გვანცა წულაია
04.09.2018

 „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვებში ედავება.

როგორც IDFI-ის კვლევაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეონიძის ქუჩის N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ადაპტაცია-ცვლილებისა და საპროექტო სამუშაოს შესყიდვა შეიცავს რისკებს, რომლებიც აღნიშნულ შესყიდვას საეჭვოს ხდის. კერძოდ, მათივე თქმით, საქმე ეხება 737 000 ლარს, რომელიც 2017 წელს საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყო.

მათ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ შესასყიდ სამუშაოზე ელექტრონული ტენდერი არ გამოცხადდა, დადებული ხელშეკრულება არაა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში, ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც დაარსდა ხელშეკრულების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, კომპანიის მფლობელსა და შემსყიდველი უწყების მინისტრის მოადგილეს შორის არის ნათესაური კავშირი, კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია სხვა სახელმწიფო შესყიდვაში.

„ჩამოთვლილი გარემოებები ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირმა/პირებმა გამოიყენეს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსება, რათა სახელმწიფო შესყიდვების კანონის გვერდის ავლით, პირდაპირი წესით გაეფორმებინათ კონტრაქტი მინისტრის მოადგილის ძმის მიერ ხელშეკრულების დადებამდე ერთი დღით ადრე შექმნილ კომპანიასთან. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ გამოვლენილი საეჭვო გარემოებებით უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება.

„ჩვენ მიერ გამოვლენილი ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის გავრცელება მთავრობის სარეზერვო ფონდებით გაწეულ ხარჯებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესების გამჭვირვალობა, კონკურენტული გარემო და საეჭვო გარიგებების პრევენცია", - აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომში IDFI-ის ბრალდებებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ მინისტრის მოადგილეს მოცემულ კომპანიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ომპანიის შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი გახლდათ არა თავად კომპანია, როგორც იურიდიული სუბიექტი, არამედ მასში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც უნდა ჰქონდათ ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის პროექტების განხორციელების მდიდარი გამოცდილება. მოცემულ შემთხვევაში შპს „ლენდ მარკ პროჯექტის" ძირითადი სპეციალისტების სამუშაო გამოცდილება და სტაჟი სრულად აკმაყოფილებდა შემსყიდველის მოთხოვნებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად სამინისტროს სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე, რომელსაც არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს მოცემულ კომპანიასთან. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, აღნიშნულ შესყიდვაში მონაწილე არცერთ პირს მათი საქმიანობისას არ წარმოქმნია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი" - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×