ამერიკის ღია პირველობის 1/8-ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ მისმა მოწინააღმდეგემ ფანტასტიკურად და აგრესიულად ითამაშა. ნადალმა აღიარა, რომ გარკვეულ მომენტებში, ის ბასილაშვილის ძლიერ დარტყმულს ვერ აკონტროლებდა.
"ვფიქრობ, უკვე მესამე სეტში მქონდა კარგი შანსი, მომეგო თამაში, თუმცა არ გამომივიდა. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ტაიბრეიქში კარგად ვითამაშე, მაგრამ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფანტასტიკურად ითამაშა და დიდი სიმპათიები მას. ძალიან ძლიერად ურტყამს და ხანდახან ისე ჩანდა, რომ თითქოს მის დარტყმულს ვერ ვაკონტროლებდი. დღეს ნიკამ საოცრად ითამაშა. მეოთხე სეტში ვცდილობდი, რომ მეც აგრესიული ვყოფილიყავი", - განაცხადა ნადალმა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში დათმო - 3:6, 3:6, 7:6, 4:6. მატჩმა 3 საათსა და 22 წუთს გასტანა.