წითელ ხიდზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა, რომელიც საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით იყო გაჩერებული, დაგორდა და სამხედრო პირს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრაობდა და მას საქართველოს მოქალაქე მართავდა. თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლს ხელის მუხრუჭის ამოწევა დაავიწყდა და სატრანსპორტო საშუალება დაღმართზე ამის გამო დაგორდა.
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, „წითელ ხიდზე“, დაგორებული სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი აზერბაიჯანელი მესაზღვრეა. "მარშალპრესის" ცნობით, აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.