ხათუნა ლაგაზიძეს მიაჩნია, რომ მეორე ტურის ალბათობა მაღალია
ელზა პაპოშვილი
04.09.2018

 პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემოსა და პრეზიდენტობის კანდიდატების შანსს აფასებს. მისი აზრით, იმ ფაქტმა, რომ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში არ მონაწილეობს, გარკვეული პოლიტიკური გარემო შექმნა, რომელიც მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს. მას ჰქონდა შანსი, რომ ერთხელ მაინც სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიეღო და საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამაერთიანებელი მთავარი რგოლი ყოფილიყო, თუმცა, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, კომფორტულად ყოფნა ამჯობინა და პროცესებს განერიდა.

ლაგაზიძე აცხადებს, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება და ხელისუფლებას ამ არჩევნების მოგება ყველაზე მეტად გაუჭირდება.

"რეზონანსი": როგორ შეაფასებთ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს?

ხათუნა ლაგაზიძე: გიორგი მარგველაშვილი რომ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა, მე ეს ერთი წლის წინაც ვიცოდი და ჩემთვის ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ამის პროგნოზი რთული არ იყო.

ის არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი კომფორტი ყველაფერზე წინ დააყენა. მას ჰქონდა საშუალება, ყველა სხვა პრეზიდენტისგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მეტი გაეკეთებინა. ის უნდა ყოფილიყო ან ივანიშვილისკენ ან ხალხისკენ. ბოლოს აღმოჩნდა, რომ არავისკენ არ იყო.

მარგველაშვილი მთელი თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მხოლოდ საკუთარი თავისკენ იყო. მან ისიც კი არ გააკეთა, რომ ოპოზიცია და საზოგადოება 6 ან 9 თვით ადრე მაინც გაეფრთხილებინა, რომ ხელმეორედ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობდა. მას შეეძლო, ამ არჩევნებში მთელი ოპოზიციის გამაერთიანებელი რგოლი ყოფდილიყო.

მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია მის გადაწყვეტილებას ელოდებოდა, მან კი ისიც კი არ მოისურვა, რომ საზოგადოება და ოპოზიცია უფრო ადრე გაეფრთხილებინა. არ მგონია, ასე განზრახ მოიქცა, უბრალოდ, ის არ არის ლიდერი პოლიტიკოსი.

აყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოებას მისთვის ხმა არ მიუცია და მისი სახელითა და გვარით ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. მას კი ახლა ჰქონდა შანსი, რომ ქვეყნისთვის რაიმე სასარგებლო გაეკეთებინა.

"რ": მარგველაშვილის უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, ფიქრობთ, რომ "ქართულ ოცნებას" წაადგება?

ხ.ლ: რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ მარგველაშვილი არჩევნებში არ მონაწილეობს, "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. მას, როგორც უკვე აღვნიშნე, წინასწარ რომ გაეფრთხილებინა საზოგადოება და ოპოზიციური ფლანგი, მმართველი გუნდის საქმე უფრო რთულად იქნებოდა. ყველა კუთხეში პრეზიდენტობის კანდიდატს აღარ შეხვდებოდით. ვნახეთ, რომ დავით უსუფაშვილმა მას ოპოზიციის გაერთიანებისკენ მოუწოდა, თუმცა მარგველაშვილმა არ ისურვა.

არ მგონია, რომ "ოცნებაც" მას ელოდებოდა. სადაც მე მივხვდი, რომ ის მეორედ კენჭს აღარ იყრიდა, ივანიშვილი ხომ უფრო კარგად იცნობს მას და ზუსტად იცოდა, რომ პრეზიდენტობას აღარ მოისურვებდა. თუმცა ოპოზიციის უფრო ადრე გაფრთხილება ქვყანას წაადგებოდა და სიტუაცია სრულიად სხვანაირი იქნებოდა.

"რ": რას იტყვით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე, ამ არჩევნებში საკუთარი პარტიიდან კანდიდატი არ დაესახელებინათ და ახლა რა სიტუაციაში არიან ისინი?

ხ.ლ: დავიწყოთ იქიდან, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და ე.წ. არასახელისუფლო დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენა მმართველმა გუნდა დასავლეთის თვალის ასახვევად გადაწყვიტა. ეგონათ, რომ ისინი ამ ფანდს "ჭამდნენ". თუმცა როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე დასავლეთშიც ყველამ კარგად იცის, რომ იგი "ოცნების" სხვა წევრებზე მეტად პარტიული აქტივისტი და მხადამჭერია.

ზურაბიშვილის კანდიდატურის შერჩევა კიდევ იმიტომაც გადაწყდა, რომ პარტიაში შიდა ჯგუფებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა და რომელიმე ჯგუფის კანდიდატი არ გასულიყო და დაპირისპირება უფრო არ გამწვავებულიყო. გარდა ამისა, იგი პრეზიდენტობის კანდიდატად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ივანიშვილისთვის იდეალურია.

საქმე ისაა, რომ ზურაბიშვილი კონფრონტაციული ხასიათისა და თვისებების გამო ვერასდროს გახდება გამაერთიანებელი პრეზიდენტი. მის გარშემო ოპოზიცია გაერთიანებას ვერასდროს შეძლებს. ასევე, "ოცნებას" ყოველთვის ექნება რესურსი, რათა ის ჩუმად ჰყავდეს. პრეზიდენტობის შემთხვევაში იგი ყოველ კვირა ახალ-ახალი განცხადებებით მედიისთვის საინტერესო სკანდალებს ამოაგდებს და მთელი ყურადღება მისკენ იქნება მიმართული. მოკლედ, ყველა კუთხით ზურაბიშვილი მმართველი გუნდისთვის მისაღები ფიგურაა.

თუმცა ხელისუფლებას ამ წლების განმავლობაში არჩევნების მოგება ყველაზე მეტად გაუჭირდება და მისი გაყალბების კუთხით ნამდვილად დიდი სამუშაო ექნება.

"რ": ამ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კონკურენტად ვის აღიქვამთ და როგორ ფიქრრობთ, მეორე ტური იქნება?

ხ.ლ: ჩემი აზრით, ამ არჩევნებში მეორე ტურის ალბათობა მაღალია. ზურაბიშვილთან ერთად, სავარაუდოდ, მეორე ტურში ან დავით ბაქრაძე ან გიორგი ვაშაძე გავა. თუმცა ამ სამეულისთვის მაინც ყველაზე დიდი საფრთხე დავით უსუფაშვილია, თუკი ის ხელისუფლების მხარდაჭერით ისარგებლებდა. ამ შემთხვევაში მისი "ნაციონალურ მოძრაობასაც" შეეშინდება. იგი სახელმწიფოებრივად ყველაზე გაწონასწორებული და მოაზროვნე ადამიანია, რომელსაც პოლიტიკაში ახალგაზრდების შემოყვანის შიში არა აქვს.

მისი ფიგურა დასავლეთისთვისაც მისაღებია. უსუფაშვილი "ოცნებისთვის" არახელსაყრელია, რადგან საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანია, ვისი გაკონტროლებაც ნაკლებად იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა მას ამ არჩევნებში დიდი ფული და ადამიანური რესურსი დასჭირდება, რათა ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის გადაბირება შეძლოს.

"რ": რა შემთხვევაში შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში გაიმარჯვოს?

ხ.ლ: სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ თამაშში ისევ მიხეილ სააკაშვილი ჩაერთვება. მაშინ უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რომ იგი უკვე თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოდის. ჩემი აზრით, სააკაშვილიც კარგად აცნობიერებს, რომ მმართველი გუნდი მისივე დახმარებით არჩევნებში იმარჯვებს ხოლმე.

ამიტომ მან ეს პოლიტიკა თუ კვლავ გააგრძელა, მაშინ სხვა რამესთან გვექნება საქმე. ისე კი მგონია, რომ ზურაბიშვილი პირველსავე ტურში ვერ გაიმარჯვებს.

დააკვირდით, ზურაბიშვილი გააჩუმეს. მიხვდნენ, რომ ლაპარაკით იმ მცირე რეიტინგსაც კი კარგავს, რომელიც აქამდე მაინც ჰქონდა. მიხვდნენ, რომ სჯობს, გაჩუმდეს და არჩევნებამდე პირაკრული მივიდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×