მიმტანების, ბარმენების, "მარშრუტკის" მძღოლების დღიური შემოსავალი 50-70%-ით შემცირდა
თეო გუდავაძე
05.09.2018

 ბოლო პერიოდში კაფე-ბარებში მომუშავე ადამიანები საუბრობენ ახალ პრობლემაზე, რომელიც ბარათით გადახდამ გამოიწვია. მსგავს ადგილებზე მომსახურე ადამიანების ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ე.წ. "ჩაის თანხა", რომელსაც უტოვებდნენ სტუმრები, მაგრამ რაც ბარათით გადახდა პოპულარული გახდა, ვითარება მკვეთრად შეიცვალა. თუკი მიმტანს დღეში რჩებოდა 100 ლარიც კი, ახლა 70%-ით შემცირდა ეს მაჩვენებელი. მსგავსი პრობლემა აქვთ ასევე სამარშრუტო ტაქსის მძღოლებსაც, რომლებისთვისაც დიდი დისკომფორტია ბარათით გადახდა, ეს მათთვის ფინანსური ზარალის ტოლფასია.

აყველასათვის ცნობილია, რომ ბარში მომუშავეებსა და მიმტანებს არ აქვთ კარგი ანაზღაურება, თუმცა მომსახურებისთვის ყოველთვის იღებდნენ დანამატს სტუმრებისგან, რაც თვის ბოლოს პერსონალზე იყოფოდა და ხელფასთან ერთად ჯამში ნორმალურ თანხას შეადგენდა.

სესო მიქაბერიძე "ჩაის სახლში" მუშაობდა სამი წლის განმავლობაში და ადასტურებს, რომ ბოლო წელია, განსაკუთრებით აქტუალური გახდა პრობლემა, რომელიც ბარათით გადახდას უკავშირდება:

"ყველასთვის ცნობილია, რომ მიმტანებს არ აქვთ მაღალი ხელფასი - დღეში 10 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს, რაც მართლაც ძალიან ცოტაა, იმ დამღლელ სამუშაოს თუ გავითვალისწინებთ, რასაც ეს საქმიანობა მოითხოვს. მთელი დღის განმავლობაში ფეხზე ხარ, ემსახურები ხალხს ღიმილიანი სახით და შეცდომა არ უნდა დაუშვა.

დღეში 200 ადამიანი მაინც შემოდიოდა ჩვენთან, თუ მეტი არა, სულ გადატვრთულია ეს ადგილი და თითო მაგიდიდან თუნდაც 1 ლარიც რომ დატოვოს ვინმემ, დღის ბოლოს ეს უკვე მნიშვნელოვანი თანხაა. თუმცა, ბოლო დროს "ქეშად" იშვიათად იხდიან და ჩემი თანამშრომლების უმრავლესობამ ამაზე წუწუნს უმატა. მე პირადად იმიტომ მივატოვე მუშაობა, რომ ჩემი თვიური ხელფასი ნამდვილად არ მაკმაყოფილებდა. "ჩაის" თანხა რომ ძველებურად მრჩებოდეს, მაშინ კარგი იქნებოდა.

აყველა დაწესებულებას თავისი პრინციპი აქვს. ზოგი დღის ბოლოს იყოფს დამატებით დარჩენილ თანხას, ზოგიც კი - თვის ბოლოს. მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც ბარათით იხდიან. მათთვის ასე უფრო კომფორტულია და მეც ასე ვიქცევი, უბრალოდ, თანამედროვეობამ ჩვენი სექტორი დააზარალა.

იმავე დღეში არიან "მარშრუტკის" მძღოლებიც, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ, რომ 80% ბარათით იხდის და ეს მათ ინტერესებში საერთოდ არ შედის. მოკლედ, ყველაფერს ორი მხარე აქვს. მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანები არ მიესალმებიან საბანკო ბარათებით გადახდას, მაგრამ მე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და მოქალაქე, კომფორტულად მივიჩნევ ამ ყველაფერს და "მარშრუტკაშიც" სულ ბარათით ვიხდი", - აღნიშნა "რეზონანსთან" სესო მიქაბერიძემ.

თბილისში იგივე პრობლემა ძალიან გამაღიზიანებელია სამარშრუტო ტაქსის მძღოლებისთვის, რომლებიც მუდმივად ბრაზობენ, როდესაც მგზავრები ბარათით გადახდას დააპირებენ. ასეთ დროს მძღოლს აღარ რჩება იმ რაოდენობის თანხა, რაც დღიურ შენატანს სჭირდება, ბარათით ჩარიცხული თანხიდან კი მას საერთოდ არაფერი ერგება.

ნუგზარ შოშიტაშვილი 6 ნომერი სამარშრუტო ტაქსის მძღოლია. რაც მგზავრებისათვის მოსახერხებლია, მისი კოლეგებისა და მისთვის მოუხერხებელი და ზარალის მომტანია:

"უკვე 100-დან 80 მგზავრი ბარათით იხდის. რა თქმა უნდა, ეს არც ერთ მძღოლს არ მოეწონება, რადგან როდესაც მგზავრი თანხას შენ გიხდის, შენვე აკონტროლებ შემოსავალს და როდესაც ბარათით იხდიან, ის თანხა მთლიანად კომპანიას რჩება. მესმის, რომ ეს კანონიერია, მაგრამ ასეთ გაჭირვებაში, როგორიც დღესაა, ყველა იმაზე ფიქრობს, მეტი ფული როგორ იშოვოს და არა იმაზე, რა არის კანონიერი და რა - არა.

ხალხი, რაც მისთვის კომფორტულია, იმას აკეთებს, მაგრამ ისეთი ანაზღაურება უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ჩვენც მოგვწონდეს ეს კანონები და არ ვეწინააღმდეგებოდეთ იმის გამო, რომ 5-10 ლარით მეტი ვიშოვოთ. ჩვენთვისაც მოსახერხებელია, როდესაც ყოველ 3 წუთში ხურდის დაბრუნება არ მიწევს, მაგრამ რა ვქნათ, რომ ხარჯს ვეღარ ავუდივართ? თუ იქნება ცოტა მაღალი ხელფასი, აღარ ვიწუწუნებთ იმაზე, რომ მგზავრების უმეტესობა იხდის ბარათით", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნუგზარ შოშიტაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×