მართლმადიდებლურ სამყაროში დიდი დაპირისპირებაა. რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას და იმუქრება კიდეც, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო პატრიარქი ამ იდეას მხარს დაუჭერს, უმოქმედოდ არ დარჩება და დიდ პრობლემებს შეუქმნის ყველას, ვინც გაიზიარებს კონსტანტინოპოლის პატრიარქის პოზიციას.
დაპირისპირება იმდენად მწვავეა, რომ პირისპირ შეხვედრისას კირილემ ბართლომეოსი ხაზგასმით არა "მსოფლიო პატრიარქად", არამედ "კონსტანტინოპოლის პატრიარქად" მოიხსენია. ამის პასუხად, ბართლომეოსმა კირილეს "უნეტარესოთი" მიმართა, რაც დამამცირებელია, რადგან რუსეთის პატრიარქი "უწმინდესის" ტიტულს ატარებს.
მას შემდეგ, რაც სტამბულში შეხვედრისას კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე |-მა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს განუცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, თან ისე, რომ ამ საკითხს მართლმადიდებლური სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან არ შეათანხმებს, მართლმადიდებლური სამყაროს წარმომადგენელთა აზრები ორად გაიყო.
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლის პატრიარქი გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ოქტომბერში მიიღებს.
ერთნი ემხრობიან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, ხოლო დანარჩენნი, რუსეთის თაოსნობით, ამის სასტიკი წინააღმდეგნი არიან.
ამავდროულად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სასწრაფოდ ამზადებს საპასუხო ქმედებების პაკეტს. რუსეთის ეკლესია არ მოერიდება ღია კონფლიქტზე წასვლას მართლმადიდებლური სამყაროს იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც მიემხრობიან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას.
მოსკოვის საპატრიარქო იმუქრება, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, სადაც გავლენა აქვს კონსტანტინოპოლის პატრიარქს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის ეკლესია უკვე ღია ომითა და ათასწლეულის განმავლობაში შექმნილი იერარქიის განადგურებით იმუქრება.
უწმინდესი მთავარეპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა ირინეოსი აცხადებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს ავტოკეფალია.
სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა რამდენიმე ენაზე დაწერა წერილი და გადაუგზავნა კონსტანტინოპოლისა და ახლი რომის არქიეპისკოპოსებს. გარდა ამისა, ირინეოსმა წერილი გაუგზავნა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომე |-საც, სადაც ითხოვდა მათგან, რომ არ მიენიჭებინათ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალია.
წერილში პატრიარქი ასევე საუბრობდა "მართლმადიდებლობის ერთობაზე", რაც, მისი თქმით, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, იქნება უპატივცემულობის გამომხატველი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. პატრიარქი ირინეოსი თვლის, რომ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ეკლესიას აქვს უკრაინაში საეკლესიო ორგანიზაციის უფლება.
ირინეოსის თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება კატასტროფული და ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნება.
დაპირისპირება უკვე წმინდა "ტექნიკურ" საკითხებსაც ეხება. მაგალითად, 2018 აგვისტოში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, სინოდის გადაწყვეტილებით, დაქვრივებულ სასულიერო პირებს მეორედ ქორწინების უფლება მისცა, რაც რუსეთის ეკლესიამ უმალ "გაუგონარ ურჯულოებად" გამოაცხადა.