ელზა პაპოშვილი
05.09.2018

 1 გარდაცვლილი და სამი დაშავებული - დილის შვიდ საათზე, ფოთში, ძლიერი აფეთქება მოხდა. ნაბადოს უბანში, გაურკვეველ ვითარებაში რამდენიმე ახალგაზრდას ხელყუმბარა აუფეთქდა. ერთ-ერთი დაშავებული არასრულწოვანია. ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ შემთხვევა დღეს დილას მოხდა. დაშავებული ახალგაზრდები ფოთისა და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მაღაზიის გამყიდველი, რომლის პირდაპირაც აფეთქება მოხდა, „რეზონანსთან" ყვება, რომ სამი ახალგაზრდა გამთენიისას მაღაზიაში შევიდა. მათ ალკოჰოლი იყიდეს და იქვე მაღაზიის წინ დასალევად ჩამოსხდნენ.

"მისი ინფორმაციით, ახალგაზრდებს ხელში არაფერი სჭერიათ. დაჯდომიდან რამდენიმე წუთში მან ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონა. გარეთ გაქცეულმა კი ოთხივე ახალგაზრდა დაბლა მწოლიარე დაინახა, რომლებიც შველას ითხოვდნენ.

„აფეთქება სრულიად გაურკვეველ სიტუაციაში მოხდა. კაციშვილმა არ იცის რა აფეთქდა. ჩვეულებრივად მაღაზიაში შემოვიდნენ. ასე ოცწლამდე ახალგაზრდები იქნებოდნენ. ალკოჰოლი იყიდეს და გავიდნენ. ხელში არაფერი სჭერიათ. გარეთ ჩამოსხდნენ მაღაზიის წინ. წარმოდგენა არ მაქვს უცბდა რა მოხდა. რაღაც აფეთქების ხმა გავიგონე.

"გავიქეცი გარეთ და ოთხივე დაბლა ეყარა. ერთის მდგომარეობა უფრო მძიმე იყო. სამი კონტაქტური იყო და შველას ითხოვდნენ. არც ვიცი ვინ არიან, ადგილობრივები არიან, თუ სტუმრად იმყოფებოდნენ. უცნაური ფაქტი მოხდა. აზრზე არ ვართ იქ ხელყუმბარა როგორ მოხვდა.

"ქუჩაა და ვის უნდა მიეტანა, წარმოდგენა არა გვაქვს, რადგან ფაქტი დილით ადრე მოხდა, შემთხვევას თვითმხილველი არა ჰყავს",-აცხადებს მაღაზიის გამყიდველი, რომელმაც ახალგაზრდები აფეთქებამდე ბოლოს ნახა.

აფეთქების შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მიმდინარეობს ახლო მდებარე ტერიტორიის დათვალიერება. თუმცა, მომხდარ ფაქტს ის გარემოება ართულებს, რომ შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყავს.

გადარჩენილ ორ დაშავებულს შორის , ერთი არასრულწლოვანია, მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული და ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იმყოფება.

„რეზონანსს" საავადმყოფოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ დაშავებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის მუდმივად მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მას მძიმე დააზიანებები თავის არეში აქვს მიღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანს" განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი 124-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×