საქართველოში ცხოვრების დონე არათუ წლიდან წლამდე, თვიდან თვემდეც უარესდება. გარდა იმისა, რომ ხალხი დანაზოგს ვერ აკეთებს, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ელემენტარული საშუალებაც არ აქვს, რომ ყოველდღიურ ხარჯს გაუმკლავდეს. სამთავრობო ცვლილებებმა ჯერჯერობით ვერანირი შედეგი ვერ გამოიღო. პირიქით, ასეთი მძიმე შემოდგომა ქვეყანაში ბოლო წლებში არ ყოფილა.
თავის დროზე, კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად სწორედ სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა და ჭარბვალიანობა დასახელდა. შეიძლება ითქვას, მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რაც გამოიხატება სამომხმარებლო ბაზრის სიძვირეში, ლარის გაუფასურებასა და მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების სიმცირეში. მართალია, ჭარბვალიანობასთან ბრძოლა დაიწყო, მაგრამ უკეთესი ვითარება არც ამ მხრივაა. მსესხებელთა არმიამ ბანკებიდან სწრაფი სესხების კომპანიებსა და მიკროსაფინანსოებში გადაინაცვლა, სადაც "მოთხოვნას ვერ აუდიან".
მიუხედავად იმისა, რომ სესხზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, ფულის მიღების მოთხოვნით მოქალაქეები ფინანსურ ორგანიზაციებს უფრო გახშირებულად მიმართავენ. სპეციალისტების შეფასებით, ამის მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და სტაგნაცაა, რაშიც ხალხი ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩნდა.
აფბა-ს ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ფიქრობს, რომ სიტუაციის შეცვლა შეუძლებელია, სანამ ეკონომიკისა და კერძო ბიზნესის ინეტერესები ერთმანეთს არ გაემიჯნება.
"ქვეყანაში გვაქვს ფინანსური სისტემა, რომელიც არც კვირიკაშვილისა და არც ბახტაძის დროს აწყობილა და საერთოდ, არც ამ ხელისუფლების დროს. ცხოვრების დონის გაუარესება დაიწყო დაახლოებით 2005-06 წლიდან, როცა ეკონომიკაში ფინანსების მიწოდების ერთადერთ საშუალებად საბანკო სისტემა გადაიქცა. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მოდელი, როცა ეკონომიკური განვითარება მოკლევადიანი ეფექტების გამოყენებით ხდებოდა. რეალურად ეკონომიკის განვითარება საბანკო სისტემას გადააბარეს, ხოლო კერძო ინტერესი ყოველთვის მოკლევადიანია. წლების განმავლობაში ძირითადად იმპორტი ფინანსდებოდა და ახლაც ასე ხდება.
ნორმალური ეკონომიკა რომ გვქონდეს, ფულიც აქ უნდა დარჩეს და პროდუქტიც. ეს დამოკიდებულება თუ არ შეიცვლება, შედეგს ვერასდროს ვიგრძნობთ და სიტუაციის შეცვლა შეუძლებელი გახდება. კვირიკაშვილის მთავრობას არ ესმოდა, რომ კერძო ინტერესი ეკონომიკას ვერ დაძრავდა. წარმოუდგენელია, ბიზნესმა ეკონომიკა განავითაროს. არსად, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება. ბიზნესმა შეიძლება ქვეყანას გარკვეული მომსახურება შესთავაზოს, მაგრამ ამაზე შორს არ მიდის", - ამბობს კუკულაძე.
როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რეალური სექტორის განვითარებაზე იზრუნოს, პირველ რიგში კი, სოფლის მეურნეობას მიხედოს.
"მუდმივად ვიქნებით მოჯადოებულ წრეში, სანამ ქვეყანა რეალური სექტორის განვითარებაზე არ იქნება ორიენტირებული. ამჟამად ვიმყოფები გურიაში, სადაც თხილის სეზონია. ვხედავ, რომ მთელი გურია, ჩემი ოჯახის გარდა, თხილის მოსავლით არის დაინტერესებული. 1 წლის წინ აღმოჩნდა, რომ თხილს შეესია ფაროსანა და მთელი გურია მშიერი დარჩა. წვრილმა მეწარმეობამ რამდენიმე წლის წინ ჩათვალა, რომ თხილი იყო მომგებიანი, აჩეხეს სხვა კულტურა და თხილი გააშენეს. ახლა ყველამ წააგო.
ამ დროს რეგიონში დიდი რაოდენობით აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულია. არავის გასჩენია სურვილი, რომ მიწა აეთვისებინა. ინვესტიციების გარეშე ამას ვერავინ მოახერხებს. 4-5 ათას ჰა მიწაზეა საუბარი, რომლის ათვისების შემთხვევაში, შესაძლოა 100 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტი მოიყვანონ. ამის გამკეთებელი რეალურად არავინაა. ეს სახელმწიფოს საქმეა. ამიტომ არც ჭარბვალიანობა უნდა გვიკვირდეს, რადგან დღეს კონკრეტული ადამიანები კი არა, ეკონომიკაც ვალებით სულდგმულობს", - აცხადებს კუკულაძე.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს სოციოლოგი პაატა აროშიძეც. ის ფიქრობს, რომ მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელია.
"ბევრად უარესი ვითარებაა ქვეყანაში, ვიდრე ეს ჩვენ ან თუნდაც ხელისუფლებას წარმოედგინა. პროცესი ახლა არ დაწყებულა. საბანკო ვალდებულებები, რაც მოქალაქეებს გააჩნიათ, გეომეტრიული პროგრესით იზრდება. ხალხს მხოლოდ სეზონური სამუშაო გააჩნია (ასეთი დასაქმებულთა დაახლოებით 60-80%-ია), ხოლო ვალის დაფარვა მთელი წლის განმავლობაში უწევს. მოსახლეობა ვერ აუდის ამ ვალდებულებას და იძულებულია, სხვა სესხის დახმარებით გადაჭრას პრობლემა. ფაქტობრივად, სასესხო პირამიდაა და ამ გაჭირვებას თავს ვერავინ აღწევს.
მესმის, რომ უნდა გამკაცრდეს სესხზე ხელმისაწვდომობა, მაგრამ აქ მეორე პრობლემის წინაშე ვართ - რა არჩევანს ვთავაზობთ მოსახლეობას ამის სანაცვლოდ? რამდენადაც ვიცი, იშვიათად არის ვალი აღებული ბიზნესის წამოსაწყებად ან ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად. სესხს ხალხი თავის გადასარჩენად იღებს, რომ ყოველდღიური მოთხოვნები დაიკმაყოფილოს.
მეორე პრობლემაა ის, რომ ფასები იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე შემოსავალი, მატულობს გადასახადის სიმძიმე და საბოლოო ჯამში ხარჯთან გამკლავება შეუძლებელი ხდება. ეს უკვე კომპლექსური საკითხია, რასაც მხოლოდ საბანკო რეგულაციებით ვერ მოაგვარებენ. პირიქით, რაღაც ეტაპზე ამით ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებენ.
სოფელს არავინ აქცევს ყურადღება და ხალხი მასობრივად უცხოურ პროდუქტზეა დამოკიდებული, ფუფუნების საგნებზე რომ არაფერი ვთქვათ. ამით მოსახლეობა თანდათან ღატაკდება და გამოსავალიც არ ჩანს. პერმანენტული ღონისძიებებით ეს ვერ გამოსწორდება, დასაქმებაზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა გატარდეს, სხვანაირად მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია. არც ვფიქრობ, რომ სიტუაცია მომდევნო 4-5 წლის განმავლობაშიც შეიცვლება", - ამბობს აროშიძე.