პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმეზე დოკუმენტის იმ ნაწილს ასაჯაროებს, რომელიც შესაძლოა, დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მთავარ დეტალს აღწერდეს. კომისიამ ხმაურიანი დასკვნა წარმოადგინა, რომელმაც შესაძლოა, არასრულწლოვნების დახოცვის საქმეზე ჩატარებული გამოძიება საერთოდ თავდაყირა დააყენოს.
ასევე, კომისიის სხდომაზე ნაჩვენები იქნა ვიდეოჩანაწერი, სადაც 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია ჩანს და მოვლენები ხორავას ქუჩის ჩხუბამდე არის აღწერილი. კადრებში ჩანს, როგორ იკრიბებიან მიხეილ კალანდია და თავისი მეგობრები, ხოლო კალანდია მათ როგორ აჩვენებს ხელნაკეთ იარაღს, რომელსაც, სავარაუდოდ, შემდეგ ჩხუბის დროს დავით სარალიძეს ურტყამს.
ჯერჯერობით უცნობია, საიდან მოიპოვა კომისიამ ეს კადრები, იყო თუ არა ის გამოძიების მასალებში და მოხდა თუ არა ამ ფაქტების უგულებელყოფა.
გასაჯაროებული დოკუმენტის ნაწილში მოწმეთა ჩვენებების მიხედვით დეტალურად არის აღწერილი მიხეილ კალანდიას მოქმედება დავით სარალიძის მკვლელობის დროს და საგანი, რომელსაც ის, სავარაუდოდ, სარალიძეს ურტყამდა.
ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მოწმემ კომისიის წვერებს ის საგანი აღუწერა და დახატა, რომელსაც კალანდია ჩხუბის დროს სარალიძეს ურტყამდა და შემდეგ მაჯაში, ქურთუკის სახელურში მალავდა.
სწორედ მიხეილ კალანდიას დაკავებას ითხოვდა თვეების განმავლობაში გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა. ზაზა სარალიძე ამტკიცებს, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სწორედაც რომ კალანდიაა. სარალიძე ამბობს, რომ მას ხელში, სავარაუდოდ, ე.წ. "შტირი" ანუ ხელნაკეთი ბასრპირიანი იარაღი ეჭირა, რომელსაც მის შვილს ჩხუბის დროს ურტყამდა.
"ჩხუბის დროს, როგორც არასრულწლოვნები გვიყვებიან, დავით სარალიძემ შებოჭვის ილეთით გ.ჯ, რომელსაც სასამართლომ სარალიძის მხოლოდ დაჭრაში ცნო დამნაშავედ, შეაგდო ფარდულში და მოხრილ მდგომარეობაში ჰყვადა მოქცეული, ხელებით იჭერდა. ამ მდგომარეობაში მყოფმა გ.ჯ.-მ დანა ამოიღო და სარალიძეს გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. ამის შემდეგ მას დანა დაუვარდა და, სავარაუდოდ, მას მეტი ჭრილობის მიყენება ვეღარ შეეძლო.
"მოწმეებისა და თვითმხილველების მიხედვით, ფარდულში ასევე მიხეილ კალანდია იმყოფებოდა, რომელმაც ჩხუბის დაწყებისას ჯიბეში ხელი ჩაიყო და ჯიბიდან ამოიღო საგანი, ე.წ. ტარი, რომელსაც დავით სარალიძეს ჩხუბის დროს ურტყამდა, შემდეგ კი ამ საგანს სახელოში მალავდა.
"კომისიას ერთ-ერთმა გამოკითხულმა არასრულწლოვანმა ვიზუალურადაც კი დაგვიხატა ესკიზი, როგორი ნივთი უნდა ჰქონოდა მ.კ.-ს, რომელსაც ის ურტყამდა დავით სარალიძეს და რომელსაც შესაძლებელია, ჰქონოდა ბასრი პირი ან ყოფილიყო მის გარეშე", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ.
კომისიის კიდევ ერთი წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სასამართლოზე საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ სრული სიცრუე თქვა, როდესაც განაცხადა, რომ მიხეილ კალანდია ჩხუბში მუშტით მონაწილეობდა.
კახიძე ამბობს, რომ კომისიაზე დაკითხული ყველა მოწმე აცხადებს, რომ კალანდია ჩხუბში გარკვეულ საგანს იყენებდა და ის გამშველებელი არ ყოფილა, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებდა.
დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ მათ კომისიის მუშაობასა და ამ ახალ გარემოებებზე გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ და ეს მოულოდნელობა არ ყოფილა.
ადვოკატი ამბობს, რომ ისინი ელოდებოდნენ, კომისია მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს კიდევ უფრო გაამყარებდნენ და საზოგადოებას ნათლად წარუდგენდნენ იმ გარემოებებს, რომლებიც პროკურატურის მხრიდან გამოძიების პროცესში დაფარული იყო.
ლონდარიძე ამბობს, რომ კომისიამ სხდომების განმავლობაში საქმეში არსებული არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. მათთვის მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის დაჭრაში ეჭვმიტანილის სტატუსი კიდევ უფრო გამყარდა, როდესაც კომისიის სხდომაზე სკოლის მიმდებარედ გადაღებული ვიდეოკამერების ჩანაწერები აჩვენეს.
ადვოკატი ამბობს, რომ ამ ჩანაწერის მიხედვით კარგად ჩანს, რომ ჩხუბის დროს კალანდია ე.წ. ხელნაკეთი ბასრი იარაღით მიდის, რაც ასევე მოწმეების კომისიაზე მიცემული ჩვენებებით მყარდება.
ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, იდო თუ არა ეს კადრები გამოძიების მასალებში, თუმცა ლონდარიძე აცხადებს, რომ თუ გამოძიებას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, ეს კიდევ ერთ დარღვევასა და საქმის ირგვლივ გამომძიებლების მხრიდან გულგრილობაზე მიუთითებს.
"როდესაც საქმეში ასეთი მტკიცებულება არსებობს, მისი წარმოდგენა სასამართლოზე უნდა მომხდარიყო და ამაზე პროკურორს უნდა ემსჯელა, მაგრამ თქვენც და საზოგადოებამაც უკვე კარგად იცით, რომ დაკითხვის დროს, როდესაც საქმე მიხეილ კალანდიას ეხებოდა, გამომძიებლები მოწმეებს მისი შემხებლობის შესახებ მწვავე კითხვებს არ უსვამდნენ.
"არ ხდებოდა თვითმხილველების ამ მიმართულებით დაკითხვა. ჩხუბში მონაწილე ბავშვებს არავინ ეკითხებოდა, რას აკეთებდა ჩხუბის დროს კალანდია; ჰქონდა თუ არა მას ხელში რაიმე ნივთი და მას სარალიძეს ხომ არ ურტყამდა?
"კომისიის რეკომენდაციები ჯერჯერობით ჩვენც არ მოგვისმენია, თუმცა ამ ვიდეოს გასაჯაროებისას ითქვა, რომ მიხეილ კალანდიას დაკავება უნდა მოხდეს. ასევე, რა თქმა უნდა, იმ პროკურორებისა და გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც, ნებსით თუ უნებლიეთ, საქმეში არსებული ძალიან ბევრი მტკიცებულება დამალეს ან, უბრალოდ, ყუარდღება არ მიაქციეს.
"თუმცა, ფაქტია, რომ კალანდიას ამ საქმეში შემხებლობა უფრო დიდია, ვიდრე ამას საქმის პროკურორი ფხაკაძე სასამართლოზე გვიმტკიცებდა. დაველოდოთ კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებს. იმედი გვაქვს, რომ საქმეში არსებულ ბევრ ფაქტს ნათელი მოეფინება", - აცხადებს ლონდარიძე "მთელ კვირასთან".