მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებამ კორპორაციულ კლიენტებს შეღავათები მოუსპო
ნათია ლომიძე
04.09.2018

 კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია თავისი ჩარევით მობილურ ზარებსა და ინტერნეტს აძვირებს. სექტემბრიდან ცვლილება შეეხება ყველა კორპორაციულ კლიენტს, ვინც უმეტესწილად სხვადასხვა პაკეტითა და შეღავათით სარგებლობდა. მობილურმა ოპერატორებმა ტარიფების გაზრდა უკვე დაიწყეს. მარეგულირებელმა პირდაპირი როლი ითამაშა გაძვირებაში.

როგორც აღმოჩნდა, კახა ბექაურის უწყებამ რამდენიმეთვიანი შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ "ჯეოსელი", "მაგთი" და "ბილაინი" აბონენტებისთვის სხვადასხვა ტარიფის შეთავაზებისას სუბსიდირებას ახდენენ. ამიტომ სექტემბრიდან სატარიფო შეთავაზებები საგრძნობლად შეიცვლება და მობილური ტელეფონით საუბარი და ინტერნეტი ძალიან ბევრ აბონენტს გაუძვირდება.

კომისიამ ტარიფების შესაცვლელად სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მიმართა და "გამოსწორება" დაავალა, რათა ბაზარზე "უსამართლო ტარიფით" არ ხდებოდეს პაკეტების შეთავაზება სხვადასხვა კორპორაციული ჯგუფისთვის. მარეგულირებლის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულების შემდეგ ზოგიერთ მომსახურებაზე "მაგთის", "ჯეოსელსა" და "ბილაინს" ტარიფების გაზრდა მოუწევთ. კომპანიებს ვადა სექტემბრამდე ჰქონდათ. ასე რომ, გაძვირების ტალღა უკვე დაიწყება.

"ჯეოსელმა" უკვე დაადასტურა ზოგიერთ მომსახურებაზე ტარიფების გაზრდა, "მაგთისა" და "ბილაინში" კი არ ამბობენ, რომელი პაკეტების გაძვირება მოუწევთ. "ჯეოსელის" პრესსამსახურის წერილში აღნიშნულია, რომ ტარიფები კორპორაციული ნომრებისთვის გაზარდეს, თუმცა ცვლილება არ შეეხება სახელმწიფო უწყებებს. კორპორაციული კლიენტებისთვის ინტერნეტის მინიმალური პაკეტი 500 მგბ-დან (2ლ) 1500 მგბ-მდე (5ლ) იზრდება, რიგ შემთხვევაში კი ინტერნეტპაკეტების ღირებულება თითქმის 2-ჯერ ძვირდება.

ახალგაზდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს იმ კუთხით, რომ კორპორაციული აბონენტების გადასახადების საცალო აბონენტების ხარჯზე სუბსიდირებას ხელს უშლის. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მან აღნიშნა, რომ პრაქტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში კომპანიები არ ცვლიდნენ, არასწორი იყო და ამით საცალო აბონენტები ზარალდებოდნენ.

"როგორც კომისიის განცხადებიდან ჩანს, კორპორაციულ კლიენტებზეა საუბარი, რომლებიც გაცილებით უფრო დაბალი ტარიფებით სარგებლობენ, ვიდრე საცალო აბონენტები. ფაქტია, ეს პრაქტიკა იყო არასწორი და ამ მიმართულებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა. ჯერ კიდევ სანამ კახა ბექაური გახდებოდა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, ჩვენს ორგანიზაციას არაერთხელ განუცხადებია ამის შესახებ, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

მას შემდეგ, რაც გამოცხადდა კორპორაციული კლიენტებისთვის განაცხადი შესყიდვასთან დაკავშირებით კომპანიების მხრიდან, მაშინვე იყო საუბარი, რომ ძალიან დიდი იყო სხვაობა კორპორაციული კლიენტებისა და საცალო აბონენტებისთვის დაწესებულ ტარიფებს შორის. ამ შემთხვევაში იყო ორი საკითხი, ან ძალიან მაღალ ფასს იხდიდნენ საცალო აბონენტები ან ხდებოდა სუბსიდირება კორპორაციული კლიენტებისა საცალო აბონენტების მხრიდან, რაზეც არანაირ განაცხადი არ იყო კომპანიების მხრიდან და წლების განმავლობაში გრძელდება ეს პრაქტიკა.

ინტერნეტთან დაკავშირებითაც იყო განცხადება და ითქვა, რომ იმდენად იაფი ღირდა, სავარაუდოდ, მათი სუბსიდირება საცალო აბონენტების მეშვეობით ხდებოდა და უნდა გაეზარდათ ტარიფები.

ახლა, როგორც ჩანს, მარეგულირებელმა კომისიამ საუბრის ღირებულების შესწავლა დაიწყო და აქაც საკმაოდ დიდი სხვაობაა საცალო და კორპორაციულ აბონენტებს შორის. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში კორპორაციული კლიენტებისთვის წუთობრივი ღირებულების ტარიფი გაიზრდება, რაც, ჩემი აზრით, სწორია. დაახლოებით მაინც უნდა გათანაბრდეს ამ აბონენტების წუთობრივი გადასახადი, რადგან დაჩაგრულები არიან რიგითი აბონენტები, ხოლო სახელმწიფო და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები ისარგებლებენ პრივილეგიებით", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კაპანაძემ.

საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთის მოსაზრებას იზიარებენ სპეციალისტებიც. პიარტექნოლოგი ელდარ პირმისაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანიების მიდგომა სხვადასხვა კატეგორიის აბონენტებთან მიმართებით არასწორია, რადგან რიგითი მომხმარებლები კორპორაციული აბონენტების ფონზე იჩაგრებიან. საქართველოს სოციალური ფონიდან გამომდინარე კი, ეს ორმაგად შესამჩნევია.

"კორპორაციული კლიენტები ძალიან დაბალი ტარიფით სარგებლობდნენ ყოველთვის, ფაქტობრივად, არარეალური ტარიფითაც კი. კომუნიკაციის ბაზარზე მომხდარმა ცვლილებამ განაპირობა ის, რომ დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღმოაჩინა რამდენიმე ფაქტი სუბსიდირებასთან დაკავშირებით. კორპორაციული მომხმარებლები უფრო მეტად შეღავათიანი მომსახურებით სარგებლობდნენ, ვიდრე რიგითი აბონენტები, რაც საკმაოდ მკაცრი მიდგომით შეიცვალა.

რაც შეეხება ინდივიდუალურ აბონენტებს, ისინი ფასის მიმართ არიან სენსიტიურები და ტარიფის ყოველი ზრდა მათში საკმაოდ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს. ზოგადად, ეკონომიკური ფონი არ არის სახარბიელო საქართველოში, დამოკიდებულება კი მობილურების მიმართ ძალიან მაღალია. ცოტა მეტი ინფორმაცია და მნიშვნელობის მინიჭებაა საჭირო საზოგადოებისთვის, რათა მათაც იგრძნონ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" პირმისაშვილმა.

"ბილაინში" ამბობენ, რომ მხედველობაში მიიღებენ მარეგულირებლის რეკომენდაციას, "მაგთიკომში" კი ამბობენ, რომ კომუნიკაციების კომისიის გაფრთხილებას გაითვალისწინებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×