უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მზადაა კიევი ლეტალური იარაღით მოამარაგოს.
ამერიკული გამოცემა "გარდიანისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვოლკერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის დღემდე ბევრი უთანხმოება არსებობს უკრაინის აღმოსავლეთით არსებულ ტერიტორიებზე გაეროს სამშვიდობო მისიის განლაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საერთაშორისო საკითხებში პოლიტიკური ექსპერტი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ამერიკა უკრაინას თავდაცვითი ტიპის შეიარაღებით მოამარაგებს, რადგან ქვეყანა ყოველთვის ერიდებოდა თავდასხმითი სახის იარაღის გავრცელებას.
2018 წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ უკრაინას გამოუყო 250 მლნ დოლარი სამხედრო შეიარაღებისთვის.
"რეზონანსთან" საუბრისას კორნელი კაკაჩია აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მსგავსი სახის გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად არასოდეს იღებს და, სავარაუდოდ, უკრაინის მომარაგება შეიარაღებით დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს.
"გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მოტივაცია ზუსტად არ ვიცით, რთული იქნება იმის თქმა, თუ რატომ გადაწყვიტეს უკრაინის იარაღით მომარაგება. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკმაოდ დაძაბულია ურთიერთობა უკრაინასა და რუსეთს შორის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მათ შორის, ზახარჩენკოს აფეთქება და საომარი მოქმედებები გრძელდება და ა. შ. არა მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკამ ახლა მიიღო. შეერთებული შტატები მსგავს გადაწყვეტილებებს წინასწარ, დიდი ხნის განმავლობაში ამზადებენ ხოლმე.
"მაგრამ, ფაქტია, რომ უკრაინას სჭირდება დახმარება, რომლის გაწევასაც ასეთი ტიპის იარაღით მხოლოდ შეერთებული შტატები და კანადა შეძლებენ. ამერიკის მოტივაცია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, იმ სიტუაციიდან, რომელიც შექმნილია დონბასში და ზოგადად ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი, ბუნებრივია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება დახმარება იმისათვის, რომ დააბალანსოს რუსეთის ფედერაციის მიერ დაქირავებული ძალების მოქმედებები", - განაცხადა კაკაჩიამ.
მისივე თქმით, ამერიკელები მოერიდებიან თავდასხმითი ტიპის იარაღის გადაცემას უკრაინელებისთვის, რათა არ მოხდეს რუსეთთან უთანხმოება.
"ზოგადად, ცნობილია, რომ ამერიკელები ერიდებიან თავდასხმითი ტიპის იარაღის გადაცემას როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის, რადგან არ უნდათ, რომ რუსების მხრიდან ამან პროვოკაცია გამოიწვიოს. ამიტომ, ჩემი აზრით, ძირითადად იქნება თავდაცვითი ტიპის იარაღი, მაგალითად "სტინგერები", რომელიც ჩვენც გადმოგვცეს და ა.შ.
"არ არის გამორიცხული, რომ ბოლო დროს უფრო მეტად დაძაბული სიტუაციის ფონზე საომარი მოქმედებები კიდევ უფრო ცხელ ფაზაში შევიდეს უკრაინაში. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის შანსი, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ამ კონფლიქტის ესკალაცია, მითუმეტეს, თუ გადავხედავთ პუტინის განცხადებას, სადაც ის დაემუქრა უკრაინას, რომ ზახარჩენკოს მკვლელები აუცილებლად დაისჯებოდნენ. ამაში კონკრეტულად რა იგულისხმება და რა ტიპის ოპერაცია იქნება ჩატარებული რუსების მიერ, ამ ეტაპზე ნათელი არ არის." - დასძინა ექპერტმა.
კორნელი კაკაჩია თვლის, რომ არა რუსეთის დახმარება, სეპარატისტული რესპუბლიკა ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ეცდება ტერიტორიების განთავისუფლებას, რუსეთთან დაპირისპირება მოუწევს.
"ძალიან ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ გაწეული პირდაპირი სამხედრო დახმარება რომ არ ჰქონოდათ უკრაინელ სეპატარისტებს, ისინი ვერ შეინარჩუნებდნენ ხელისუფლებასა და ტერიტორიებს - ეს საყოველთაოდაა ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ბოლო წლებში საგრძნობლად გაძლიერდნენ, აქვთ ტერიტორიების განთავისუფლებისთვის ბრძოლოს შესაძლებლობა.
"მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ ყველამ ვიცით, რეალურად რუსეთი ამას არ დაუშვებს. ისევე, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის კონფლიქტების შემთხვევაში,მას ეს კონფლიქტი სჭირდება უკრაინაზე გავლენის მოსახდენად, აქედან გამომდინარე, მათ არ აწყობთ, რომ დაუშვან ასეთი სცენარი, თორემ ბუნებრივია, რომ უკრაინის არმიას აქვს გარკვეული შესაძლებლობები ამ მხრივ." - თქვა მან.