გიორგი მარგველაშვილი მეორე ვადით კენჭს აღარ იყრის. ამის შესახებ მან სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, თუმცა არ განუმარტავს, რატომ მიიღო პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება.
პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მმართველი გუნდი თვლის, რომ პრეზიდენტმა საკუთარი შანსები ობიექტურად შეაფასა და რეიტინგის გამო უკან დაიხია, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ის პასუხისმგებლობას გაექცა.
პოლიტოლოგთა გარკვეული ნაწილის აზრით, მარგველაშვილს ამ არჩევნებში მოგების შანსი ნაკლებად ჰქონდა.
"პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, რომ პასუხისმგებლობას გაექცა, ასე ვერ შევაფასებ, მაგრამ, თუ მარგველაშვილს პოლიტიკაში დარჩენა სურდა, მას უსუფაშვილის შეთავაზება უნდა მიეღო და ერთად ებრძოლათ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
"ისინი, მართალია, ერთმანეთის კონკურენტები არიან, მაგრამ ელექტორატი, ძირითადად, ერთი ჰყავთ. დამოუკიდებლად რომ ეყარა კენჭი, არჩევნებში მოგების შანსი ნაკლებად ჰქონდა, ამ გადაწყვეტილებით კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარგველაშვილის გამოთავისუფლებული ხმები უსუფაშვილის სასარგებლოდ გადანაწილდება.
"ე.ი. მარგველაშვილის ამომრჩეველი ხმას არც "ნაცმოძრაობის" და არც "ევროპული საქართველოს" კანდიდატს არ მისცემს, ასევე ხმას არ მისცემს "ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს", - აცხადებს პოლიტოლოგი ზაზა ფირალიშვილი.
რატომ მიიღო გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება და ჰქონდა თუ არა მას ბრძოლის გაგრძელების შანსი, ამის შესახებ "მთელი კვირა" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს გაესაუბრა.
"მთელი კვირა": როგორ შეაფასებდით გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, მონაწილეობა აღარ მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში?
ზაზა ფირალიშვილი: ადამიანურად საკმაოდ ძნელად მისაღები გადაწყვეტილება იქნებოდა. როგორც წესი, ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც გაეკარა პოლიტიკას და სულ მცირე წარმატებას მაინც მიაღწია, თავს ვეღარ აღწევს ამ გარემოს.
ძალაუფლებისთვის ბრძოლა ის მორევია, რომელიც ბევრს ითრევს და ეს მათთვის ბუნებრივ და ერთადერთ საცხოვრებელ გარემოდ იქცევა.
ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ ეს იმ შემთხვევში ხდება, როდესაც სრულიად ცხადია, ადამიანს აღარავითარი შანსი აღარ აქვს, თავის ძველ დიდებას დაუბრუნდეს და წარმატება გაიმეოროს ან რაიმე ახალს მიაღწიოს.
ამიტომაც ვხედავთ ასე ხშირად, რომ სრულიად ნორმალური ადამიანები საკუთარ კარიკატურას ემსგავსებიან და პოლიტიკური ბრძოლის აზარტი საღი აზრის ნატამალსაც სპობს მათში.
ამ ვითარებაში პრეზიდენტის გადაწყვეტილება უთუოდ დასაფასებელია. ბედმა მას ისეთი მდგომარეობა არგუნა, რომ აქედან სულ ერთი ნაბიჯი იყო პიროვნულ მესიანიზმამდე.
ბატონმა გიორგიმ შეძლო, ამისთვის თავი დაეღწია, ძალაუფლებისთვის ბრძოლის აზარტი გადაელახა და საკუთარი თავისთვის პოლიტიკისგან განსხვავებული პერსპექტივა გაეხსნა.
ქართულ პოლიტიკაში ძალიან ცოტანი არიან ისეთები, ვისაც ეს ძალუძთ. ძალიან ცოტა არის ისეთი, ვისაც ობიექტურად ძალუძს, შეაფასოს სიტუაცია და თავისი პერსპექტივებიც და ისიც აღიაროს, რომ პოლიტიკა არ არის მისი ბუნებრივი გარემო.
გიორგი მარგველაშვილი საკმაოდ კარგი ფილოსოფოსი გახლავთ და, ბევრისგან განსხვავებით, უსაქმოდ და უფუნქციოდ არ დარჩება.
"მ.კ": პოლიტიკური სპექტრი მაინც იმაზე აპელირებს, რომ რეიტინგის გამო დაიხია უკან. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
ზ.ფ: პირადად მე ისეთი ლიდერიც მინახავს, ვისი რეიტინგიც 2-3%-ს არ აღემატებოდა, მაგრამ შინაური საუბრების დროსაც კი ირწმუნებოდა, რომ არჩევნებში 30%-ს აიღებდა და ამ პათოსით ელაპარაკებოდა ამომრჩეველსაც.
თქვენ გეხსომებათ ასეთები, მათი ძირითადი არგუმენტებია: "ხალხს ყველა მობეზრდა და ახალს ეძებს"; "ყველამ ყველაფერი იცის"; "ფულიანებისა და გავლენიანების ბრძოლაში სწორედ ჩემისთანა პატიოსან კაცს აქვს შანსი" და ა.შ.
ვინ იცის, რას მოიფიქრებს ძალაუფლებისა და დიდების ჟინით შეპყრობილი ადამიანის გონება და რა მონდომებით არ დაიბრმავებს თავს.
ვფიქრობ, რომ მარგველაშვილის ნაბიჯი უთუოდ დასაფასებლია. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მის გარემოცვაში აუცილებლად იქნებოდნენ ისეთებიც, ვინც მას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებდნენ და ვინძლო, რაღაც სოციოლოგიური "გამოკვლევებიც" მოეშველიებინათ.
"მ.კ": ჰქონდა კი გიორგი მარგველაშვილს ბრძოლის გაგრძელების შანსი?
ზ.ფ: თუ პოლიტიკურ გარემოს გავიხსენებთ, ბატონი გიორგისთვის წარმატების ერთადერთი, თუმცა ნაკლებალბათური გზა იქნებოდა უძღები შვილივით მიბრუნებოდა "ქართულ ოცნებას"; განდგომა მოენანიებინა და პარტიის ლიდერისთვის ერთგულება ემტკიცებინა.
მოკლედ, კარიდან გაგდებული ფანჯრიდან შესულიყო და ასე მიეღწია თავის მიზნისათვის. დაკონკრეტების გარეშე ვიტყვი, რომ ორიოდე კანდიდატი ახლა სწორედ ასე იქცევა, მათი ვინაობა ყველამ ვიცით.
მეტსაც ვიტყვი: ალბათ, სულ ორიოდეა, ვინც ივანიშვილის კარამდე მიღწევისა და მისგან სანქციის მიღებისთვის არ იბრძვის.
სამწუხაროდ, ჩვენ შეიძლება მომავალში გვყავდეს პრეზიდენტი, ვინც ფორმალურად სახელმწიფოებრივი ინტერესების სიმაღლეზე უნდა იდგეს, პოლიტიკური ცხოვრება დააბალანსოს, რეალურად კი ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს მოემსახურება.
მარგველაშვილმა ეს არ იკადრა და, ავად თუ კარგად, პარტიულ გავლენას თავი დააღწია, ესეც დასაფასებელია.
დავაფასოთ ისიც, რომ ეს პოლიტიკურ ხრიკებსა და პოლიტიკურ მენეჯმენტში სრულიად გამოუცდელი ადამიანი შეეცადა, ახალი საკონსტიტუციო მოდელის შესაფერისი საპრეზიდენტო ქცევა შეემუშავებინა.
ექსტრემალურ პოლიტიკურ დაპირისპირებებში ის ცდილობდა, ერთგვარი დამბალანსებელი ყოფილიყო. ყველანი ვხედავდით, თუ "ქართულ ოცნებაში" როგორი გაღიზიანება მოჰყვა ამას და დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი ბრალდებების როგორი კორიანტელი დატრიალდა.
ისინი ელოდნენ, რომ პრეზიდენტი პარტიის ლიდერის სრული და უსიტყვო ლოიალობის გზით ივლიდა, მისი ერთ-ერთი ფარის როლს შეასრულებდა. მარგველაშვილმა კი გააკეთა ის, რასაც მათი აბსოლუტური უმრავლესობა ვერასდროს გაბედავს.
"მ.კ": ე.ი. პრეზიდენტ მარგველაშვილს შეცდომები არ დაუშვია?
ზ.ფ: ცხადია, მან შეცდომებიც დაუშვა, ზოგჯერ - უხეში შეცდომებიც. როდესაც პოლიტიკური მხარდაჭერა არ გაქვს, ასეთი რამ შეიძლება, ძალიან ცუდად შემოგიბრუნდეს, ხოლო თუ ძალაუფლების მქონენი ერთგულ პირად მიგიჩნევენ, მაშინ შეიძლება, შენს შეცდომებსა თუ დანაშაულებზეც კი თვალი დახუჭონ და ესეც არაერთხელ ვნახეთ ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკის დროს. ვფიქრობ, მაგალითების ჩამოთვლა რომ მოვინდომოთ კიდეც, ბოლოში ძნელად გავალთ.
სიტყვამ მოიტანა და არც ერთი წინა ხელისუფლება არ ყოფილა ასეთი მგრძნობიარე ლოიალობის მიმართ. ლოიალობაში ეჭვს შეიძლება შეეწიროს არა მხოლოდ პოლიტიკური აქტორი, არამედ ნებისმიერი, ვისაც მოვლენებზე რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია. ამ საქმეში ისინი თითქმის უკვე დაეწივნენ "ნაციონალებს".
"მ.კ": იმასაც ამბობენ, რომ მარგველაშვილის ეს ნაბიჯი მომავალზე გათვლილია და რომ ის შეიძლება, კვლავ დაუბრუნდეს პოლიტიკას...
ზ.ფ: გამორიცხული არაფერია, თუმცა უახლოეს ხანებში ამას არ ველი. ვიმეორებ, გიორგი მარგველაშვილს თვითრეალიზების სხვა, მისთვის ბუნებრივი სივრცე გააჩნია და ამის აუცილებლობა არ აქვს. ის კარგი ფილოსოფოსია, განათლების მენეჯმენტის დიდი გამოცდილება აქვს.