მარიამ კუპატაძე
05.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 5 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, წლის განმავლობაში მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს მოძრაობს. აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 3.1% შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში და ასევე საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმერყევებს. რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე გაიზარდა მაკროეკონომიკური რისკები, რამაც ფინანსურ ბაზრებზე მერყეობის ზრდა გამოიწვა. თუმცა, ამ რისკების რეალიზების შემთხვევაშიც, ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივი დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა მოსალოდნელი არ არის. ეროვნული ბანკის შეფასებით, გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის საჭიროება კვლავაც დგას, თუმცა ამ პროცესის გაგრძელება საგარეო რისკების სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული.

ეკონომიკური აქტივობა 2018 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა და, წინასწარი მონაცემებით, პირველ შვიდ თვეში რეალურმა ზრდამ 5.5% შეადგინა. აღნიშნული დინამიკა ხელს უწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან ჩამორჩენის სწრაფად აღმოფხვრას.

პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა საგარეო სექტორშიც. კვლავ მაღალი ტემპით მატულობს საქონლის ექსპორტი და პირველ შვიდ თვეში წლიურმა ზრდამ 29% შეადგინა. ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 22%-ით გაიზარდა. ასევე გრძელდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (წლიური ზრდა 18 პროცენტი). თუმცა, ადგილობრივი მოთხოვნის გააქტიურების ფონზე, საგრძნობლად დაჩქარებულია იმპორტის ზრდის ტემპიც (23 პროცენტი).

რეფინასირების განაკვეთზე მიბმული სესხით ამ დროისათვის 58 000-ზე მეტი პირი სარგებლობს, საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით ბოლოს 25 ივლისს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 24 ოქტომბერს გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×