ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას ასრულებს. თუმცა პირველივე რეკომენდაციაზე გამოჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, რამაც კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. „ევროპულმა საქართველომ" გამოძიებას მისცა რეკომენდაცია, რომ მ.კ. ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე დააკავონ, რასაც მმართველი გუნდის წევრები კატეგორიულად არ ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ კომისიის პრეროგატივა მსგავსი რეკომენდაციების გაცემა არ არის და ეს სასამართლოს მიერ უნდა იყოს გადაწყვეტილი.
კომისიამ ხმაურიანი დასკვნა წარმოადგინა, რომელმაც შესაძლოა არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ჩატარებული გამოძიება საერთოდ თავდაყირა დააყენოს.
ასევე კომისიის სხდომაზე ნაჩვენები იქნა ვიდეოჩანაწერი, სადაც 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია ჩანს და მოვლენები ხორავას ქუჩის ჩხუბამდე არის აღწერილი. კადრებში ჩანს, როგორ იკრიბებიან მ.კ. და მისი მეგობრები, მ.კ. მათ როგორ აჩვენებს ხელნაკეთ იარაღს, რომელსაც სავარაუდოდ, შემდეგ ჩხუბის დროს დავით სარალიძეს ურტყამს.
გასაჯაროებული დოკუმენტის ნაწილში მოწმეთა ჩვენებების მიხედვით დეტალურად არის აღწერილი მ.კ.-ს მოქმედება დავით სარალიძის მკვლელობის დროს და საგანი, რომელსაც ის სავარაუდოდ, სარალიძეს ურტყამდა. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მოწმემ, კომისიის წვერებს ის საგანი აღუწერა და დახატა, რომელსაც მ.კ. ჩხუბის დროს სარალიძეს ურტყამდა და შემდეგ, მაჯაში ქურთუკის სახელურში მალავდა.
კომისიის წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სასამართლოზე საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ სრული სიცრუე თქვა, როდესაც განაცხადა, რომ მიხეილ მ.კ. ჩხუბში მუშტით მონაწილეობდა. კახიძე ამბობს, რომ კომისიაზე დაკითხული ყველა მოწმე აცხადებს, რომ მ.კ. ჩხუბში გარკვეულ საგანს იყენებდა და ის გამშველებელი არ ყოფილა, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებდა.
დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მათ კომისიის მუშაობაზე და ამ ახალ გარემოებებზე გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ და ეს მოულედნელობა არ ყოფილა. ადვოკატი ამბობს, რომ ისინი ელოდებოდნენ, კომისია მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს კიდევ უფრო გაამყარებდნენ და საზოგადოებას ნათალად წარუდგენდნენ იმ გარემოებებს, რომელიც პროკურატურის მხრიდან გამოძიების პროცესში დაფარული იყო. ლონდარიძე ამბობს, რომ კომისიამ მთელი სხდომების განმავლობაში არსებული არა ერთი დარღვევა აღმოაჩინა. მათთვის მ.კ.-ს დავით სარალიძის დაჭრაში ეჭვმიტანილის სტატუსი კიდევ უფრო გამყარდა, როდესაც კომისიის სხდომაზე სკოლის მიმდებარედ გადაღებული ვიდეოკამერების ჩანაწერები აჩვენეს.
თუმცა „ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ კომისიამ ვერ აღმოაჩინა კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც აჩვენებდა, რომ სარალიძის მკვლელზე ან მკვლელებზე ხელის დაფარება მოხდა, რამაც გამოძიების მიმართულება რადიკალურად შეცვალა. მმართველი გუნდის წევრები არ იზიარებენ „ევროპული საქართველოს" მოსაზრებას, რომ მ.კ. არის პირი, რომელმაც სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო. ასევე მმართველი გუნდის აზრით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ რომელიმე მაღალჩინოსნის პასუხსიმგებლობის საკითხი დადგეს.
თუმცა „ევროპული საქართველოს" წევრები ამბობენ, რომ მათ დასკვნაში მოხვდებიან როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები.
„ევროპული საქართველოს" და საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრი ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ მთელი გამოძიება იმაზე მუშაობს, ამ საქმეში ერთი კონკრეტული ადამიანის ბრალის დაფარვა მოხდეს. არ ყოფილიყო მ.კ. პროკურორ სუბელიანის ახლო ნათესავი, რა თქმა უნდა, მას ასე არ დაიცავდნენ.
„პირველ დეკემბერს მოწმეების დაკითხვა ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, შემდეგ ვხედავთ, რომ ქალაქის ყოფილ პროკურორთან მიხეილ შაყულაშვილთან მირზა სუბელიანი მიდის და შვილი დაკითხვაზე მიჰყვას, ორი კვირის განმავლობაში თვითმხილველების დაკითხვა ჩერდება, რატომ? რომ არა სუბელიანის პირადი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნებოდა.
"თუ ისინი ჩვენს რეკომედაციებს დაეთანხმებიან, ძალიან კარგი იქნება. არ ვიცი მმართველი გუნდი რა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუმცა ამ მომენტისთვის მხოლოდ ჩვენი რეკომენდაციებია წარდგენილი და ეს არის 31 რეკომენდაცია, რომელსაც ცალ-ცალკე განვიხილავთ. თუ მოხდება შეთანხმება კონკრეტულ რეკომენდაციაზე, ჩვენ მზად ვართ დავთანხმდეთ. თუმცა ჩვენ პრინციპულად არ შევცვლით იმ რეკომენდაციებს, რაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან მყარად ჩამოგვიყალიბდა. პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ჩვენ დავასახელებთ ყველა მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების სახელებს და გვარებს. ვნახოთ ყველა რეკომენდაციაზე მსჯელობა მიდის და გამოჩნდება რას იტყვის მმართველი გუნდის წევრები",-აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის და მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ კომისიის დასკვნა რეალობას აცდა და პოლიტიკური დოკუმენტის სახე მიიღო. ამიტომ მათ დასკვნის პროექტის საკუთარი რეკომენდაციები მოამზადეს. დეპუტატი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა გამოძიებაში არსებული ყველა მტკიცებულებების მიხედვით, საკუთარი დასკვნა დადო. ბესელია ამბობს, რომ კომისიას ეს დასკვნა მას შემდეგ წარედგინება, რაც „ევროპული საქართველოს" რეკომენდაციების განხილვა მოხდება.
„მათი დასკვნა სუფთა პოლიტიკური სახის არის. მაგალითად გახარიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ დადასტურება არ შეუძლიათ რატომ. მათი აზრით, წულუკიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რადაგანაც მან შოთაძე დაიცვა, ეს ცოტა არასერიოზულია. არ მგონია, რომ დაზარალებულებს პოლიტიკური ხასიათის დასკვნა სურდეთ, რომელიც არანაირი მტკიცებულებებით გაამყარებული არ არის.
„ვეროპულ საქართველოს" ამ კომისიაში ხმების უმრავლესობა აქვს, რადგანაც გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომ ჩვენ არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გვქონდა. მათ ვერ აღმოაჩინეს პირი, რომელმაც საქმეში დამნაშავეს ხელი დააფარა და გააყალბა. არსებობს გარემოებები და ფაქტები, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ მ.კ.-ს განზრახ მკვლელობა წარედგინოს. მთელ ოჯახს ბრალი აქვს წაყენებული.
"ნებისმიერ იურისტს შევაფასებინოთ, რომ ყველა გვეტყვის მსგავსი რეკომენდაციის დადება არ შეიძლება. ამ ქვეყანაში კონსტიტუცია არსებობს, იქ წერია მართლმსაჯულება სასამართლოს მიერ ხდება, მ.კ.-მ განზრახ ჩაიდინა, მოიგერია თუ რა ქნა ეს სასამართლომ უნდა გარკვიოს", - აცხადებს ბესელია.