საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის პროფკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეხვედრა პირველი არხიდან 70-მდე თანამშრომლისთვის ხელშეკრულების პირობების შეცვლას ეხებოდა:
„შევხვდით და ეს საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ბოლოს ტელეკამერების წყურვილმა ისე გადასძლიეს, რომ სპექტაკლი მოაწყვეს. შეიძლება, ქცევის ნორმებისა და ზრდილობის საკითხებიც დადგეს, მაგრამ კოკიდან ის გადმოედინება, რაც მასში ასხია.
ზედმეტი ხმაურით, პრესკონფერენციებით ასეთი საკითხები არ წყდება, მით უმეტეს, ამის უკან შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული პირადი ინტერესები. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. ის დრო, როცა ამ ტელევიზიაში ხელფასს ტყუილად იღებდნენ, ხმამაღალი სიტყვის გამო, აღარ იქნება. ამის გამო განაწყენებულ ადამიანებს განსაკუთრებულ ფერებას ვერ დავუწყებთ.
პირდაპირ მინდა ვთქვა – ფერებას ვერ დავუწყებთ, თავის პირად პრობლემებს ვერ მოაგვარებენ შანტაჟით. ეს შანტაჟი არავის გაუვა. ძალიან კარგად იციან, რომ პრობლემებიც ეხება ადამიანების ბედს და ადამიანების ბედით სპეკულირება არ არის კარგი საქციელი. რასაკვირველია, თუ მათ კონსტრუქციული დიალოგი უნდათ, შეხვედრები ჩვეულებრივად გაგრძელდება. ეს არანაირი პრობლემა არ არის“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.