ეროვნული ვალუტა სექტემბერს ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეხვდა. როგორც წესი, ლარის კურსისათვის ყველაზე კრიზისული პერიოდი შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი იყო, წელს კი გაუფასურება ზაფხულის ბოლოდან დაიწყო. მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა, ხელისუფლება კი დუმს. პერსპექტივაც არასახარბიელოა, რადგან მოახლოებული არჩევნები და შემდეგ უკვე ზამთარი კურსზე უარყოფითად იმოქმედებს.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში ეროვნული ვალუტა გამყარდა, ხოლო აპრილში 2.38-2.40-ის ფარგლებში მერყეობდა, ზაფხულში ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო და 2.48-ის ნიშნულს მიაღწია. უარესი მოვლენები განვითარდა აგვისტოში. დღესდღეობით გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.57-ია და ეს მაშინ, როცა დოლარი სუსტდება, ხოლო საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინება იზრდება.
ეკონომისტი ნიკა შენგელია "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას დაუფარავად ამბობს, რომ 12 სექტემბრის შემდეგ ლარი კვლავ დაიწყებს გაუფასურებას, რაზეც გავლენას როგორც რეგიონის ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, ასევე საქართველოში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებიც მოახდენს. გასათვალისწინებელია ნავთობის ფასიც, რომელიც 10 სექტემბრის შემდეგ აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ლარის კურსზე.
"ჩვენი პროგნოზით, 10-12 სექტემბრამდე ლარი დოლარის მიმართ იქნება უცვლელი ან შეიძლება ცოტათი გამყარდეს კიდეც, თუმცა სადღაც 12 სექტემბრის შემდეგ ველოდებით დოლარის მორიგ გაძვირებას, რაც ლარის გაუფასურების დასაწყისი იქნება. მანამდე ლარი, შესაძლოა, გამყარდეს - დოლარის, მაგრამ გაუფასურდება ევროს მიმართ, შემდეგ კი დოლარის მიმართ დაიწყებს გაუფასურებას.
რაც შეეხება რეგიონს, მაგალითად, რუსული რუბლი დოლარის მიმართ აუცილებლად დეკემბრის ბოლომდე შეინარჩუნებს აღმავალ ტრენდს. მოსალოდნელია, ასევე, თურქული ლირის დევალვაცია. ის, რაც მოხდა რამდენიმე კვირის წინ - გაუფასურდა მეზობელი ქვეყნის ვალუტა და ლარიც აჰყვა ფეხის ხმას, ასე სწრაფად ნამდვილად არ უნდა მომხდარიყო.
ჩვენ აუცილებლად თვალყური უნდა ვადევნოთ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასს. არის პროგნოზი, რომ 10 სექტემბრიდან ნავთობის ფასი დაიწყებს ვარდნას, მაგრამ ეს ხელს შეუწყობს დოლარის გამყარებას, რაც, დიდი ალბათობით, ლარის კურსის გაუფასურებას გამოიწვევს.
რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ამ დროისთვის არჩევნებია და ბრუნვაში იქნება გარკვეული თანხა, რომელიც მოსახლეობაში გავრცელდება სხვადასხვა სახით (კოორდინატორები, საარჩევნოდ დაქირავებული ადამიანები, მოხელეების პრემიები და ა.შ.). მათ უმრავლესობას სესხები აქვთ დოლარის სახით და ეს თანხა ისევ უცხოური ვალუტის შეძენას მოხმარდება.
გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ თურქეთიდან შემცირდა ტრანზაქციები, ჩვენი მიგრანტები ვეღარ რიცხავენ იმ რაოდენობის ვალუტას, რასაც წინა პერიოდში ახერხებდნენ. იგივე ხდება რუსეთთან დაკავშირებითაც. სწორედ ეს ფაქტორები უფრო მოახდენს გავლენას ლარის კურსის ფორმირებაზე, ვიდრე, მაგალითად, ბიუჯეტის შესრულება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შენგელიამ.
საპრეზიდენტო არჩევნები ლარის კურსის გაუფასურების განმაპირობებელ მიზეზად არ მიაჩნია პროფესორ ვახტანგ ჭარაიას. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება ყველა პარტიისთვის პრიორიტეტი, რადგან დღევანდელ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ეს არ არის გადამწყვეტი პოზიცია, მნიშვნელოვანი ყველა პარტიისთვის და ამაში ფულს არ დახარჯავენ. ჭარაიას თქმით, თეორიის დონეზე უნდა დავუშვათ ის ფაქტიც, რომ რადგან არჩევნებია, ამით შეიძლება ისარგებლონ გარკვეულმა ჯგუფებმა და სპეკულაციური მოლოდინი შექმნან.
"წინა საპრეზიდენტო არჩევნებს თუ გადავხედავთ, ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა, თუ მეტი არა. ახლანდელს რაც შეეხება, დიდი აქტიურობა არ ჩანს. ჯერ იმ მხრივ, რომ ეს არ არის გადამწყვეტი პოზიცია, სადაც ყოფნა მნიშვნელოვანია ყველა პარტიისთვის და ამაში ფულს არ დახარჯავენ. თანაც ხელისუფლება პასიურია, ხოლო ოპოზიციის რესურსი ამ არჩევნებზე საკმაოდ მწირია.
ამ მიზეზის გამო დიდი თანხის ხარჯვას არ ველოდები, რაც ლარზე გავლენას ვერ მოახდენს. ჯერჯერობით გამოყოფილია 40 მლნ ლარი, ამას დაემატება სხვადასხვა პარტიის მიერ დახარჯული თანხა, რაც, ჯამში, არ იქნება ისეთი მოცულობა, რამაც შეიძლება გრძელვადიანად რამე პრობლემები შეუქმნას ლარს.
მეორე მხრივ, წინ რომ არჩევნებია, ამით შეიძლება ისარგებლონ გარკვეულმა ჯგუფებმა და სპეკულაციური მოლოდინი შექმნან. წინა არჩევნების მსგავსად, ძალიან დიდი მოცულობით ლარის ბრუნვაში გამოტანამ შეიძლება მასზე გავლენა მოახდინოს. თუკი შეიქმნება ასეთი მოლოდინი, სპეკულაციური მოქმედებებისთვის ხელსაყრელი გარემო უცებ ჩამოყალიბდება. მიუხედავად ამისა, სექტემბერ-ოქტომბერში კურსის დიდ ცვლილებას არ ველოდები", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჭარაიამ.