რეზონანსი
05.09.2018

 თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირებისთვის, ასევე განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენაში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ბრალდებული, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა.ჯ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ჯ. 2017 წლის იანვრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე.ბ.-სთან, რა დროსაც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისტემატურად ძალადობდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მას. სისტემატიურად კეტავდა სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე მოკვლით ემუქრებოდა. 2018 წლის აპრილში, ე.ბ.-ს მოთხოვნაზე დაშორებულიყვნენ, ა.ჯ.-მ განუცხადა, რომ იგი მისი საკუთრება იყო და როგორც ქალს წინააღმდეგობის გაწევის უფლება არ ჰქონდა. მუქარის და ფსიქოლოგიური ტერორის გამო ე.ბ. იძულებული იყო მის ნებას დაყოლოდა.

2018 წლის 31 მაისს, ა.ჯ.-მ ე.ბ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგის არეში მიაყენა ჭრილობა, ხოლო ე.ბ.-ს ყოფილ მეუღლეს მ.გ.-ს სამჯერ ესროლა. სროლის შედეგად ე.ბ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო გამჭოლი ჭრილობა მიიღო, ხოლო მ.გ. მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×