საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ჩიხშია შესული. სადღეისოდ ჩამოყალიბებული სურათიდან, ანუ კანდიდატებიდან, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, არავინ ჩანს, მმართველ გუნდს "ნაცმოძრაობის" კანდიდატის გამარჯვება თავიდან ააცილოს - ასე ფიქრობს ექსპერტთა გარკვეული ნაწილი.
მათი თქმით, "ოცნებას" რჩება ერთი გზა - ან დაასახელოს თავისი კანდიდატი, როგორც კულუარებში ამბობენ, ზურაბ აბაშიძე, ან დაუბრუნდეს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის გეგმას.
დარჩენილ დღეებში რა შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკურ ბაზარზე და რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს "ოცნებამ", ამის თაობაზე "რეზონანსი" პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს ესაუბრა.
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით, გამორიცხული არ არის, რომ "ოცნებამ" 8 სექტემბრამდე გარკვეული ინტრიგა შემოინახოს და საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენოს.
"მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი მოიაზრება დამოუკიდებელ კანდიდატად, ყველას ახსოვს, როგორ დაუჭირა მხარი "ოცნებამ" მას საპარლამენტო არჩევნებში.
"ისიც ყველამ იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს კონსულტაციები ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობასთან, თუმცა მისმა განცხადებებმა გარკვეული უხერხულობა შეუქმნა მმართველ გუნდს.
"ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ 8 სექტემბრამდე "ოცნებამ" რაღაც ინტრიგა შემოინახოს და 8 სექტემბერს თავისი კანდიდატი დააყენოს, ერთ-ერთი ვერსიით, იგი შეიძლება ზურაბ აბაშიძეც იყოს.
"ჩემი აზრით, ზურაბ აბაშიძე გაცილებით უკეთესი კანდიდატია, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი, თუმცა ბატონი ზურაბის გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა "ოცნების" შეთავაზებას.
"თუ "ოცნება" ზურაბ აბაშიძის კანდიდატურას დააყენებს, იგი "ნაცმოძრაობის" მთავარი კონკურენტი იქნება და ვფიქრობ, რომ საარჩევნო გარემოც უფრო კონკურენტული გახდება", - განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.
"ოცნების" მიერ ზურაბ აბაშიძის კანდიდატურის დასახელებას არ გამორიცხავს პოლიტოლოგი იგორ კვესელავაც, თუმცა ფიქრობს, რომ ვადის ამოწურვამდე სხვა კანდიდატებიც შეიძლება გამოჩნდნენ.
"ვერ ვიტყვი, რომ "ოცნება" კანდიდატთან დაკავშირებით ჩიხშია შესული, ეს უფრო ბუნდოვანი სიტუაციაა. ჩიხიდან გამოსვლა მართლაც ძნელი იქნებოდა, ბუნდოვანი მდგომარეობიდან გამოსვლა კი "ოცნებას" არ გაუჭირდება.
"რაც შეეხება კულუარულ ინფორმაციას სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, რომ ზურაბ აბაშიძის კანდიდატურაზე შეჩერდნენ, თუმცა 8 სექტემბრამდე კიდევ არის დრო და შეიძლება სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ.
"სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის შესაძლო მხარდაჭერის სცენარმა, ვფიქრობ, არ იმუშავა, რადგან როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოების გარკვეულ წრეებში ამ მოსაზრებას წინააღმდეგობა შეხვდა და თავად გუნდშიც არ იყო ერთსულოვნება, უყოყმანოდ დაეჭირათ მხარი სალომე ზურაბიშვილისთვის", - განაცხადა იგორ კვესელავამ.
არჩილ გამზარდია: "ოცნება" საკმაოდ უპასუხისმგებლოდ იქცევა, გაუგებარია მათი მიდგომა და ლოგიკა ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ისინი ამ არჩევნებს უყურებენ, რამდენად პოლიტიკურად მომგებიანი იქნება მათთვის და გადაწყვეტილებასაც ამ ორიენტირებით იღებენ, რომ ერთი პარტია არ ფარავდეს ყველა ინსტიტუტს და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს, პრეზიდენტის სავარძელს, უთმობენ ოპოზიციას. ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა.
სავარაუდოდ, ისინი თვალყურს ადევნებენ პროცესს და თუ გამოჩნდა საპირწონე, იქით გადაიხრებიან და ამის მიხედვითაა მათი განცხადებებიც. პარტია ვალდებულია, თავისი კანდიდატი ჰყავდეს და თუ თავი ძალად მიაჩნია, იგი თავისი სივრციდან წამოაყენოს.
"ოცნებას" საიმიჯო ჩიხი კი აქვს, მაგრამ რესურსების ჩიხი - არა და საკუთარი კანდიდატის წამოყენების შემთხვევაში მას გამარჯვების შანსი აქვს. ჩემი აზრით, პოლიტიკურ სპეკულაციებზე არჩევნების აგება არა მხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ ოპოზიციის მხრიდან უფრო დაამძიმებს საარჩევნო გარემოს", - განაცხადა "რეზონანსთან" არჩილ გამზარდიამ.
კორნელი კაკაჩია კი არ ფიქრობს, რომ "ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გეგმა შეცვალოს.
"პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, თუ მორალური და ადამიანური კატეგორიებიდან ამოვლენ, ყველა შემთხვევაში უნდა დაუჭირონ მხარი, მან უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რაც იოლი საქმე არ იყო.
"არა მგონია, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით "ოცნებამ" გეგმა შეცვალოს, თუ რაიმე შეცდომას კიდევ არ დაუშვებს. მისი მხარდაჭერა შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან და მთავარია, რას იტყვის ივანიშვილი", - განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.