ამერიკის შეერთებულ შტატებში აღდგა "ცივი ომის" დროინდელი ქვეყნის საზღვაო ძალების მეორე ფლოტი, რომელიც განახლდა რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხის შეკავებისთვის.
მეორე ფლოტის მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა ენდრიუ "ვუდი" ლიუისმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ისეთი ფლოტის შექმნა, რომელიც "მზად იქნება ბრძოლისათვის. ბრძოლისათვის მომზადებული, რათა არ მოუხდეს ბრძოლა".
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ მეორე ფლოტის აღდგენა მოხდა რუსეთის მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარი საზღვაო ფლოტის პოტენციალის გაზრდის ფონზე.
შეგახსენებთ, რომ მეორე ფლოტი შეიქმნა "ცივი ომის" დასაწყისში და ის უნდა დახმარებოდა ნატო-ს საბჭოთა კავშირისათვის წინააღმდეგობის გაწევაში. შემდეგ, 2011 წელს, როდესაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის დონემ იკლო, ფლოტი გაუქმდა.
"მთელ კვირასთან" საუბრისას ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი რუსეთს, რომელიც გამალებით აახლებს თავის სამხედრო შეიარაღებას.
"მეორე ფლოტის მთავარი ფუნქცია იქნება ის, რაც უკვე გაცხადდა, რადგან ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთმა საკმაოდ გააძლიერა თავისი ფლოტის პოტენციალი, ყოველწლიურად ხდება ახალი შეიარაღებისა და ტექნიკის, ანუ სხვადასხვა ტიპის სამხედრო ხომალდების მიღება. გარდა ამისა, აახლებენ ძველ ხომალდებს, ახდენენ მათ მოდერნიზებას და ა.შ.
"ამერიკის შეერთებულ შტატებს უწევს საპასუხოდ სათანადო ზომების მიღება. ახლა ზუსტად ის გაგრძელდება, რაც ბოლო პერიოდში რუსეთის გაძლიერების პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება - ეს არის ბიუჯეტის ზრდა და ამერიკის არმიის ახალი მიმართულებების გაძლიერება, მათ შორის, კოსმოსის მილიტარიზაციაზე ფიქრი. მთლიანობაში, ეს არის ამერიკის არმიის უფრო მეტად მოდერნიზება რუსეთის საფრთხეების საპასუხოდ", - ამბობს სალუქვაძე.
მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიცვლება ძალთა ბალანსი წყლის აკვატორიაში, ჯერჯერობით რთულია.
"ძალთა ბალანსზე ახლა რთულია საუბარი. ჩვენ უნდა ვნახოთ ფლოტის შემადგენლობა, გარდა ამისა, უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ რა რეაქციები მოჰყვება ამას რუსეთის მხრიდან - ექნება თუ არა რუსეთის ფედერაციას იმის პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარი ძალები.
"მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს არის შეიარაღების გამალებული აღდგენა და "ცივი ომის" თემის გაგრძელება, რაც არის რუსეთ-ამერიკას შორის.
"ეს არ ეხება მხოლოდ საზღვაო სფეროს, ყველა მიმართულებით მიდის ანალოგიური პროცესები - ავიაციაში, ფლოტში და იგივე ეხება სახმელეთო კომპონენტებსაც, უბრალოდ, ამერიკა ახლა სახმელეთო კომპონენტებზე განსაკუთრებულ აქცენტს არ აკეთებს", - აღნიშნა ანალიტიკოსმა სალუქვაძემ.
შავ ზღვაში ნატო-ს ძალების პატრულირების საკითხთან დაკავშირებით ამირან სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მოქმედებები არ დაფიქსირებულა.
"რამე სერიოზულ წინსვლას ამ საკითხში ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ. რუსეთს კი სურს, რომ სხვაგვარად წარმოაჩინოს ყველაფერი, მის ინტერესებშია, ის დომინირებდეს შავ ზღვაზე, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც შავი ზღვის აუზშია, უკვე ნატო-ს წევრი ქვეყნებია, ხოლო ნატო-სთვის მიუღებელია რუსეთის დომინირება ამ რეგიონში.
"თუ ადრე რუსეთსა და თურქეთს ჰქონდა, ფაქტობრივად, შავი ზღვა განაწილებული, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა, მას მაინც ყოველთვის გააჩნდა საკუთარი ინტერესები, დღეს ნატო სერიოზულად აქტიურდება.
"ჯერჯერობით ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პროგრამებისა და განცხადებების დონეზეა გაკეთებული, თუმცა უახლოეს წლებში ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად სხვა სურათს შავ ზღვაში. ის ვითარება, რომელიც გულისხმობს, ფაქტობრივად, რუსეთის ბატონობას შავ ზღვაზე, არის შესაცვლელი და, ალბათ, შეიცვლება კიდეც.
"თუმცა რუსეთის მხრიდან ამას მოჰყვება წინააღმდეგობა და იქნება საუბრები შეთანხმებებზე. თუ რუსეთი მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ მსოფლიოში სხვა რეალობაა, რომელიც იცვლება კიდეც, შავ ზღვასაც უნდა შეეხოს ეს და ის სტატუს-კვო, რაც არის შავ ზღვაზე, უნდა შეიცვალოს რუსეთის შესუსტების მიმართულებით - ის არ უნდა იყოს შავი ზღვის ბატონ-პატრონი, მის გარდა უამრავი ქვეყანაა შავი ზღვის აუზში", - თქვა მან.
როგორც ამირან სალუქვაძემ "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, შავ ზღვასთან დაკავშირებულ პროცესებში საქართველოს ჩართვის საკითხი საკმაოდ ბუნდოვანია, რადგან ქვეყანა არ არის შესაბამისად მომზადებული ამისთვის.
"სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ 10 წელი საერთოდ არ გვაქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში სამხედრო ფლოტის არსებობა.
"ამ ბოლოს საზღვაო ძალების დეპარტამენტიც კი გავაუქმეთ, ანუ აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმდა დეპარტამენტი, რომლის ფუნქცია იყო დაგეგმვა და შესაძლო საბრძოლო მოქმედებების დროს ჩართვა გენერალურ შტაბთან ერთად - ის გაუქმებულია. სამხედრო-საზღვაო სკოლა საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ მოკვდა.
"მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ გავაგებინეთ ჩვენს სამხედრო ხელმძღვანელობას, რომ ფლოტის აღდგენა აუცილებელია. ვერ ხედავენ სხვაობას სანაპირო დაცვასა და საზღვაო ძალებს შორის, ამიტომ ჩვენი წარმომადგენლობა იქნება ძალიან სიმბოლური და პირობითი, მხოლოდ ლოგისტიკური ცენტრებისა და ბაზების შეთავაზებით. ამ ცენტრებსაც შესაბამისი მოწყობა ესაჭიროება.
"მთელო 10-15 წლის განმავლობაში ისე განვავითარეთ და ისე მოვახდინეთ საზღვაო ზოლის პრივატიზება, რომ სამხედრო თვალსაზრისით სანაპირო ზოლის მოსაწყობად ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია და ახლაც არ ვფიქრობთ ამაზე.
"ეს ყველაფერი არის გენერალურ შტაბთან განსახილველი - როგორ ფიქრობენ ისინი და როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს მონაწილეობა იმ პროცესებში, რომლებიც შავ ზღვაში მიმდინარეობს. მათ ქმედებებსა და გეგმებში, პროგრამულ დოკუმენტებში მე ვერ ვხედავ, რომ ეს ყველაფერი სერიოზულადაა გააზრებული", - დასძინა ანალიტიკოსმა.