სამშენებლო სფეროს ზრდის ტემპი 2018 წელს შენელდა. მიზეზი, დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებულ რეგულაციებთან ერთად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დაცემა და ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირეცაა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტემპის კლება ეკონომიკაზე მოქმედებს ცუდად, თუმცა ქალაქზე კარგად აისახება.
სამშენებლო სფეროს ზრდის ტემპი წლიდან წლამდე იკლებს. 2018 წლის || კვარტალში სექტორის ბრუნვა მხოლოდ 4.5%-ით გაიზარდა და 1.76 მლრდ ლარი შეადგინა მაშინ, როცა 2017 წლის მეორე კვარტალში 21%-მდე ზრდა იყო, 2016 წელს კი - 42.3%. მშენებლობის სექტორში ტემპის შენელებას მთავრობა იმ ახალ რეგულაციებს უკავშირებს, რომლებიც სექტორს დაუწესდა.
გარდა ამისა, მიზეზებს შორსაა მოთხოვნაზე მაღალი მიწოდება, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება, სამშენებლო მასალების გაძვირება და ასევე - ნდობის ფაქტორი, რომელიც მოსახლეობაში დეველოპერების მიმართ მუდმივად იკლებს. "სვეტთან" და იქამდე "ცენტრ პოინტთან" დაკავშირებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა შიში, რომ ცნობილ კომპანიებში გადახდილი თანხითაც კი შეიძლება, ჰაერი შერჩეთ ხელში.
"აიჯიეს ჯგუფის" წარმომადგენელი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ სამშენებლო სფეროს ბრუნვის შემცირების მიზეზი არა მხოლოდ სფეროს რეგულირება, არამედ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა, მათ შორის - ლარის კურსის გაუფასურება და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება.
"კონკრეტულ ციფრებზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ტენდენცია თვალში საცემია. რა თქმა უნდა, სექტორის ბრუნვის შემცირება, უპირველესად, რეგულაციასთან არის კავშირში, თუმცა ახალი ნორმები შემდგომში უფრო მეტად აისახება სამშენებლო ბაზარზე, ვიდრე მყისიერად. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი ამ ტენდენციაში, მაგრამ სტაგნაციის გამომწვევი მიზეზი უფრო მეტად წინა ორ წელიწადში უნდა ვეძებოთ.
ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბაზარზე ბრუნვის შემცირება უფრო გლობალურად უნდა განვიხილოთ, ვიდრე ერთი კონკრეტული ფაქტორით, თუნდაც ეს ისეთი მნიშვნელოვანი იყოს, როგორიც სფეროს ახალი რეგულირებაა. მნიშვნელოვანია როგორც ლარის კურსის არასტაბილურობა ხანგრძლივ პერიოდში, ასევე - უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, რაც მშენებლობას აძვირებს.
გაზრდილია სამოქალქო ცნობიერება და თვითშეგნება ამ კუთხითაც. ხალხი ახალ სტანდარტებს ფეხს აყოლებს და მათაც აქვთ მოთხოვნები მშენებლებისაგან - რეკავენ და ამოწმებენ უსაფრთოების წესებსა და ნებართვებს.
რასაკვირველია, ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი ხალხის მსყიდველუნარიანობაცაა, რომელიც, როგორც ჩანს, მკვეთრად არის შემცირებული", - აცხადებს გუჯაბიძე "რეზონანსთან".
"სამშენებლო სექტორის ბრუნვის შემცირება ცუდია ბიზნესისთვის, თუმცა კარგია დედაქალაქისათვის", - ასეთ დასკვნას აკეთებს სამართლის დოქტორი და სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილმა.
"შესაძლოა, სამშენებლო სფეროს ბრუნვის შემცირებაზე ზეგავლენას ახდენდეს დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებული რეგულაციები და გამკაცრებული პოლიტიკა ქალაქმშნებლობის შესახებ. გარდა ამისა, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, ფაქტობრივად, აღარ დარჩა ასაშენებელი ადგილი, იმდენადაა გადატვირთული ან თუ არის ტერიტორიები, იქ მშენებლობა ძვირი ჯდება.
კოეფიციენტებთან მიმართებით პრობლემას ქმნის მორატორიუმი, რომელიც არ არის ოფიციალურად გამოცხადებული, თუმცა ახალი გენგეგმის მიღებამდე არქიტექტურის სამსახურმა ისედაც შეზღუდული რეგულაციები კიდევ უფრო შეზღუდა და ძალიან გაამკაცრა.
ასევე გამკაცრებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესიც. როდესაც შენდება 4 000 კვ/მ-ზე მეტი, დეველოპერს ევალება, მოიყვანოს ექსპერტი და წარმოადგინოს დასკვნა, თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული შენობა სატრანსპორტო მოძრაობაზე, ქუჩების გამტარუნარიანობაზე და ა.შ. ესეც თავისებური რეგულაციაა, რომელიც თებერვლიდან ამოქმედდა. მშნებლობას აძვირებს უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაც, რომელიც მარტიდან ამოქმედდა.
აყველა ფაქტორი მოქმედებს ერთად და რომელია უფრო მეტად გადამწყვეტი, რთული სათქმელია. მშენებლობის ტემპის კლება ეკონომიკაზე მოქმედებს ცუდად, თუმცა ქალაქზე აისახება კარგად. ყველამ იცის, რა მდგომარეობა არის დედაქაქში და განსაკუთრებით - მის ცენტრალურ უბნებში. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ზაქაშვილმა.