ელზა პაპოშვილი
04.09.2018

 ბათუმში, საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის ოჯახთან ერთად ნაქირავებელ სახლში ცხოვრობდა. მრავლობითი მოტეხილობებით და სხეულის დაზიანებით ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„რეზონანსს" საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა ცირა აბულაძემ განუცხადა, რომ მისი მკურნალი ექიმის ინფორმაციით, დაზარალებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აბულაძის თქმით, გოგონა 17 წლის ირანელია, რომელიც საავადმყოფოში ოჯახმა შეიყვანა.

„გოგონა მართვით სუნთქვის აპარატზე აღარ იმყოფება, თუმცა ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ გოგონა არის კონტაქტური და დღის განმავლობაში მის მდგომარეობას ექიმები რამდენჯერმე ამოწმებენ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შიდა ორგანოები დაზიანებული არა აქვს, თუმცა მას აქვს მოტეხილობები, რის გამოც ექიმები დღის განმავლობაში ოპერაციას ჩაუტარებენ.

"როგორც მისი მკურნალი ექიმიდან გვაქვს ინფორმაცია, გოგონა საავადმყოფოში ოჯახმა მოიყვანა. მათ განაცხადეს, რომ ის ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა. ჩვენთვის უცნობია, რეალურად რა მოხდა. ვიცით რომ არის ირანის მოქალაქე და 17 წლისაა. მას საავადმყოფოში მშობლები ახლავს. სხვა დამატებით ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია",-აცხადებს „რეზონანსთან" ცირა აბულაძე.

„რეზონანსთან" ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ გოგონა დაბლა დავარდნილი ნახეს და მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მათი ინფორმაციით, გოგონა ოჯახთან ერთად ბათუმში დასასვენებლად იმყოფება და ისინი ნაქირავებელ ბინაში ცხოვრობდნენ.

მათთვისაც უცნობია, რა მოხდა რეალურად, რადგანაც ოჯახთან ადგილობრივებს კონტაქტი არა აქვთ და მათ სულ რამდენიმე დღეა რაც კორპუსში ხედავენ. იყო ეს თვითმკვლელობის მცდელობა, უბედური შემთხვევა თუ გოგონა ვინმემ განზრახ გადმოაგდო, უცნობია.

„არ ვიცით, ვინ არიან. როგორც ამბობენ, ირანელები უნდა იყვნენ. გარეთ მხოლოდ მამაკაცი გამოდიოდა და პროდუქტებს ყიდულობდა. ქალები სახედაფარული დადიოდნენ და არც არავისთან კონტაქტობდნენ. კაცი ინგლისურად საუბრობს. სულ რამდენიმე დღეა რაც ამ კორპუსში გამოჩდნენ.

"ვიღაც მეზობელი ყვიროდა, მგონი ზემოდან გოგო გადმოვარდაო. მივედით და უკვე მშობლები ედგნენ თავზე. მაშინვე დავეხმარეთ და სასწრაფო დახმარება გამოვიძაღეთ. უგონო მდგომარეობაში იყო. არავინ იცის, გადმოვარდა, თავად გადმოხტა თუ გადმოაგდეს. მერე პოლიციაც მოვიდა და გამოკითხვა დაგვიწყეს. კიდევ კარგი რომ გადარჩა. საწყალი გოგო, სულ დამტვრეული იყო", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან".

„რეზონანსს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაადგენს რა მოხდა სინამდვილეში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×