სასტუმრო „ვერე პალასში" რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს. მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს რუსეთის დელეგაციის სამი წევრი. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და „ენ-ტე-ვე" -ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს ეთქვათ.
სასტუმრო "ვერე პალასის" მენეჯერის განცხადებით, მათთვის ცნობილი არ იყო იმის შესახებ, რომ მედიაფორუმი რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო დაფინანსებული.
როგორც სასტუმროს მენეჯერმა გიორგი კონდრატიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმრო "ვერე პალასის" მენეჯმენტისა და თანამშრომლების პოზიციაა, რომ რუსეთი ოკუპანტია.
"სასტუმროს მენეჯმენტი და ყველა თანამშრომელი ამ პოზიციას იზიარებს - რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია. უბრალოდ, ამ ფორუმის ჩატარების თემატიკა და შინაარსი სასტუმროსთვის თავიდანვე ცნობილი არ ყოფილა. ჩვენ ეს ჯგუფი მივიღეთ, როგორც კონკრეტული ორგანიზაციის ჯავშანი. შესაბამისად, ეს ღონისძიება ტარდება "ვერე პალასში", - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.
მისივე თქმით, მათთვის ცნობილი არ იყო, რომ ფორუმი რუსეთის პრეზიდენტის დაფინანსებით ტარდება და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რომ ჰქონოდათ, სასტუმრო სავარაუდოდ გადაწყვეტილებას შეცვლიდა.
„ვინც ალბათ შემოსაშვები არ იყო საქართველოს საზღვარზე, არ შემოუშვეს", - განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.
რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენციის საწინააღმდეგო აქციაზე სიმბოლურად სუფრა გაშალეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული პერფორმანსი იმის სიმბოლოა თუ როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებს.
"ეს არის პერფორმანსი, რომლითაც ჩვენ ვაჩვენებთ, საქართველოს ხელისუფლება როგორ ხვდება პუტინის მონებს", - განაცხადა აქციის მონაწილემ მანანა ანდღულაძემ.
აქცია-პერფორმანსი სუფრისა და მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.
თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.
პოლიტოლოგი, მოსკოვის კვლევითი ინსტიტუტის "ცივილიზაციათა დიალოგი" სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელი ალექსეი მალაშენკო ქართველების პროტესტს "იაფფასიან საბჭოთა პროვინციალიზმს" უწოდებს.
„გავიმეორებ, რომ ეს იაფფასიანი საბჭოთა პროვინციალიზმია, აქ არ არიან ჩვენი მეგობრები, შეიცვალა გრაფიკი, შევცვალე ჩემი გამოსვლის თემაც და ვისაუბრებ საკითხზე, რომელიც გუშინ და დღესაც წამოწიეს - ოკუპაციაზე.
როგორც პროფესიონალი გეტყვით, რომ ეს არ არის ოკუპაცია", - განაცხადა ალექსეი მალაშენკომ.
როგორც ფორუმის მონაწილეები აცხადებენ, მათ სხვა ტიპის შეხვედრები ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა, ამ დახვედრამ და განწყობამ მათ სასაუბრო თემები შეაცვლევინა.
„მსოფლიო და სიტუაცია იცვლება, ჩვენ კი ვრჩებით. როგორ უნდა დავრჩეთ პროფესიონალებად, ადამიანებად, როდესაც მსოფლიო რევოლუცია ხდება. ჩვენ აქ ჟურნალისტიკის ქორები ვსხედვართ და უნდა მოვახდინოთ რეაგირება. კარგი იქნება სიტუაციაში გავერკვეთ და ერთმანეთს მოვუსმინოთ. არასდროს გამოვიჩინოთ თავხედობა და არასდროს ვაგინოთ ერთმანეთს. დღეს მომთხოვეს მეთქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია, როდესაც შევთავაზე გვემსჯელა, ისინი გაბრაზდნენ. ასეთი ქმედება მორალური ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა. ამიტომ დისკუსია და ასეთი ფორუმები სასარგებლოა", - განაცხადა „რია ნოვოსტი"-ს პოლიტიკურმა მიმომხილველმა, დიმიტრი კოსირევმა.
ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ ფინანსდება. ფორუმში, სახელწოდებით „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში" მონაწილეობენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.