ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებულია.
იოჰანეს ჰანის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ევროპულ სკოლასთან გამართულ აქციაზე IBSU-ს სტუდენტებს მოუსმინა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის საკითხი მთავრობასთან განსახილველია.
„დიახ, მე მათ მოვუსმინე. სრულად ინფორმირებული ვარ სიტუაციის შესახებ. ეს არის მთავრობასთან განსახილველი საკითხი", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, „ახალ სკოლასთან", სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ევროპული სკოლის გახნას ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრსი მამუკა ბახტაძე ესწრებოდნენ, აქციას გამართეს.
„გადაარჩინეთ IBSU", „ჩვენ გვჭირდება განათლება" - ამ ლოზუნგებით აქცია საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. სტუდენტები მათი პრობლემის გაცნობას ევროკომისარ იოჰანეს ჰანისთვის ცდილობდნენ.
სტუდენტების განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელიც უნივერსიტეტის მიმართ იქნა მიღებული, უსაფუძვლოა და დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს.
„ვითხოვთ, საბჭომ გააუქმოს 20 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს აეკრძალა ერთი წლით სტუდენტების მიღება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერც შემდეგ წელს მოვახერხებთ სტუდენტების მიღებას",- განაცხადა უნივერსიტეტის სტუდენტმა ანი ჭედიამ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს" შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული ქონების გამო, ერთი წლის ვადით სტუდენტების მიღება აუკრძალა.