ტატა შოშიაშვილი
03.09.2018

თბილისში მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, რამდენიმე მთავარ საავტომობილო გზაზე საცობებია შექმნილი. ქალაქის მასშტაბით გადათხრილი გზების გამო პრობლემური გახდა არა მხოლოდ ავტომობილით გადაადგილება, არამედ ფეხმავლებისთვისაც დიდ დაბრკოლებებთანაა ასოცირებული დედაქალაქში მოძრაობა.

ქალაქში მიმდინარე სამუშაოების მსვლელობასთან დაკავშირებით "რეზონანსს" ინფორმაცია თბილისის მერიამ მიაწოდა.

„ეკო-ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ ქალაქში შექმნილი ვითარება დაკავშირებულია იმ არასწორ პოლიტიკასთან, რომელსაც თბილისის მერია ატარებს გზების რეაბილიტაციისას.

თბილისის მერიის ცნობით კი, მიმდინარეობს ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტიაცია, იცვლება სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი, ბორდიურები, ეწყობა ახალი გარე განათების სისტემა, მოაჯირები და ასფალტის საფარი, რომლის სრული რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

რობაქიძის გამზირის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში. რობაქიძის გამზირზე ლოკალურად უნდა აღადგინონ დაზიანებული მილები, ასევე მოეწყობა ახალი ბორდიურები, საკომუნიკაციო ჭები და ასფალტის ახალი საფარი.

შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია - რეკონსტრუქცია დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში. გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს ტროტუარები. ახლით შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ტროტუარზე მოეწყობა დასასვენებელი სკამები და შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები. მოეწყობა ველო-ბილიკი, გარე განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები დამონტაჟდება. ასევე მოხდება წყლისა ქსელების შეცვლა.

რაც შეეხება კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციას, ლოკაციის რემონტი დასრულდება სამუშაოები სექტემბერში. კოსტავას ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ასფალტის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს ტროტუარები ახალი ბორდიურებით. ახლით შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ტროტუარზე მოეწყობა დასასვენებელი სკამები და შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები. მოეწყობა ველო-ბილიკი, გარე განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე,ევროპული ტიპის განათებები დამონტაჟდება.

მარჯვენა სანაპიროს (ვახუშტის ხიდიდან ვეფხი და მოყმის ძეგლამდე) კაპიტალური რეაბილიტაცია 14 აგვისტოს დაიწყო და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ (31 აგვისტო) ვადაზე ადრე, 26 აგვისტოს დასრულდა. სამუშაოების პირველ ეტაპზე დასრულდა გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ვახუშტის ხიდიდან ვეფხისა და მოყმის ძეგლამდე. მოხდა დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი და მოეწყო ახალი ასფალტის საფარი 2.3 კილომეტრიან მონაკვეთზე, საერთო ჯამში 24 150 მ2 ფართზე.

"რეზონანსთან" საუბრისას ვასო ურუშაძემ აღნიშნა, რომ გზების რეაბილიტაცია უნდა მიმდინარეობდეს მთელი წლის განმავლობაში, რადგან შეუძლებელია რამდენიმე თვეში ამ საკითხის მოგვარება.

"ზოგადად ის, რაც დღეს ქალაქში ხდება, განპირობებულია თბილისის მერიის არასწორი პოლიტიკითა და არასწორი მიდგომით. რატომღაც წლებია არსებობს დამოკიდებულება, რომ გზების სარეაბილიტაციო სამუშაო უნდა ტარდებოდეს წლის გარკვეულ მონაკვეთში, როგორც წესი, საჭირო დროდ შერჩეულია ივლის-აგვისტოს თვე, როდესაც, გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ქალაქი ნაკლებადაა დატვირთული.

"ეს მიდგომა მცდარია. ზოგადად, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისას აუცილებელია, რომ ეს პროცესი მთელ წელიწადზე თანაბრად იყოს გადანაწილებული ანუ წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ ტარდებოდეს სარემონტო სამუშაოები.

"მთავარია, პროცესი გადანაწილდეს ისე, რომ არ შექმნას გარკვეული შეფერხებები მოძრაობის თვალსაზრისით. არ შეიძლება, რომ ერთი კონკრეტული უბანი ავიღოთ და პარალელურ ქუჩებთან ერთად, ერთდროულად გადავთხაროთ, დავიწყოთ სარემონტო სამუშაოები და მოძრაობის პარალიზება მოვახდინოთ.

"აუცილებელია, რომ გამოვიყენოთ ის აპრობირებული მეთოდები, რომელიც განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული - ეს არის ჭადრაკული პრინციპი, როდესაც სხვადასხვა უბანში ხდება მოკლე მონაკვეთების რეაბილიტაცია, მაგალითად პატარა მონაკვეთი რემონტდება საბურთალოს რაიონში, ისანში, სამგორში და ა.შ. შემდეგ, ჭადრაკული პრინციპით, მთელი წლის განმავლობაში უნდა იცვლებოდეს ქუჩები."-ამბობს ურუშაძე.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ ტაქტიკა უნდა შეცვალოს, რომლის მიხედვითაც უფრო კარგი შედეგის მომტანი იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოები და ნაკლებ შეფერხებას გამოიწვევს.

"არ შეიძლება, რომ მთელი წლის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობდეს, პრობლემები გროვდებოდეს, საგზაო ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოდიოდეს და შემდეგ ერთბაშად აგვისტოს თვეში ყველგან, მასობრივად, ვიწყებდეთ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც, რა თქმა უნდა, ვადებში ვერ ესწება ხოლმე და შემდეგ ვიღებთ საგზაო მოძრაობის კოლაფსსა და პარალიზებულმოძრაობას. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თბილისის მერიაში ძალიან არაკომპეტენტურად და დილეტანტურად უდგებიან ამ საკითხს.

"დედაქალაქის მთავრობას არ გააჩნია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც იქნება დაფუძნებული გაანგარიშებებზე, გათვლებზე და შესაბამის სტრატეგიაზე, რომლის დროსაც ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების, ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

"ერთ-ერთ ფაქტორად მომავალი არჩევნებიც შეგვიძლია ჩავთავალოთ. ჩვენ გვაქვს იმის გამოცდილება, რომ ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ყველა მთავრობა წინასაარჩევნოდ აქტიურდება და ცდილობს ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოების დაწყებას. მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი ეს არ არის.

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ რატომღაც ვიღაცას თბილისის მერიაში წარმოუდგენია, რომ მთელი წლის განმავლობაში შეიძლება, რომ არაფერი არ აკეთონ და შემდეგ აგვისტოს თვეში მოუნდეთ და ერთბაშად მთელი თბილისის მასშტაბით დაიწყონ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

"აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ როდესაც წლის დასაწყისში ხდება მთელი წლის დაგეგმვა, არასწრად იგეგმება სარემონტო სამუშაოები და ვიღებთ იმ შედეგებს, რა შედეგებიც დღეს გვაქვს." - დასძინა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×