(რეზონანსი) „საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრ გიორგი ჭელიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ბრალის წარდგენას დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკავებულის ადვოკატი ესწრებოდა. ჭელიძეს ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარუდგინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, „საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრი, 1986 წელს დაბადებული გიორგი ჭელიძე გუშინ დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 31 აგვისტოს სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის" გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.