(რეზონანსი)ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის "ქართული ოცნების" წევრებმა საკუთარი 20-გვერდიანი დასკვა-რეკომენდაცია გამოაქვეყნეს, რომლსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
"1.1. კომისიის შექმნის მიზეზი
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 31 მაისის N2450 - IIს დადგენილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძვლად განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი და თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი ახალგაზრდის მკვლელობის გამოძიება საქართველოს პარლამენტის მიერ მიჩნეულ იქნა სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად.
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 6 ივნისის N2452 - რს დადგენილებით შეიქმნა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, განისაზღვრა მისი შემადგენლობა და უფლებამოსილების ვადად დადგინდა 3 თვე.
კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა 95 დეპუტატმა; კერძოდ, ფრაქცია ქართული ოცნებიდან და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი სხვა ფრაქციებიდან - 80 დეპუტატმა; საპარლამენტო უმცირესობიდან - 15 დეპუტატმა. კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გამართულ პლენარულ სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობისა და ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრები.
1.2. საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სახელმწიფო ბრალდების ვერსია, სასამართლოს განაჩენი და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები
2017 წლის 1 დეკემბერს, დილით თბილისის N51 საჯარო სკოლის საპირფარეშოში მე-11 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის მოხდა ინციდენტი. სკოლის მოსწავლეებმა გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ვითარების გასარკვევად გადაწყვიტეს სკოლის გარეთ შეხვედრა. ამ მიზნით ისინი შეიკრიბნენ ა. ხორავას ქუჩა N4-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. სიტუაციის გარკვევას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის.
ჩხუბის დროს სხვადასხვა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს ორ არასრულწლოვანს:
დავით სარალიძეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობა შინაგანი ორგანოების ღვიძლის, ფილტვის, ასევე მარჯვენა ბარძაყის არტერიის და ვენის დაზიანებით, ხოლო ლევან დადუნაშვილს შემავალი ჭრილობები მუცლის ღრუსა და გულმკერდის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დავით სარალიძე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც ის, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მეორე დღეს გარდაიცვალა.
2017 წლის 2 და 4 დეკემბერს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ორი არასრულწლოვანი პირი - გ. ბ. და გ. ჯ. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებოდათ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ამავდროულად, გ. ბ.-ს ბრალად ედებოდა ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. შედეგად, გ. ბ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა ორი ან მეტი პირის მიმართ.
2018 წლის 1 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით; ხოლო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა სასამართლოს მიერ 1/4-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით; ამავე განაჩენით გ. ბ. სხვა წარდგენილ ბრალდების ნაწილში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.
ამავე განაჩენით გ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით; ხოლო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა სასამართლოს მიერ 1/4-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით; ამავე განაჩენით გ. ჯ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ჩადენაში.
გამოძიების მიმდინარეობის და საქმის სასამართლო განხილვის გარკვეულ ეტაპზე გარდაცვლილი დავით სარალიძის მამას - ზაზა სარალიძეს, ისევე როგორც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გაუჩნდათ კითხვები, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდგომ, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის უმთავრესი შეკითხვები ეხებოდა სამ ძირითად საკითხს:
1. შემთხვევის ადგილზე არსებული ფარდულის დანგრევა - არსებობდა ეჭვი, რომ ფარდული დაინგრა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების მითითებით და მისი დანგრევით შეუძლებელი გახდა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
2. დანის, როგორც ნივთმტკიცების დაზიანების ფაქტი (გაღუნული დანა) - არსებობდა ეჭვი, რომ დავით სარალიძის მკვლელობის ერთ-ერთი იარაღი განზრახ იქნა დაზიანებული (გაღუნული) გამოსაკვლევად მისი გაუვარგისების მიზნით;
3. მირზა სუბელიანის ფაქტორი - არსებობდა მოსაზრება, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მშობელი („პროკურატურის მაღალჩინოსანი"), იყო „ხელშეუხებელი ფიგურა" და ის ზეგავლენას ახდენდა გამოძიების მიმდინარეობაზე.
ვინაიდან პროკურატურის, როგორც სახელმწიფო ბრალდების ვერსია, ნაწილობრივ გაიზიარა სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში და აღნიშნულმა საზოგადოებაში გააჩინა კითხვები საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა თანამდებობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ყოფილმა მთავარმა პროკურორმა გაიზიარა მორალური პასუხისმგებლობა, რამდენადაც საზოგადოებაში შეიქმნა საქმის ობიექტური გამოძიებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება.
მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, მკვლელობის საქმეზე შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია და ამ კომისიაში, მიუხედავად ასეთი ვალდებულების არარსებობისა, უმრავლესობა დაეთმო საპარლამენტო უმცირესობისთვის. კომისიის უმრავლესობის საპარლამენტო უმცირესობისთვის გადაცემას საფუძვლად დაედო პროცესის მაქსიმალურად ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვის არგუმენტი, რომ თავიდანვე გამორიცხულიყო მმართველი პარტიის რაიმე ფორმით დაინტერესება აღნიშნული საქმისადმი.
1.3. კომისიის ამოცანა
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 31 მაისის N2450 - IIს დადგენილებით დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრა „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების და საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების დადგენა."
1.4. კომისიის მიერ გაწეული სამუშაო
საგამოძიებო კომისიამ 2018 წლის 7 ივნისს კომისიის შეუფერხებელი მუშაობის მიზნით წერილობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, რათა უმოკლეს ვადებში სრულად მიეწოდებინათ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშულის გამოძიებასთან დაკავშირებული, მათ უწყებებში არსებული ყველა სახის მასალა. 2018 წლის 11 ივნისს კომისიამ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საქმის მასალების 10, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოსგან 26 ტომი. საქართველოს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ კომისიის თავმჯდომარისთვის გამოგზავნილ წერილში კი აღნიშნული იყო, რომ იმ ეტაპისთვის საქმის მასალები მათი უწყებიდან გადაგზავნილი ჰქონდათ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამავე წერილით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა მისცა ნებართვა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მასალა მიეწოდებინათ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის. მოგვიანებით, 2018 წლის 22 ივნისს, საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებით მიიღო საქმის მასალების 3 ტომი.
კომისიის მუშაობის ფარგლებში, დამატებითი მასალის გამოთხოვის, ინფორმაციის დაზუსტებისა და საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებული სხვა სახის მონაცემების მიღების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სპეციალურ პენიტენციურ დეპარტამენტში, 51-ე საჯარო სკოლაში, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, საქართველოს პარლამენტის აპარატში და სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში კომისიის თავმჯდომარემ გააგზავნა 170 წერილობითი მიმართვა, მოთხოვნა და შეკითხვა.
საქმის მასალების გამოთხოვისა და შესწავლის პარალელურად, ოფიციალური გამოკითხვების დაწყებამდე, შედგა რამდენიმე შეხვედრა უშუალოდ დაზარალებულ ოჯახებთან, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებთან და მათი ოჯახების ადვოკატებთან, მათი მოსაზრებებისა და პრეტენზიების გასაცნობად. ამასთანავე, კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომამდე და შემდგომ რამდენჯერმე შედგა შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან მისი მოსაზრებების გასაცნობად და კომისიის მუშაობაზე მონიტორინგის განხორციელების თხოვნით. ასევე, ორჯერ გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა პირველ ეტაპზე 2018 წლის 7 ივნისს კომისიის თამჯდომარესა და მდივანს მათთვის მიეწოდებინათ კომისიის მუშაობის სტრატეგიის შესახებ ხედვა და მოესმინათ მათი მოსაზრებები. ხოლო, მეორე შეხვედრის დროს, 2018 წლის 30 ივნისს, კომისიაში ჩართული ყველა ჯგუფისა თუ დაინტერესებული პირის მონაწილეობით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს ინფორმაცია კომისიის მუშაობის პირველი ეტაპისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც იდგა კომისია.
მუშაობის პირველ ეტაპზე კომისიამ დახმარებისათვის მიმართა ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (Nატიონალ Dემოცრატიც Iნსტიტუტე), რომელმაც 2018 წლის 28 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში კომისიისათვის კონსულტაციის გასაწევად მოიწვია ილინოისის შტატის საოლქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბლანშ ფეიველი. მოსამართლემ კომისიის წევრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება საგამოძიებო კომისიების საქმიანობასთან და არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობამ დადებითი როლი შეასრულა კომისიის სხდომების უფრო ეფექტურად წარმართვაში.
კომისიამ საქმიანობის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ არასრულწლოვნების გამოკითხვისას გაეთვალისწინებინა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNIჩEF) რეკომენდაციები და გამოცდილება და, ერთი მხრივ, კომისიის წევრებს ტრენინგი გაევლოთ არასრულწლოვნების დაკითხვის მეთოდოლოგიაში, მეორე მხრივ კი დაექირავებინა შესაბამისი ექსპერტი, რომელიც წარმართავდა ახსნა-განმარტებების მიღების პროცესს. კომისიის წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა ა.(ა).ი.პ. „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის" ექსპერტმა ფსიქოლოგმა ქეთევან თავართქილაძემ, რომელიც კომისიამ ასევე დაიქირავა არასრულწლოვნების გამოკითხვების ჩასატარებლად. გამოკითხვის პროცესში ფსიქოლოგი იყენებდა "ბავშვის ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ნაციონალური ინსტიტუტის (აშშ) NIჩHD დაკითხვის/გამოკითხვის სტრუქტურირებული პროტოკოლით" გათვალისწინებულ წესებს.
კომისიის მუშაობის ფარგლებში, სულ გამოიკითხა 79 პირი. რამდენიმე მოწმის გამოკითხვა საჭირო გახდა განმეორებით. გამოკითხულთა შორის იყო 31 არასრულწლოვანი, 2 მსჯავრდებული და 5 ბრალდებული. გამოკითხვებისა და კომისიის სხდომების ხანგრძლივობამ როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდსა" და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჯამში, შეადგინა 171 საათზე მეტი. კომისიის წევრები გაეცნენ საქმის მასალების 39 ტომს და დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციას (ჯამში, 10400 გვერდზე მეტი).
1.5. კომისიის შედეგების მოკლე შეჯამება
კომისიამ დაადგინა, რომ საქმის გამოძიების პროცესში არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა აღნიშნულს არ მოუხდენია გავლენა საქმის გამოძიების საბოლოო შედეგზე;
კომისიამ დაადგინა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან/და პოლიტიკური მოტივით ადგილი არ ჰქონია;
კომისიას მიაჩნია, რომ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საგამოძიებო და საგანმანათლებლო სფეროში საჭიროა ცვლილებების განხორციელება როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში.
2. გამოძიების წარმოების ანალიზი და კომისიის საქმიანობის შედეგები (რეკომენდაციები)
2.1. ზოგადი ინფორმაცია საქმის ირგვლივ
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 10 პირი (მათ შორის არიან მირზა სუბელიანი და მისი ნათესავები).
დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ძირითადი საქმე სასამართლოში არსებითად განსახილველად წარიმართა 2017 წლის 31 დეკემბერს.
2017 წლის 27 დეკემბერს მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ცალკეულ პირთა მიმართ დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტებზე.
2017 წლის 31 დეკემბერს გამოძიება დაიწყო დაუდგენელი პირების მიერ მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე.
დაუდგენელი პირების მიერ დანაშაულის დაფარვის/შეუტყობინებლობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა 2018 წლის 31 მაისს. აღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად, რომლის ფარგლებშიც ბრალი წარედგინათ მირზა სუბელიანს, მერაბ მორჩაძესა და არასრულწლოვან დ.ღ.-ს.
2018 წლის 29 ივნისს დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდა სააპელაციო წესით. საქმე ამჟამად იხილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
2.2. კომისიის მუშაობის შედეგად გაქარწყლებული ეჭვები
კომისიას, როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ. გვ. 3), შექმნის მომენტისთვის, უპირველეს ყოვლისა, ჰქონდა სამი მნიშვნელოვანი საკითხი გამოსაკვლევი:
(1) შემთხვევის ადგილზე არსებული დანგრეული ფარდული, (2) „გაღუნული დანა", (3) მირზა სუბელიანის „ხელშეუხებლობა" და მის მიერ შესაძლო ზეგავლენის მოხდენა გამოძიების მიმდინარეობაზე.
საგამოძიებო კომისიამ საქმეში არსებული მასალების და მის მიერ გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, დაადგინა, რომ:
1. ფარდული დანგრეული იქნა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებისგან დამოუკიდებლად. ამასთან, მისი დემონტაჟი განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფარდულთან დაკავშირებით ჩატარდა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. კომისიამ, მიუხედავად იმისა რომ ფარდულის აღდგენა შესაძლებელი იყო, არ ჩათვალა საჭიროდ მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა;
2. ნივთმტკიცების სახით საქმეში არსებული დანა არ არის განზრახ დაზიანებული („გაღუნული"). ექსპერტიზის ჩატარებისას დანამ მიიღო მიკროდეფორმაცია, რაც არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით. დანა ვარგისია შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის;
3. მირზა სუბელიანის „ხელშეუხებლობა" და მის მიერ გამოძიების მიმდინარეობაზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის ეჭვი არ დადასტურდა. საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე გამოვლენილი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, კერძოდ, გამოძიების მიერ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ, მირზა სუბელიანი დაკავებულ იქნა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
2.3. ჩაუტარებელი/დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები
კომისიამ, საქმის მასალების შესწავლის და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე, დაადგინა, რომ მკვლელობის ძირითადი საქმის გამოძიების ფარგლებში არ ჩატარებულა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, გამოძიებას არ შეუფასებია დანაშაულთან ცალკეული პირების ამა თუ იმ ფორმით შესაძლო კავშირი.
კერძოდ, გამოიკვეთა შემდეგი ფაქტები:
• მირზა სუბელიანის, მისი შვილის - ა. ს.-ს და ცოლის დის შვილის - მ. კ.-ს მიმართ არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები. მაგალითად, არ გამოიკითხა მირზა სუბელიანი, მისი მობილური ტელეფონიდან არ იქნა ამოღებული სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ხოლო მისი შვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება და ამოღება არ მოხდა; არ გამოიკითხა მირზა სუბელიანის მეუღლე თეა კაკუბავა და მისი და ლელა კაკუბავა; არ გაიჩხრიკა მ. კ.-ს ბინა და არ მოხდა მისი ტანსაცმლის ამოღება;
• გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი არ არის ან დაგვიანებით არის ამოღებული. ასევე, არ დადგინდა ჩანაწერებში აღბეჭდილი ყველა პირის ვინაობა;
• არ ამოღებულა ჩხუბის გარკვეულ მონაწილეთა მობილური ტელეფონები და კომპიუტერები, აგრეთვე მათი მიმოწერა; არ განხორციელდა მათი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა;
• საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი არ დაიკითხა ან დაიკითხა დაგვიანებით;
• არ გაიჩხრიკა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ზოგიერთი პირის ბინა და არ იქნა ამოღებული მათი ტანსაცმელი;
• დ. ღ.-ს მიმართ არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები.
ამრიგად, კომისიამ სისხლის სამართლის საქმეების (როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი) შესწავლის, ასევე მოწმეების, დაზარალებულების და ბრალდებულების გამოკითხვის შედეგად დაადგინა, რომ არ არის ჩატარებული ან დაგვიანებით არის ჩატარებული ცალკეული, მათ შორის - ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა/დაგვიანებით ჩატარება კომისიამ შეაფასა გამოძიების ხარისხზე და საბოლოო შედეგზე შესაძლო გავლენის მოხდენის კონტექსტში.
წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულებათა გამოკვლევის/შეფასების საფუძველზე, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას ან დაგვიანებით ჩატარებას შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი და ის არ შეიძლება, ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს რომელიმე თანამდებობის პირის მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენად.
კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, კომისიის უმთავრესი ამოცანა იყო დაედგინა, საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობამ/დაგვიანებით ჩატარებამ ხომ არ მოახდინა გავლენა გამოძიების საბოლოო შედეგზე ან ხომ არ იყო აღნიშნული განპირობებული ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენით.
ასევე, კომისიის უმთავრესი ამოცანა იყო, დაედგინა საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობით/დაგვიანებით ჩატარებით ხომ არ შეეშალა რაიმე ფორმით ხელი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, ამა თუ იმ მოქმედების ან უმოქმედობის გამო, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობისთვის, აუცილებლია მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოქმედებას/უმოქმედობასა და დამდგარ ან დასადგომ შედეგს შორის.
ამასთანავე, კომისია ითვალისწინებს, რომ გამოძიებისთვის არ არსებობს წინასწარ დადგენილი სტანდარტული წესი, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა ჩატარდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ყოველი სისხლის სამართლის საქმე, მისი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. რამდენადაც დანაშაულის ჩადენის მოტივის და მისი ჩამდენი პირების შესახებ ვერსიები გამოძიების მიმდინარე პროცესში წარმოიშობა და ვითარდება, დღევანდელი პრაქტიკის და საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში, გამომძიებელი/პროკურორი სწორედ მიმდინარე პროცესში, ფაქტების თავისებურებების გათვალისწინებით, იღებს ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას; კერძოდ, ამა თუ იმ ვერსიის ირგვლივ მუშაობის გაგრძელების და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების შესაბამისი თანმიმდევრობით ჩატარება/არჩატარების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე, კომისიამ იმსჯელა შემდეგ ორ საკითხზე, ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა ან დაგვიანებით ჩატარება განპირობებული იყო:
ა) გამოძიებაზე შესაძლო გავლენით ან სამოხელეო დანაშაულის ჩადენით;
ბ) გამოძიების პროცესის მართვის ხარვეზით და კომპლექსური საქმის კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდულ ვადებში წარმართვით.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კითხვები საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობასთან/დაგვიანებით ჩატარებასთან დაკავშირებით, კომისიამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა არსებითი გავლენა ვერ მოახდინა გამოძიების საბოლოო შედეგზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა. ასევე დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩაუტარებლობა/დაგვიანებით ჩატარება არ არის ვინმეს მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ან განზრახი ქმედების შედეგი.
კომისიის მხრიდან, ჩაუტარებელ საგამოძიებო მოქმედებასა და გამოძიების შესაძლო საბოლოო შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირისა და განზრახვის დადგენის გარეშე, დასკვნის გაკეთება, რომ გამოძიებაზე ვინმემ გავლენა მოახდინა, სამომავლოდ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის რეპუტაციას, არამედ, ზოგადად, საგამოძიებო სისტემას და ქვეყანაში ობიექტური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამგვარი კავშირის და განზრახვის დადასტურების გარეშე, პირის ბრალეულობაზე დასკვნის გაკეთება, შექმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან შეუთავსებელ პრეცედენტს და საფუძველს ჩაუყრის ყველა აუცილებელი პირობის (ამ შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის და განზრახვის) გარეშე სამართალდარღვევის ჩადენაში პირთა დადანაშაულების შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას.
კომისია ვერ გააკეთებს დასკვნებს შესაძლო ეჭვებზე დაყრდნობით, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისთვის მირზა სუბელიანი, მისი სამი ნათესავი და არაერთი სხვა პირი ბრალდებულია, გამოძიება გამოყოფილი საქმის ფარგლებში ჯერ არ დასრულებულა და სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს მკვლელობის ძირითადი საქმის განხილვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად და იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედება არ არის ჩატარებული, კომისიას უჩნდება კითხვები არსებული საგამოძიებო სისტემის ეფექტიანობაზე. არსებული სისტემის პირობებში ვერ დგინდება გამოძიებაზე (მის დაგეგმვაზე, მიმართულების განსაზღვრაზე და ა.შ.) პასუხისმგებელი კონკრეტული სუბიექტი და ასევე მკაფიოდ ვერ იმიჯნება ერთმანეთისგან საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებები.
აღნიშნულის გათვალისწინებით კომისია მიიჩნევს, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა/დაგვიანებით ჩატარება, მცირე საგამოძიებო ვადის და არსებული ხარვეზიანი საგამოძიებო სისტემის შედეგია. ასეთი სისტემა კი საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს როგორც პრაქტიკული, ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით.
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანა წინასასამართლო სხდომის გამართვის ვადასთან დაკავშირებით. დღევანდელი კანონმდებლობა არ იძლევა დასახელებული ვადის გაგრძელების შესაძლებლობას მაშინაც კი, როდესაც საქმე კომპლექსურია და ვადის გაგრძელება ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება.
კომისია პოზიტიურად აფასებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში სრულწლოვანთა პროცესისაგან განსხვავებული ვადის დადგენას, თუმცა, დასაბუთებული პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული ვადის გაგრძელება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სასამართლო კონტროლის გზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ:
• უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლებითაც შესაძლებელი გახდება გამოძიებაზე პასუხისმგებელი სუბიექტების განსაზღვრა, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების მკაფიოდ გამიჯვნა, გამოძიების ხარისხის და გამომძიებელთა პასუხისმგებლობის გაზრდა;
• უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მეშვეობითაც, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელი გახდება არასრულწლოვანთა საპატიმრო საქმეებზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება;
• შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები.
2.4. საგამოძიებო ორგანოების რეაგირება საქმის სხვა ფიგურანტებთან მიმართებით
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიისთვის ჩხუბის ყველა დეტალის ამ ეტაპზე სრულად აღდგენა შეუძლებელია, განსხვავებული ჩვენებებისა და გასული დროის გამო. თუმცა, კომისიამ მოწმეებისგან მიღებული ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ მ. კ.-სთან დაკავშირებით დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
(ა) 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში თბილისის 51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება მე-9 კლასელ თ.ჩ.-სა და მე-11 კლასელ დ.ნ.-ს შორის. სიტყვიერი შელაპარაკების დროს საპირფარეშოში ასევე იმყოფებოდა მე-9 კლასელი ა.ს. და მე-11 კლასელი დ.ღ., შელაპარაკების მიზეზი იყო ის, რომ დ.ღ.-ს თან ჰქონდა სათამაშო პნევმატური პისტოლეტი, რომლიდანაც პლასტმასის ბურთულა ესროლა ერთ-ერთ მე-9 კლასელს. აღნიშნულზე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, დ.ნ.-მ უთხრა თ.ჩ.-ს, რომ საპირფარეშოში „ჩააყოფინებდა თავს";
(ბ) სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დ.ნ.-მ უთხრა თ.ჩ.-ს, რომ შეხვდებოდა გაკვეთილების დასრულების შემდეგ. თ.ჩ.-მ ამის შესახებ უთხრა ა.ს.-ს, რომელსაც არ სურდა გაკვეთილების დასრულების შემდეგ მე-11 კლასელებთან მარტო შეხვედრა და ამის გამო გადაწყვიტა დაკავშირებოდა თავის დეიდაშვილს - მ.კ.-ს, რომელიც იყო 61-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. ა.ს.-მ სოციალური ქსელის - ინსტაგრამის მეშვეობით მიწერა მ.კ.-ს საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის თაობაზე;
(გ) მ.კ., რომელიც ამ დროს იმყოფებოდა სახლში, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით (ფეისბუქი) დაუკავშირდა თავის მეგობარ გ.ჯ.-ს და სთხოვა მისვლა 51-ე სკოლასთან. გ.ჯ., თავის მხრივ, ასევე ფეისბუქით დაუკავშირდა გ.მ.-ს, რომელიც ამ დროს აცდენდა სკოლას, გ.ჯ. თავად იმყოფებოდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, საიდანაც გაკვეთილების დასრულებამდე თავის კლასელ გ.ბ.-სთან და გ.ი.-სთან ერთად წავიდა პეკინის ქუჩაზე მ.კ.-სთან შესახვედრად, საიდანაც ოთხივე ტაქსით გაემგზავრნენ 51-ე სკოლასთან. მათ პარალელურად შეუერთდათ გ.მ. და ა.დ. სულ 51-ე სკოლასთან, დაახლოებით 13:30-13:40 დროის მონაკვეთში მივიდა 6 მოზარდი - მ.კ., გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ. და გ.ი.;
(დ) 51-ე სკოლის წინ მ.კ.-მ მეგობრებს უთხრა, რომ ჰქონდა გარკვეული საგანი;
(ე) გაკვეთილების დასრულების შემდეგ, 51-ე სკოლიდან გამოვიდნენ მე-9 კლასელები თ.ჩ. და ა.ს., რომლებმაც მ.კ.-ს და დანარჩენ მოზარდებს მოკლედ მოუთხრეს ინციდენტის შესახებ. ამ დროს სკოლის გარეთ ასევე შეიკრიბნენ სხვა 51-ე სკოლელებიც;
(ვ) საბოლოოდ ხორავას #4-ისკენ გაემართნენ მ.კ., გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ., გ.ი., ა.ს., თ.ჩ., თ.ბ., ს.ფ., (მე-9 კლასელების და მისული 6 მოზარდის მხარე, სულ 10 ადამიანი), და დ.ნ., დ.ღ., დავით სარალიძე, თ.ნ., დ.შ., გ.მ.2, ი.ნ., ლ.ს., ლ.ბ., გ.ჯ.2 და ლევან დადუნაშვილი (51-ე სკოლის მე-11 კლასელები). ხორავას ქუჩისკენ ასევე წავიდნენ 21-ე სკოლის მოსწავლეები ი.ჯ., ზ.ტ., ლ.ნ. და ლ.ე, რომლებიც 51-ე სკოლის წინ შეხვდნენ თავიანთ ნაცნობებს - გ.ი.-ს და გ.ბ.-ს.;
(ზ) ხორავას 4-ის ეზოში შესვლის შემდეგ თავდაპირველად ფარდულის მარცხნივ მდებარე მანქანის წინ განლაგდა ამ მოზარდების მხოლოდ მცირე ჯგუფი - თ.ჩ., ა.ს., მ.კ. და გ.ჯ. - მოსული მოზარდების მხრიდან და დ.ნ., დ.ღ., დ.ს., დ.შ., და თ.ნ. - 51-ე სკოლის მხრიდან. დანარჩენი მოზარდები იმყოფებოდნენ ამ ჯგუფის უკან, ხორავას ეზოში და შესასვლელ თაღთან. პირველ ეტაპზე თ.ნ. ცდილობდა შეერიგებინა მოზარდები, თუმცა შემდეგ საუბარი დაიძაბა დავით სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის. რაღაც მომენტში გ.ჯ. ხელით შეეხო დავით სარალიძეს, საპასუხოდ მან სიგარეტის ნამწვი ესროლა გ.ჯ.-ს, ამის შემდეგ გ.ჯ.-მ შეაგინა დავით სარალიძეს და დაიწყო ჩხუბი. დ.ღ.-მ დაარტყა გ.ჯ.-ს, ხოლო დავით სარალიძე სხეულით დაეჯახა გ.ჯ.-ს და ფარდულში შეაგდო, სადაც მოჩხუბრებს შეყვნენ მ.კ. და დ.ღ.;
(თ) დავით სარალიძემ შებოჭვის მსგავსი ილეთით შეაგდო გ.ჯ., ფარდულში, რასაც მოჰყვა გ.ჯ.-ს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა. გ.ჯ. დავით სარალიძეს ჰყავდა მოხრილ მდგომარეობაში, და მასზე ხელები მოხვეული ჰქონდა ზემოდან. ამ მდგომარეობაში გ.ჯ.-მ ამოიღო დანა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა სარალიძეს. ფარდულში ასევე იმყოფებოდა მ.კ., რომელმაც, ერთ-ერთი მოზარდის განმარტებით, ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში. გ.ჯ.-ს განმარტებით, ჩხუბის დროს მ.კ.-ს ხელში ჰქონდა რაღაც საგანი, რომელსაც ურტყამდა დავით სარალიძეს;
(ი) ჩხუბის შემდეგ ეზო მოზარდებმა სხვადასხვა თანმიმდევრობით დატოვეს. სვანიძის ქუჩაზე მოზარდებს გამოეყო მ.კ. და წავიდა წყლის საყიდლად გუდაურის ქუჩაზე მდებარე მაღაზიისკენ. მას თან წაყვა ზ.ტ. დანარჩენმა 8 მოზარდმა გზა განაგრძო გუდაურის ქუჩაზე, შემდეგ კი ჯანაშიას ქუჩით ჩავიდნენ ხორავაზე და გაემართნენ ხორავას 26-ში მდებარე ონკანიანი ეზოსკენ;
(კ) მას შემდეგ, რაც მ.კ.-მ იყიდა ორი ბოთლი წყალი გუდაურის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ის და ზ.ტ. ასევე გაემართნენ ხორავას 26-ში მდებარე ონკანიანი ეზოსკენ. გზაში მათ შეხვდათ ლ.ჯ., რომელსაც ცოტა ხნით ადრე დახმარების სათხოვნელად დაურეკა გ.ჯ.-მ. შესაბამისად, მ.კ., ზ.ტ., და ლ.ჯ., ერთად მივიდნენ ხორავას 26-ში და შეუერთდნენ დანარჩენ მოზარდებს. ეზოში გ.ჯ.-მ ონკანზე დაიბანა სისხლიანი თავი. რამდენიმე მოწმის ჩვენებით, დაბრუნებულმა მ.კ.-მ გ.ბ.-ს დაუბრუნა მისი დანა. ამავე დროს, რამდენიმე მოზარდი ამბობს, რომ მ.კ.-ს ხელში ეჭირა დაუდგენელი ნივთი. ონკანიანი ეზოდან მ.კ.-მ დაურეკა თავის ძმას და თხოვა მისვლა დასახმარებლად. ხორავას 26-დან ტაქსით სახლებში წავიდნენ გ.მ., გ.ბ., გ.ი., ა.დ., და ლ.ნ. მალევე ხორავას და პეტრიაშვილის კვეთაზე მივიდნენ მ.კ.-ს მამა თენგიზ კალანდია, ძმა ლუკა კალანდია და მამის მეგობარი გიორგი თურქია, რომლებმაც კალანდიებთან სახლში წაიყვანეს გ.ჯ. და მ.კ.
საგამოძიებო კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ნაწილი დადგენილია ძირითადი საქმის გამოძიების ფარგლებში. ამასთან, გარკვეული ახალი გარემოებები გამოვლინდა სასამართლო განხილვის ეტაპზე, ასევე, ძირითადი საქმისგან გამოყოფილი საქმის ფარგლებში და საგამოძიებო კომისიის წინაშე ახსნა-განმარტებების მიცემისას. აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაცია, რომელიც გამოძიების ეტაპზე გააჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაზუსტდა ან შეიცვალა სასამართლო პროცესის დროს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კომისიას უჩენს გარკვეულ კითხვებს დავით სარალიძის მკვლელობაში მ. კ.-ს როლთან დაკავშირებით. თუმცა, კომისიის მხრიდან კონკრეტული პირის მკვლელობაში მონაწილეობის ფაქტის დადგენა, პირის ქმედებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება ან/და ვინმეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე მითითება სცდება საგამოძიებო კომისიის მანდატს და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მართლმსაჯულების ორგანოების კომპეტენციას.
ამასთან, ხაზგასასმელია, რომ კომისიის მხრიდან ნებისმიერი დასკვნა თუ რეკომენდაცია უნდა გაკეთდეს იმ ფორმით, რომ გამოირიცხოს რაიმე სახის ჩარევა ან ზემოქმედება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიის მუშაობის ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
(ა) 2018 წლის 23 ივლისს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა, განაცხადა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს დანაშაულის მოხდენიდან მალევე მას დაუკავშირდა მირზა სუბელიანი და სთხოვა შეხვედრა. შეხვედრისას ის იყო დაბნეული და სთხოვა თბილისის პროკურორს, ერჩია მისთვის, რა გაეკეთებინა. მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, მან მოუწოდა მირზა სუბელიანს მისი შვილი დასაკითხად მიეყვანა პოლიციაში.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის რომელიმე თანამდებობის პირთან შეხვედრა კომისიისთვის ოფიციალური ახსნა-განმარტების მიცემისას უარყო თავად მირზა სუბელიანმა 2018 წლის 22 ივლისს.
(ბ) მირზა სუბელიანმა კომისიასთან შეხვედრის დროს ასევე განმარტა, რომ მას არ ჰქონდა კომუნიკაცია მ.კ.-სთან, მაშინ როდესაც 11 და 12 აპრილს მისი ტელეფონიდან მ.კ.-ს ტელეფონზე განხორციელებულია 11 ზარი და მიღებულია 1 ზარი, ხოლო ჯამში მათ შორის საუბარში გატარებულია დაახლოებით 8 წუთი.
(გ) 2018 წლის 22 ივლისს საგამოძიებო კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას თენგიზ კალანდიამ განაცხადა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ახალი დაბინდებული იყო, როდესაც ის და მისი შვილი ლუკა კალანდია პოლიციამ წაიყვანა განყოფილებაში ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე. იქიდან დაბრუნების შემდეგ 1 დეკემბერსვე გვიან საღამოს მასთან სახლში მივიდა მირზა სუბელიანი, რომელიც მასთან იმყოფებოდა გვიანობამდე, მათ შორის, მანამ სახლში წეროვანიდან დაბრუნდა მ. კ. აღსანიშნავია, რომ მირზა სუბელიანმა 1 დეკემბერს გვიან საღამოს თენგიზ კალანდიას ნახვა კატეგორიულად გამორიცხა.
(დ) 2018 წლის 17 ივლისს კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას მერაბ მორჩაძემ (რომელიც დაკავებულია ამ საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში) განაცხადა, რომ 2018 წლის 11 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ, რომელზეც მოწმე მ.კ.-მ შეცვალა გამოძიების პროცესში მის მიერ მიცემული ჩვენება, მას დაუკავშირდა მირზა სუბელიანი და ისინი შეხვდნენ ერთმანეთს 2018 წლის 12 აპრილს საღამოს. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრაც უარყო მირზა სუბელიანმა.
მირზა სუბელიანის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტება წინააღმდეგობაში მოდის სხვა პირების ახსნა-განმარტებებთან. ვინაიდან საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გაჩნდა დამატებითი კითხვები კომისიისთვის შესაძლო ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის ნაწილში.
საქმის მასალებიდან ასევე ცნობილია, რომ 2017 წლის 2 დეკემბერს დაიკითხა გ.მ., რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს მას ზურგის არეში მიაყენეს დაზიანება (გულმკერდის უკანა ზედაპირზე ხერხემლის ხაზიდან 1.5 სმ დაშორებით მარცხნივ დაახლოებით 8-9 ნეკნების მიმდებარედ).
10 დღის დაგვიანებით, კერძოდ, 2017 წლის 12 დეკემბერს დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გ.მ.-ს „გულმკერდის უკანა ზედაპირზე არსებული სწორნაპირებიანი ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს სწორკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, განვითარებული უნდა იყოს რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს."
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ:
• საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ მ.კ.-ს ქმედებებს გამოძიების (როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი საქმის), სასამართლო განხილვის ეტაპზე და საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე; ასევე საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები;
• შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ საგამოძიებო კომისიის წინაშე მირზა სუბელიანის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.
• ცალკე გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ კომისიისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული გამოყოფილი საქმის ფარგლებში გამოძიების სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობის შესახებ (მათ შორის ამ ფაქტზე). შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაზღვროს ფაქტის შესაბამისი კვალიფიკაცია - დანაშაული ჯანმრთელობის, ან სიცოცხლის წინააღმდეგ. ასევე, შსს-მ ჩაატაროს ყველა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისათვის და პასუხისგებაში მიცემისთვის.
2.5. მდგომარეობა სკოლებში - „ბულინგი", პრევენციის, რეფერირების და უსაფრთხოების დაცვის არაეფექტური მექანიზმები
საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში და გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიას წინ უძღოდა სკოლაში სასწავლო პროცესის დროს მომხდარი ჩაგვრის ("ბულინგის") საფუძველზე მე-11 და მე-9 კლასელებს შორის განვითარებული კონფლიქტი. კერძოდ, შესვენების დროს სკოლის საპირფარეშოში მე-11 კლასელების დ.ღ.-ს და დ.ნ-ს მხრიდან მე-9 კლასელ თ.ჩ.-ს და ა.ს.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა "ბულინგს".
აღსანიშნავია, რომ ფაქტორები, რაც წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას წარმოადგენს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემას, რაზეც მიანიშნებს ასოციალური ქცევის მქონე მოსწავლეებისთვის შესაბამისი სერვისების, რეფერირების მექანიზმის არარსებობა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ კომისიისთვის სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფის და აკრძალული საგნების (მათ შორის დანის) ტარების შესახებ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები .
კომისიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი მასალების საფუძველზე ასევე დაადგინა, რომ სკოლაში კონფლიქტის პრევენციის და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების არარსებობის გამო, სათანადოდ ვერ გაკონტროლდა მოსწავლეთა შეკრება, გადაადგილება, სკოლაში უცხო პირების მოსვლის მიზეზები და ვერ გაიზომა კონფლიქტის გამწვავების მოსალოდნელი რისკები. კომისიამ ასევე დაადგინა, რომ განათლების სისტემაში არ არსებობს კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე პრევენციის და მისი დეესკალაციის ეფექტიანი მექანიზმები.
აქედან გამომდინარე, კომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:
• გამოავლინოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კონფლიქტის პრევენციაზე და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებებში შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ნიშნები და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
• „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების (რომელიც შეეხებოდა მანდატურის სამსახურის რეფორმას) ეფექტიანად აღსასრულებლად, დროულად და სათანადოდ დანერგოს კონფლიქტის პრევენციისა და მასზე რეაგირების განახლებული მექანიზმები;
• შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ანტიბულინგური პროგრამის დანერგვის, განხორციელებისა და მონიტორინგის შესახებ და უზრუნველყოს მისი პრაქტიკაში დანერგვა;
• შეიმუშავოს სკოლის უსაფრთხოების ერთიანი წესი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სკოლის ტერიტორიაზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას; უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე ეფექტურ რეაგირებას; ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს; მანდატურის, მანდატურის სამსახურისა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობას;
• ხელი შეუწყოს და წაახალისოს სასკოლო მედიაციის განვითარება.
ასევე, მიზანშეწონილია, შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ცივი იარაღის ბრუნვის კონტროლს, განსაკუთრებით არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომობის ნაწილში, ხოლო მეორე მხრივ, ადეკვატური სანქციების დაწესების გზით, შეამცირებს ცივი იარაღით დანაშაულის ჩადენის ფაქტებს", - ნათქვამია დასკვნაში.