ნეგატიური პროცესი უკვე დაწყებულია და დაზამთრებამდე შესაძლოა, კატასტროფული სისწრაფე აკრიფოს
თამარ მუკბანიანი
06.09.2018

 ქართული ლარი შემოდგომის დასაწყისში ასეთი გაუფასურებული არასდროს ყოფილა. მოსახლეობას ნოემბერ-დეკემბრის საფუძვლიანი შიში აქვს. მთელი ქვეყანა დევალვაციისა და ინფლაციის მორიგი დარყმის ქვეშაა. იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნიშნავს, რომ ფასები ყველა პროდუქტზე გაიზრდება. გაძვირების პროცესი უკვე დაწყებულია და დაზამთრებამდე შესაძლოა, კატასტროფული სისწრაფე აკრიფოს.

როგორც წესი, ეროვნული ვალუტის გაუფასურება შემოდგომის ბოლოსა და ზამთრის დასაწყისში ხდება და ფასებიც ამ დროს იწევს. წელს ეს ყველაფერი ძალიან ნაადრევად დაიწყო. სწორედ ეს აჩენს მოსახლეობაში შიშს, თუ როგორი იქნება ზამთარი, როცა ლარი დოლართან მიმართებით 5 სექტემბრის მდგომარეობით უკვე 2.61-ს გადასცდა. ამას ემატება საწვავის გაძვირება, ხორბალსა და ფქვილზე ფასის მატება, კომერციული ობიექტებისთვის გაზის გაძვირება, პურსა და პურპროდუქტებზე ფასის ცვლილება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ წინ ერთ-ერთი ყველაზე რთული შემოდგომაა და საიმედო პროგნოზსაც არავინ აკეთებს.

ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე აგვისტოში ლარის გაუფასურების დაწყებისას აცხადებდა, რომ მასზე გარე ფაქტორები მოქმედებენ და ის მალე დასტაბილურდებოდა.

"ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია და დღეს არის 2.7 პროცენტი. შესაბამისად, მისი ზემოქმედება სამომხმარებლო ფასებზე გამორიცხულია. ამ სიტუაციაში ეს არის ძალიან კარგი ფაქტორი. ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს პროცესებზე დაკვირვება. მას ხელთ აქვს ყველა ბერკეტი, რათა საგარეო რისკის ზემოქმედება შეამციროს, მოახდინოს მისი მინიმიზაცია და ეროვნული ვალუტა ნეგატიური ზემოქმედებისგან დაიცვას. რაკი ეროვნული ბანკი არ ახდენს რამე ქმედებებს, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევა", - აცხადებდა გოგიტა ცუცქირიძე, როცა ლარის კურსი 2.53-მდე გაუფასურდა. დღეს იგი "რეზონანსთან" კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.

ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე საერთაშორისო ბაზრების გავლენას ზღაპრებს უწოდებს და ამბობს, რომ ამით ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა სურთ.

"საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დოლარის ინდექსი ნამდვილად გაზარდილია, რაც ბოლო პერიოდში გამოწვეულია იმ საფინანსო ომით, რომელიც ამერიკის მთავრობამ წამოიწყო ჩინეთსა და ევროკავშირთან. ამ მდგომარეობაში, წესით, პლუსად უნდა ჩათვლილიყო, რომ საქართველო ინტეგრირებული არ არის მსოფლიო ბაზარზე, როგორც სხვა განვითარებადი ქვეყნები. ასე რომ, ეგზოგენური ფაქტორებისათვის გადაბრალება და ამ ტერმინებით საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ზღაპრებია, რომლებითაც მოსახელობის დაბნევა სურს ეროვნულ ბანკს", - აცხადებს კაპანაძე.

მისივე თქმით, ძირითადი ფაქტორი, სავარაუდოდ, კომერციული ბანკების მიერ მომავალი რყევებისგან თავის დაზღვევის მიზნით გაკეთებული ფინანსური რეზერვებია.

"ლარის გაუფასურების ერთი ფაქტორია საერთაშორისო ინვესტორების ქცევა, თუკი ისინი ქართული საბანკო სექტორიდან იწყებენ კაპიტალის გატანას. მეორე ჩრდილოვანი ეკონომიკური ურთიერთობებია, რომლებიც გაგვაჩნია თურქეთსა და რუსეთთან.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ უცხოელი ინვესტორები ახდენენ ვალუტის გატანას, ასე მყისიერად მაინც არ უნდა აისახოს კურსზე. ამიტომ ვფიქრობ, კომერციული ბანკები თავს იზღვევენ და წინასწარ იქმნიან სავალუტო რეზერვებს მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ყველა შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უნდა იყოს მარეგულირებელი და არა - დამკვირვებელი, რომელიც უმოქმედოდ ელოდება შედეგებს", - განუცხადა "რეზონანსს" კაპანაძემ.

ეკონომისტის აზრით, შემოდგომის ბოლოსა და ზამთრის დასაწყისისათვის ინფლაცია ძალიან მაღალი იქნება, რასაც საქართველოს იმპორტდამოკიდებულება განაპირობებს.

"კურსის ცვლილება პირდაპირ აისახება ფასებზე. მით უფრო, ჩვენ შემთხვევაში, როცა ბოლომდე იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. მსოფლიო ბაზარზე ისედაც გაძვირებულია საწავავი, რომლის იმპორტის წილიც ყველაზე მაღალია საქართვლოში. ამას ემატება მონოპოლიური ქცევა, რომელიც ამ ბიზნესში ნამდვილად აშკარაა და ეს კიდევ უფრო აძვირებს საწვავის ღირებულებას. ამას ჯაჭვური რეაქციით ყველა პროდუქტის გაძვირება თან სდევს.

სამწუხაროდ, კომერციულმა ბანკებმა შეიმუშავეს ერთგვარი ქცევის მოდელი, რომ შემოდგომის ბოლოსთვის აუცილებლად უნდა გააუფასურონ ლარი. დარწმუნებით ვამბობ, ქვეყნის ეკონომიკაში არაფერი ხდება ისეთი, რომ კურსზე ასე აისახებოდეს. აქ მხოლოდ სუბიექტური და ადამიანური ფაქოტრებია განმსაზღვრელი. არ არის ჩევნი ეკონომიკა ისე ინტეგრირებული მსოფლიოსთან, რომ მყისიერად ვრეაგირებდეთ გლობალურ პროცესებზე.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრომ ახლა გაყიდა სახაზინო ვალდებულებები 40 მლნ-ის ოდენობით, რასაც ლარი უნდა გეამყარებინა. ამ დროს მოხდა პირიქით. ამითაც კი ჩანს, რომ არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება საქართველოში განვითარებული მოვლენები. აქ მხოლოდ პირად ინტერესებზეა დამოკიდებული ყველაფერი და არც ეროვნული ბანკი და არც მთავრობა საერთოდ არაფერს აკეთებს", - აღნიშნა კაპანაძემ.

"რეზონანსი" ეროვნულ ბანკს დაუკავშირდა, სადაც კომენტარს არც ლარის კურსსა და არც დოლარზე გაზრდილ მოთხოვნაზე არ აკეთებენ. როგორც ყოველთვის, სებ-ი არხეინად უყურებს პროცესებს, თუ როგორ უფასურდება ვალუტა, როგორ სპეკულირებენ ბანკები, როგორ ღატაკდება მოსახლეობა და საფუძველი ეცლება ქვეყნის ეკონომიკას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×