საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი, ამავე ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრ ნინია კაკაბაძეს პასუხობს, რომელმაც თბილისში მიმდინარე რუსულ მედიაფორუმთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.
„პროდასავლური კურსის“ ერთ-ერთი „ბურჯი“ ჩვენს ქვეყანაში – „მითების დეტექტორი“ ავრცელებს ჟურნალისტების და ანალიტიკოსების სიას, რომლებიც დარეგისტრირდნენ (სინამდვილეში – მიწვეულ იქნენ) მიმდინარე რუსულ-ქართულ მედია-ფორუმზე. მიწვეულთა შორის იყო თქვენი მონა-მორჩილიც. სხვათა შორის არ ვიცი, როდის აქეთ გახდა ჟურნალისტისთვის სირცხვილი რუსი ანალიტიკოსებისგან ან თუნდაც პოლიტიკოსებისგან ინტერვიუს აღება (ვფიქრობ პირიქით – ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს), მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე ისეთი გონორით აზიარებს ამ პოლიტიკურად ანგაჟირებულ მასალას, რომ აშკარად „სირცხვილით უნდა დავიწვა“.
ქალბატონო ნინია – მინდა იმედი გაგიცრუთ და გაცნობოთ, რომ მიწვევის მიუხედავად ფორუმზე არ ვყოფილვარ და არც ინტერვიუ ამიღია, რადგან არ მსურდა იმ არაჯანსაღი აჟიოტაჟის ნაწილი გავმხდარიყავი, რომელიც ამ ფორუმის ირგვლივ შეიქმნა.
აქვე გაფრთხილებთ, რომ თუ კიდევ ერთხელ შეეცდებით განმისაზღვროთ სად წავიდე და სად არ წავიდე ინტერვიუს ჩასაწერად, ძალიან მკაცრად მოგთხოვთ პასუხს, რადგან რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის სამეურვეო საბჭოს წევრის მხრიდან ჟურნალისტზე ზეწოლა და სხვა არაფერი", – პასუხობს ზვიად ავალიანი.