გვანცა წულაია
04.09.2018

 პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადასტურა და ვერ გამოიკვლია, რომ საგანს, რომელიც მ.კ.-მ გამოიყენა, მჭრელი პირი ჰქონდა, - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ მ.კ-ს მიმართ, რომელიც ტრაგედიის მომენტში არასრულწლოვანი იყო, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

„30 ივლისს, რეკომენდაციის გაცემის დროს, ჩვენ გვქონდა 6 მოწმის ჩვენება, მ.კ.-ს ძმის ჩვენება და თავად მ.კ.-ს ჩვენებები. ეს იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა, რომ მაშინ როდესაც დავით სარალიძეს ფარდულში აყენებდნენ ჭრილობებს, ამ ყველაფერს ხედავდა მ.კ. ამ დროს ხელით ეჭირა და მუშტებს ურტყავდა ლავიწის არეში მსხვერპლს. ეს არის უკვე საკმარისი იმისთვის, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

„ეს მოქმედება პროკურორმა ფხაკაძემ შეაფასა როგორც გაშველება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პროკურატურა მ.კ.-სთვის ხელის დაფარებას ცდილობს. დავას არ იწვევს, რომ მ.კ. იჭერდა და ურტყამდა დავით სარალიძეს. მ.კ.-მ აჩვენა საგანი 51-ე სკოლის წინ შეკრებილ თავის მეგობრებს. ეს ჩვენებებითაც დასტურდება და ვიდეოჩანაწერითაც. ჩხუბის დროს მისი გამოყენება დასტურდება მოწმის ჩვენებით და აქ ფიგურირებს სწორედ მჭრელი პირი. ამას ამბობს დამატებითი მოწმე, რომელიც ამბობს, რომ მ.კ-მ უთხრა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. ასევე დასტურდება, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დროს ჯიბეში ჩაიყო ხელი. თქვენ თუ არ გჯერათ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობის, ეს თქვენი პრობლემაა", - მიმართა კახიძემ უმრავლესობის წევრებს.

კომისიის წევრები „ქართული ოცნებიდან" ამ რეკომენდაციას არ იზიარებენ. კომისიის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ამ რეკომენდაციით კომისია აშკარად ცდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებს.

„მ.კ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე კომისიის რეკომენდაციას მხარს არ ვუჭერ. ამ რეკომენდაციით, აშკარად ცდება კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეს არის ერთ-ერთი მაგალითი უფლებამოსულების გადამეტების. ამიტომ მიჩნდება კითხვა, რატომ აკეთებთ ამას? იმიტომ ალბათ, რომ ეს არის პოლიტიკური ფორმულირება, რომ რაღაც სკანდალური დაიწეროს ამ დასკვნაში. მაგალითად ის, რომ აღმოაჩინე, რომ არსებობს კიდევ ვიღაც ადამიანი, ახალგაზრდა კაცი რომელსაც მკვლელობა აქვს ჩადენილი და ვინმე ხელს აფარებს.

„მგონია, ჩვენი რეკომენდაცია ასე უნდა იყოს ფორმულირებული, მე დავუჭერდი ასეთ რეკომენდაციასმ მხარს, რომ იგივე მ.კ.-ს ნაწილში, ყველა ის გარემოება, რაც არის შეკრებილი გამოძიების ნაწილში, შეფასდეს ერთიანად ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით, როგორც ამას კანონი ამბობს, შეფასება გააკეთოს საგამოძიებო ორგანომ და სასამართლომ, სადაც ეს საქმე არსებითად იხილება, ეს იქნოებოდა სწორი ფორმულირება",- განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×