
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აპრილში, პროექტის მიმდინარეობისას პირველად, სერგეენკოს უწყებამ მკურნალობისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტის დიდი რაოდენობა ჩამოწერა.
ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო, მოხმარებიდან ჯანდაცვის უწყებამ 6 ათასი კოლოფი ჰარვონი ამოიღო.
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი გამოუსადეგარი პაციენტების სიმცირის გამო გახდა.
სუს-მა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ვადაგასული ძვირადღირებული მედიკამენტების საცავში დაგროვების ფაქტის შესწავლა დაიწყო. უწყება იძიებს მედიკამენტების განაწილების დროს კორუფციის შესაძლო ნიშნებს, მათ შორის, ხდებოდა თუ არა ძვირადღირებული მედიკამენტების ქვეყნიდან არალეგალური გატანა და გაყიდვა.
"კურიერის" ცნობით, ჰარვონის ერთი კოლოფის საბაზრო ფასი 25 ათასი დოლარიდან იწყება. პრეპარატს საქართველოს მწარმოებელი კომპანია საჩუქრად უგზავნის, ამიტომ ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს მედიკამენტები უფასოდ გადაეცემათ. კლინიკიდან კი მედიკამენტების გაცემა ვიდეომეთვალყურეობით ხდება.