"ამაზონის" საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. აგვისტოს დასაწყისში იმავე შედეგს მიაღწია "ეფლმაც", შესაბამისად, "ამაზონი" მეორე ამერიკული კომპანიაა, რომლის ღირებულება ცამეტნიშნა რიცხვით აღინიშნება.
"ამაზონის" ფინანსური წარმატება კომპანიის გრძელვადიანი პოლიტიკის შედეგია: წლების განმავლობაში ამაზონი თავის მოგებას ისევ ინვესტიციის სახით კომპანიის ზრდასა და გაფართოებაში დებდა. მხოლოდ გასულ წელს მიიღო მან სრული მოგება.
ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში "ამაზონის" ღირებულება 580 მილიარდი დოლარი იყო. მას შემდეგ 2018 წლის მეორე მეოთხედში კომპანიის წმინდა მოგებამ 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, განსხვავებით 2017 წლის იმავე მონაცემისგან, რომელიც 197 მილიონი დოლარი იყო.
ექსპერტების თქმით, აღნიშნულ წარმატებაში "ეფლსა" და "ამაზონს" ისიც დაეხმარა, რომ 2018 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ტექნოლოგიური ინდუსტრიისათვის. ტრილიონი დოლარის ღირებულების რიგში 861 მილიარდი დოლარად შეფასებული "მაიკროსოფტი" და 852-მილიარდიანი "ალფაბეტი" არიან.