ტატა შოშიაშვილი
05.09.2018

 ბრიტანულმა პოლიციამ 2018 წლის მარტში რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის იულია სკრიპალის მოწამვლაში სავარაუდო ეჭვმიტანილები დაასახელა.

სკოტლანდ-იარდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა სკრიპალების მოწამლვისთვის ბრალდება წაუყენონ რუსეთის ორ მოქალაქეს-ალექსანდ პეტროვსა და რუსლან ბოშიროვს. მათივე ცნობით, აღნიშნული სახელები და გვარები, სავარაუდოდ, ყალბია.

ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ გამოსცა ევროპული ორდერი რუსეთის მოქალაქეების დასაკავებლად, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი უარს აცხადებს საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიციაზე, პროკურატურის წარმომადგენელმა სიუ ჰემმინგმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას არ მოსთხოვენ ეჭვიმიტანილების ექსტრადიციას. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიციის აკრძალვა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაშია გაწერილი.

პოლიციის ცნობით, 2018 წლის 2 მარტს რუსეთის ორი მოქალაქე მოსკოვიდან ჩაფრინდა ლონდონში და დასახლდა სასტუმრო „სითი სთეიში". მეორე დღეს დილით მატარებლით გაემგზავრნენ სოლსბერიში და იმავე საღამოს დაბრუნდნენ ლონდონში.

4 მარტს ეჭვმიტანილები ისევ გაემგზავრნენ სოლსბერიში , სადაც ისინი სკრიპალების სახლის ახლოს დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. იმავე საღამოს ისინი დაბრუნდნენ მოსკოვში.

4 მარტს, რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია სკრიპალი ქალაქ სოლსბერის ცენტრში არსებულ სკვერსი უგონოდ იპოვეს. სერგეი სკრიპალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მამა-შვილი მოწამლული იყო რუსეთში შემუშავებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით".

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს მომწამვლელი ნივთიერებით ქალაქ ეიმსბერიში, სოლსბერისთან ახლოს, კიდევ ორი ადამიანი მოიწამლა- 44 წლის დონ სტერჯესი, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და მისი 45 წლის მეგობარი ჩარლი როული.

სკრიპალების მოწავლის შემდეგ ინგლისსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირება დაიწყო. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს მოსთხოვა ამ შემთხვევის განმარტება.

ამის შემდეგ კი, ლონდონიდან გაუშვეს 23 რუსი დიპლომატი. ამ ფაქტს მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანა გამეხმაურა და გაერთიანებული სამეფოს მსგავსად საკუთარი ქვეყნებიდან მათაც გაუშვეს რუსი დიპლომატები.

თავის მხრივ, მოსკოვმა გაერთიანებული სამეფოდან საკუთარი დიპლომატების გაძევების შემდეგ იგივე გაუკეთა მოსკოვში მყოფ ინგლისელ დიპლომატებს და გააძევა ისინი ქვეყნიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×