"რამდენად შეძლებენ ჩვენთან თავის დაცვას და გაყალბებული კუპიურების ამოცნობას, როცა თავად რუსეთშიც ვერ გაურჩევიათ?"
მარი ჩიტაია
05.09.2018

 რუსეთში ყალბი 5000 რუბლის კუპიურების მასობრივი გავრცელება დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, მოსალოდნელია, რომ ყალბმა ფულმა საქართველოშიც უპრობლემოდ შემოაღწიოს. განსაკუთრებით დაზარალდებიან რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც შემოსავალს რუბლებში იღებენ. არსებობს რისკიც, რომ ყალბი ფული საფინანსო ინსტიტუტების საშუალებითაც მოხვდეს, ეს არ იქნება მასობრივი პროცესი.

უკვე დადასტურდა, რომ რუსეთში ყალბი 5000 რუბლის კუპიურების მასობრივი გავრცელება დაიწყო. ამის გამო ბანკებმა შესაძლოა, უკვე დაკარგეს მილიონობით რუბლი. ჯერჯერობით ზარალის ოდენობა დაუდგენელია. ბანკომატების მფლობელები და მწარმოებლები უკვე გააფრთხილეს, რომ ძველი ტიპის მოწყობილობებს არ შეუძლიათ, გაარჩიონ ყალბი კუპიურები ნამდვილისაგან.

გამოცემა "ვედომოსტის" ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა, თუმცა მისი მასშტაბების დადგენა ვერ ხერხდება. საუბარია, რომ ყოველმა ბანკმა შეიძლება, მილიონობით რუბლი იზარალოს. პირველ რიგში, მათ სასწრაფოდ მოუწევთ ძველი ტიპის ბანკომატების შეცვლა, რომლებიც ასეულობითაა.

გამორიცხული არ არის, ყალბი 5000-რუბლიანები მეზობელ ქვეყნებშიც და მათ შორის საქართველოშიც გავრცელდეს. საფრთხე იმ ქვეყნებში გაცილებით მეტია, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო სავაჭრო და ტურისტული კავშირი აქვთ, მათ რიგებში კი საქართველოც შედის.

საქართველოს ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ რისკი თითქმის არ არსებობს, რადგან ბანკები ამ მხრივ მაღალ დონეზეა დაცული და მათი გავლით ფულის შემოსვლა შეუძლებელია. საბანკო სფეროს სპეციალისტები კი შიშობენ, რომ გაყალბებული ვალუტა საქართველოშიც თავისუფლად შემოაღწევს. ამისთვის, როგორც ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, 2 გზა არსებობს: ემიგრანტები, რომლებიც საქართველოში ფულად რესურსს აგზავნიან და ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ამ გზავნილებს უწევენ მომსახურებას.

"რომელიმე ქვეყანაში ყალბი ვალუტის მასობრივი გავრცელება ყოველთვის ქმნის საშიშროებას მეორე ქვეყნისთვისაც, რომელიც მასთან ვაჭრობს. იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთში ცხოვრობს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და შემოსავლებს იღებს რუსულ რუბლში, პირველ რიგში, სწორედ მათ ექმნებათ პრობლემა. გარდა ამისა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდანაც შეიძლება მოხდეს ყალბი ფულის შემოსვლა, არც ამისგან ვართ დაზღვეული. რამდენად შეძლებენ ეს სტრუქტურები თავის დაცვას, რომ გაყალბებული ვალუტა ამოიცნონ, როცა თავად რუსეთშიც ვერ გაურჩევიათ?

მეზობელ ქვეყანაში ფულის გაყალბების ფაქტები ახალი არ არის, ადრეც ხშირად ხდებოდა, ამაში ჩრდილოკავკასიურ ქვეყნებს, განსაკუთრებით ჩეჩნებს, მიუძღოდათ დიდი წვლილი. ცხადია, ეს ფული რუსეთში უცხოეთიდანაც შემოდიოდა. როგორც ჩანს, ტენდენცია გრძელდება დღესაც.

დამცავი მექანიზმი ორია: რუსული ვალუტა ისედაც უფასურდება და მას ხელი არ უნდა ახლოს საქართველოს მოქალაქემ საქართველოში. გარდა ამისა, ბაზრის დაცვა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საფინანსო ინსტიტუტებზე, რომლებიც ცვლიან ამ ფულს უცხოურ ვალუტაში. გაყალბებული ფულის აღმოჩენა ყოველთვის შესაძლებელია ტექნოლოგიების წყალობით, რასაც რუსეთიც კარგად იცნობს. არ მგონია, ეს იყოს იმ დონის გაყალბება, რომ მისი აღმოჩენა შეუძლებელი გახდეს", - ამბობს "რეზონანსთან" თოქმაზიშვილი.

ყალბი ფულის გავრცელების რისკს ხედავს პროფესორი გოჩა თუთბერიძეც, რომლის განცხადებითაც, სავსებით შესაძლებელია, ამ პროცესში მაღალჩინოსნების ხელი ერიოს, რაც რუსეთისთვის პირველი შემთხვევა არ არის.

"რაც უფრო მაღალია კუპიურა, მით მეტია გაყალბების რისკი, თუმცა დაცვის საშუალებებიც არსებობს. როგორც წესი, მაღალი დონის გაყალბებას კრიმინალები ვერ ახერხებენ, ეს უფრო სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით ხდება. მაგალითად, ერაყში სადამ ჰუსეინს ყალბი დოლარების ბეჭდვის ქარხანა ჰქონდა მოწყობილი, სადაც იბეჭდებოდა ისეთი კუპიურები, რომლებსაც მხოლოდ ფედერალურ სარეზერვო სისტემაში არსებული მანქანები ცნობდნენ. ბანკებსაც კი უჭირდათ მისი გამოვლენა და ევროპა ასეთ ყალბ კუპიურებს წალეკილი ჰქონდა. ძალიან დიდი რაოდენობით ყალბი დოლარები ბრუნავდა.

რუსეთის შემთხვევაში, 5000 რუბლის მაღალ დონეზე გაყალბება კრიმინალების მიერ ნაკლებად დასაჯერებელია. ვფიქრობ, ამ პროცესში მაღალჩინოსნების ხელი ურევია", - აღნიშნა "რეზონანსთან" თუთბერიძემ და დასძინა, რომ საქართველოს შემთხვევაშიც არის რისკი, მაგრამ არა იმ მასშტაბისა, რომ ამით ქვეყანამ სერიოზული ზარალი ნახოს.

"საქართველოშიც არიან გამყალბებლები, რასაც პერიოდულად გამოავლენენ სამართალდამცველები, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიდ ზიანს ნაკლებად ველი. რუსული რუბლის მოძრაობა უმნიშვნელოა საქართველოში, მაგრამ დოლარის შემთხვევაში მსგავს ფაქტებს არ გამოვრიცხავ.

რისკი არსებობს იმდენად, რამდენედაც კრიმინალები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან მომავალშიც, რომლებიც ყალბი კუპიურებით ფულის შოვნას შეეცდებიან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთანაც კი, ძირითადად, ელექტრონული ფული გამოიყენება და ნაღდი ფულის მიმოქცევა შეზღუდულია, დიდი რისკი ამ მხრივ არ უნდა იყოს. მეტი საფრთხე დღეს არის არა ყალბი ფული, არამედ ჰაკერული თვადასხმები, რომლებითაც ბანკების ძარცვა ხდება. ეს უფრო მეტი საშიშროებაა, ვიდრე პერიოდული გაყალბებები", - განუცხადა "რეზონანსს" თუთბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×