09.2018

 ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" ჩიხშია შესული და მას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გარდა სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. მისი აზრით, მარგველაშვილის ამ არჩევნებში არ მონაწილეობა, მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას" წაადგება, რადაგანაც პრეზიდენტს შეეძლო, რომ მმართველი გუნდისთვის ამომრჩევლის ნაწილი წაერთმია.

ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ამ არჩევნებში არ ჩაერთვება, არსებობს რისკი, რომ „ნაციონალურმა" მოძრაობამ გაიმარჯვოს. ამიტომაც ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს უნდა თუ არა, ამ არჩევნებში მაინც ჩაებმება.

ხუხაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ მეორე ტური გაიმართოს. თუმცა მეორე ტურის გამართვის შანსი დიდი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ კი ამ არჩევნებში მარგველაშვილი და ელისაშვილიც ჩაერთვებოდნენ.

„მთელი კვირა": გიორგი მარგველაშვილმა უარი განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ კენჭის ყრაზე. როგორ შეფასებთ მის გადაწყვეტილებას?

გია ხუხაშვილი: ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა. ის არის ადამიანი, რომლისთვისაც სახელმწიფო მოღვაწეობა ტვირთი უფროა, ვიდრე პრივილეგია. მარგველაშვილი სამოქალაქო სექტორში თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. შესაბამისად მისი გადაწყვეტილება ლოგიკურია. მას პრეზიდენტობა, არც 2012 წელს სურდა და სალომე ზურაბიშვილივით არ იხვეწებოდა პრეზიდენტობის კანდიდატად წარმადგინეთო. ეს უბრალოდ „ქართული ოცნების" თხოვნა იყო, რომელიც შეასრულა.

„მ.კ": მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენაზე უარი განაცხადა. როგორ შეფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

გ.ხ.: მიმაჩნია, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა. მან ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტის ინსტიტუტს დემარში გამოუცხადა. ის თავის თავს ამ ქმედებით თავადვე დაუპირისპირდა, რაც აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ის არგუმენტი, რომ მის კანდიდატურას „ოცნება" მაინც არ მიიღებდა, არასწორია.

ჯერ ერთი, ადრე რომ ვეტოს ადებდა, არ იცოდა, რომ მის ვეტოს დაძლევდნენ, რატომ იღებდა მაშინ ასეთ გადაწყვეტილებას? მიიღებს თუ არა შენს გადაწყვეტილებას ვინმე, სახელმწიფოებრივი მოვალეობა უნდა შეასრულო.

თავიდან ვერც შევატყვე, რომ მმართველ გუნდთან მას კონსენსუსის ძიების სურვილი ჰქონოდა. ჩემი აზრით, ეს იყო შეცდომა. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. მას დასაფიქრებლად დრო კიდევ აქვს.

„მ.კ": მარგველაშვილის გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდზე როგორ გავლენას მოახდენს და რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს წაადგება მისი ამ არჩევნებში არ მონაწილეობა?

გ.ხ: ვფიქრობ, რომ მარგველაშვილის ამ არჩევნებში არ მონაწილეობა „ქართულ ოცნებას" აწყობს. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ნატურალური ელექტორატის თვალსაზრისით პრობლემაა და სამობილიზაციო რესურსი მოსაზიდია. მართალია, ამ რესურსის მოზიდვის ყველაზე დიდი შანსი ხელისუფლებას აქვს, თუმცა მარგველაშვილს ნაწილის საკუთარ თავზე გადაქაჩვა შეეძლო.

ეს კი მეორე ტურის ჩატარების რისკებს აჩენდა. მეორე ტური კი ხელისუფლებისთვის გარკვეული დისკომფორტის შემქმნელია. ასე, რომ მარგველაშვილის არმონაწილეობით, პირველივე ტურში ხელისუფლების გამარჯვების ალბათობა იზრდება.

„მ.კ": „ოცნებას", როგორც ვხედავთ, ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ამ არჩევნებში რა ქნას. ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც ვხედავთ, რომ გუნდში ერთიანობა არ არის. როგორ ფიქრობთ რას იზამს მმართველი გუნდი?

გ.ხ.: ნამდვილად, როგორც ჩანს გუნდში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ რა ქნან, მაგრამ სხვა გზაც აღარ აქვთ დარჩენილი, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. ის კანდიდატები, რომლებიც ახლა უკვე წარმოდგენილები არიან, მათთვის მისაღები მხოლოდ სალომე ზურაბიშვილია. ამ ჩიხში თავი თავადვე შეიყვანეს. დაიწყეს უხარისხო თამაში, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია და ბოლოს მიხვდნენ, რომ თავი სერიოზულ შარში გაყვეს.

ზურაბიშვილი ამ წლების განმავლობაში „ოცნების" ყველაზე ეგზალტირებული და აგრესიული აქტივისტი იყო, რა დამოუკიდებელ კანდიდატზეა საუბარი. ეს ძალიან უხარისხო შეფუთვაა.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ არჩევნების „ნაციონალების" ამარა დატოვება დიდი რისკი იქნება, მმართველი გუნდი მხოლოდ ვალდებული კი არ იქნება, რომ ზურაბიშვილს მხარი დაუჭირონ, არამედ მთელი ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და პარტიული რესურსი მის დასახმარებლად მოამზადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ გაუგებრობასა და დრამატულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

ასეთ შემთხვევაში „ნაციონალებს" გამარჯვების დიდი შანსი ექნებათ. თავის თავი ამ ჩიხში თავადვე მიიყვანეს. ახლა სხვა გზა უბრალოდ არა აქვთ. თუ რამდენიმე დღეში რამე სასწაული არ მოხდა. შემდგომში, როდესაც ახალი პრეზიდენტის პირობებში, ეს პრეროგატივა იუსტიციის საბჭოს ხელში გადავა, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.

„მ.კ": შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ მეორე ტური იქნება?

გ.ხ.: ამის ალბათობა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ეს განპირობებულია არა იმით, რომ „ნაციონალებს" მაღალი მხადაჭერა აქვთ, არამედ თავად ხელისუფლების მიმართ აქვს ხალხს ნდობა დაკარგული. ეს გარემოება, რა თქმა უნდა, მეორე ტურის გამართვის შანსებს აჩენს.

თუმცა მარგველაშვილის არ მონაწილეობა და აგრეთვე ალეკო ელისაშვილიც ჯერ ვერ ჩამოყალიბდა რას იზამს, მეორე ტურის გამართვის შანსებს ამცირებს. თუ ისიც აქტიური არ იქნება, მაშინ მეორე ტურიც არ იქნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×