კერძო სადაზღვევო კომპანიები მთავრობას მოქალაქეების მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების ინიციატივას სთავაზობენ. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ ღონისძიებებს, რაც გარკვეული კატეგორიის მოსახლეობისთვის იაფი წამლებით უზრუნველყოფას მოიცავს, თუმცა ეს არაა საკმარისი.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებით, მედიკამენტებზე დანახარჯის მნიშვნელოვანი წილი წამლის არარაციონალური მოხმარებით არის გამოწვეული. შესაბამისად, წამლებზე გადახდის რადიკალურად შემცირება შესაძლებელია.
კერძო სადაზღვევო მექანიზმების ამოქმედების შემთხვევაში, მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯის ორჯერ შემცირებაა შესაძლებელი. ეს იმ შემთხვევაში, თუ გადახდის დაფინანსება ინსტიტუციურ სქემაში გადაინაცვლებს.
„მედიკამენტებზე დანახარჯის მნიშვნელოვანი წილი წამლის არარაციონალური მოხმარებით არის გამოწვეული. ამის მიზეზი ნაწილობრივ თვითმკურნალობაა, თუმცა მთავარი მიზეზი ანგარებიანი ან არამიზნობრივი დანიშნულებებია, რომელიც ჯიბიდან გადახდის პირობებში უკონტროლო გაიცემა. დაფინანსების ინსტიტუციური სქემები იძლევა საშუალებას, გაკონტროლდეს ექიმის დანიშნულება, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს გაიდლაინი და არ დაინიშნოს უსარგებლო ან ზოგ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის მავნე ან უსარგებლო მედიკამენტი.
კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის სტატისტიკით, წამალზე დანახარჯი ერთ დაზღვეულზე წელიწადში, საშუალოდ, 60-70 ლარს არ აღემატება, რაც ეროვნულ დანახარჯზე სამჯერ ნაკლებია. ეს შედეგია უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ კონტროლდება დანიშნულებების შესაბამისობა გაიდლაინებთან, ინერგება ხარჯთეფექტური სქემები. მაშინ, როდესაც საერთო ეროვნული მაჩვენებლით ერთ ადამიანზე წამლის ხარჯი – 240 ლარზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული ადამიანი არა მხოლოდ ნაკლებს ხარჯავს, არამედ მედიკამენტებს გაცილებით უფრო სწორად და ეფექტურად მოიხმარს“, – აღნიშნავენ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციაში.
პირველ ეტაპზე, კერძო სადაზღვევო ინდუსტრია მზადაა, შესთავაზოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველა ბენეფიციარს შემავსებელი/დაშენებული პროდუქტები, რომელიც დააფინანსებს მედიკამენტებს, რაც არ იფარება საყოველთაო პროგრამით; გარდა ამისა, დააფინანსოს ამბულატორიული მომსახურება სრულყოფილად, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევები (საყოველთაოთი იფარება მხოლოდ საბაზისო ამბულატორია და შეზღუდული დიაგნოსტიკა); დააფინანსოს ჰოსპიტალური მომსახურება სრულად – შეუვსოს დანაკლისი ბენეფიციარს (საყოველთაო პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს ჰოსპიტალურ მომსახურებას); დააფინანსოს სტომატოლოგია (რაც საერთოდ არ იფარება საყოველთაო პროგრამით).
დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ზღუდავს ე.წ. დაშენებული პროდუქტების მიწოდებას მოსახლეობის 40 პროცენტისათვის, რაც სადაზღვევო სექტორის ცნობით, 1,5 მილიონი ადამიანია. შესაბამისად, ამ ადამიანებს არ აქვს საშუალება, შეიმსუბუქონ ჯანდაცვაზე დანახარჯი კერძო დაზღვევის დახმარებით.
საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, კერძო სადაზღვევო მექანიზმების ამოქმედების შემთხვევაში, ჯიბიდან გადახდა მედიკამენტებზე მკვეთრად დაიკლებს, რადგანაც კომპანიების ექსპერტების მხრიდან გაკონტროლდება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიზნობრიობა და რაციონალურობა.
,,მთავრობის ბოლოდროინდელ ინიციატივებს, რომელიც მედიკამენტების მოხმარების ეფექტურობის გაზრდისა და ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ფასის დაწევისკენაა მიმართული, მივესალმებით, თუმცა ვთვლით, რომ ეს არაა საკმარისი. პრობლემა გაცილებით დიდია და მოსახლეობის ყველა ფენას მოიცავს, შესაბამისად, საკითხი სტრატეგიულ გადაწყვეტას მოითხოვს", - განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ზღუდავს ე.წ. დაშენებული პროდუქტების მიწოდებას მოსახლეობის 40%-სთვის.
,,პირველ ეტაპზე, მთავრობის მიერ ხსენებული შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში სადაზღვევო ინდუსტრია მზადაა შესთავაზოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველა ბენეფიციარს შემავსებელი/დაშენებული პროდუქტები, რომელიც დააფინასებს მედიკამენტებს, რაც არ იფარება საყოველთაო პროგრამით. გარდა ამისა, დაფინანსების ინსტიტუციური სქემები იძლევა საშუალებას, გაკონტროლდეს ექიმის დანიშნულება“, – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
კერძო სადაზღვევო კომპანიების ინიციატივას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა. მან მზადყოფნას გამოთქვა, რომ აღნიშნულ საკითხი სადაზღვევო კომპანიებთან სამუშაო რეჟიმში განიხილონ.
,,სახელმწიფო მკაფიოდ აცნობიერებს, რომ კერძო სადაზღვევო ინდუსტრია ჯანდაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილია და მათ მდგრადობაზე სისტემის მდგრადობაა დამოკიდებული. ვაცნობიერებდით რა, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური ნაბიჯი გადავდგით, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ სადაზღვევო ინდუსტრია დღეს არსებობს და ვითარდება. ის, რასაც სადაზღვევო ასოციაცია გვთავაზობს, ზედნაშენ პაკეტებს, ჩვენ ამის ლეგალური საშუალება მივეცით საქართველოს მოსახლეობის 2 მილიონ 300 ათას ადამიანზე 2016 წლის მაისში. სადაზღვევო ინდუსტრიას მოვუწოდებ, ეს ყველაფერი ერთად, სამუშაო რეჟიმში გაიარონ”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
კერძო სადაზღვევო სექტორი მინისტრის პოზიციას დადებითად ეხმიანება. ასოციაციაში აცხადებენ რომ მზად არიან კვლავ ჩაერთონ სამუშაო პროცესში, თუმცა განმარტავენ რომ მოსახლეობის ის ნაწილი რომელსაც საყოველთაო პროგრამის მიხედვით ზედნაშენი პროდუქტის შეძენის უფლება აქვს მიზნობრივი ჯგუფებია - პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს კი კერძო პროდუქტების შეძენის საშუალება ფინანსურად არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ შემავსებელი პროდუქტები სრულ დაზღვევასთან მიმართებაში ძალიან იაფია. სადაზღვევო ასოციაციის ინიციატივა ზედნაშენი პროდუქტების შეძენის უფლებას მოსახლეობის იმ ნაწილისთვის გულისხმობს ვისი შემოსავალიც არც ისე მაღალი, თვეში 1000 ლარამდეა – ამ ჯგუფს კი თითქმის მილიონი ადამიანი მიეკუთვნება.