ია აბულაშვილი
05.09.2018

 "ოცნების ქმედებებში მე ლოგიკას აღარ ვეძებ, მით უმეტეს - პოლიტიკურ ლოგიკას. "ოცნებას" უნდოდა სტეიკის შეწვა, მაგრამ აჯაფსანდალი გამოუვიდა", - ასე აფასებს გია ხუხაშვილი მმართველი პარტიის მანევრს საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

"რეზონანსი": ექსპერტთა გარკვეული ნაწილისთვის გაუგებარია "ოცნების" მიდგომა და ლოგიკა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. თქვენ რა ლოგიკას ხედავთ მმართველი პარტიის ქმედებებში?

გია ხუხაშვილი: მე ლოგიკას აღარ ვეძებ "ოცნების" ქმედებებში, მით უმეტეს - პოლიტიკურ ლოგიკას, მათ წამოიწყეს უხარისხო თამაში და ამის შეფუთვას შეეცდებიან; ანუ რა მოცემულობაც დაუჯდებათ, იმას შეფუთავენ. ფაქტია, რომ ეს უხარისხო თამაში თვითონ წამოიწყეს და ჩიხშიც შევიდნენ. ახლა თვითდინებას მიჰყვებიან. ერთია, რა უნდოდა ამ მანევრით "ოცნებას", მეორეა, რა გამოუვიდა. "ოცნებას" უნდოდა სტეიკის შეწვა, მაგრამ აჯაფსანდალი გამოუვიდა და ისეთი პოლიტიკური სადილი დაამზადეს, რომელსაც არც თვითნ შეჭამენ და არც ხალხი, თუმცა, შეიძლება ფიქრობენ, რომ დამშეული ხალხი ყველაფერს შეჭამს.

ჩემი აზრით, ამ უხარისხო თამაშს სჯობდა, თავისი კანდიდატი წამოეყენებინათ, ეს უფრო პატიოსანი თამაში იქნებოდა და არა ის, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობანა ეთამაშათ. ჯერ კიდევ აქვთ დრო, გამოვიდნენ ჩიხიდან, მაგრამ რას გააკეთებენ, არ ვიცი. მართლაც ტრაგიკომიკურია, რასაც "ოცნება" აკეთებს, თან პრეზიდენტის გაგდება უნდათ გარე ბაზარზე, თან არ უნდათ...

"რ": პოლიტიკურად რამდენად მომგებიანია ოპოზიციისთვის პრეზიდენტის პოსტის დათმობა? პირდაპირი არჩევნებით არჩეულ პრეზიდენტს, თუნდაც შეკვეცილი უფლებებით, ხომ შეუძლია, დისკომფორტი შეუქმნას ხელისუფლებას შინ თუ გარეთ, თუ ამ თანამდებობას ოპოზიცია დაიკავებს?

გ.ხ: პრეზიდენტი, თავისი უფლებებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას მართვაში პრობლემებს ვერ შეუქმნის, მაგრამ მაინც თავის ტკივილია. ერთადერთი, რისიც ეშინიათ, არის ის, რომ "ნაცმოძრაობის" კანდიდატმა არ მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან "ნაცმოძრაობასთან" საპრეზიდენტო არჩევნებში წაგება "ოცნების" შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კითხვის ქვეშ აყენებს; ამიტომ იძულებული არიან, მთელი ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი ჩართონ და დამოუკიდებელ კანდიდატს მოახმარონ. თუმცა დღემდე არ იციან, ვისზე იმუშაონ, რაზე იმუშაონ და ვის დაუჭირონ მხარი.

"რ": იყო მოსაზრება, რომ გაუგებრობა კანდიდატთან დაკავშირებით სწორედ გუნდში შექმნილმა დაპირისპირებამ გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, დაბრუნების შემდეგაც ვერ შეძლო ივანიშვილმა გუნდის შეკვრა? ამ მოცემულობით აპირებს, მივიდეს საპარლამენტო არჩევნებზე?

გ.ხ: ბიძინა ივანიშივილი დისტანცირებულია საპრეზიდენტო არჩევნებიდან და სწორიცაა. ის მოვლენებს ძალაუფლების პრიზმიდან უყურებს, პრეზიდენტი კი ძალაუფლების ცენტრს არ წარმოადგენს. რაც შეეხება გუნდის შეკვრას, ივანიშვილმა გუნდი შეკრა იმ გაგებით, რომ პარტიის შიგნით დაპირისპირება გარეთ არ გამოვა და პრობლემები შიგნით რჩება, მაგრამ როგორ მივლენ საპარლამენტო არჩევნებზე, ეს პრობლემა სერიოზულად საფიქრალია.

"რ": "ევროპული საქართველო" კრიტიკული განცხადებებით გამოდის "ნაცმოძრაობის" მისამართით, მით უმეტეს, რომ არჩევნების პერიოდში თავდაუსხმელობის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.

გ.ხ: "ევროპული საქართველო" იბრძვის არა გამარჯვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ "ნაცმორძაობას" ამომრჩეველი წაართვას. სხვა ამოცანა ამ პარტიას არ აქვს. მათი მოწინააღმდეგე "ოცნება" კი არ არის, არის მიშა სააკაშვილი და მისი პარტია, ამ ფრონტზე აქვთ ბრძოლა გამართული.

"რ": ე.ი. 2018 წლის არჩევნების მთავარ ინტრიგად მაინც რჩება, "ნაცმოძრაობა" გაიმარჯვებს თუ "ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი?

გ.ხ: თუ ხელისუფლებამ რაიმე დიდი სისულელე არ ჩაიდინა, "ნაცმოძრაობას" გამარჯვების შანსი არ აქვს, არჩევნებს იგებს რესრუსები, ხელისუფლებას კი რესურსი აქვს.

"რ": რამდენად მშვიდობიანად ჩაივლის ეს არჩევნები? ექსპერტებს თუ დავესესხებით, "ნაცმოძრაობამ" უკვე დაიწყო არჩევნების ლეგიტიმაციისა და ცესკო-ის დისკრედიტაციის კამპანია და დამარცხების შემთხვევაში რას მოიმოქმედებენო...

გ.ხ: არეულობის მოწყობის რესურსი "ნაცმოძრაობას" რეალურად არ აქვს. მას ჰყავს კარგად მობილიზებული ამომრჩეველი, მაგრამ კრიზისულ ვითარებას ვერ ქმნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×