ხადის ხეობაში ამერიკელი სმიტების ოჯახის სამი წევრის დახოცვაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც, ადოკატის მტკიცებით, დგინდება, რომ შეუძლებელია, რაიან სმიტის მკვლელი მალხაზ კობაური იყოს.
ადვოკატი ამბობს, რომ რაიან სმიტს სხეულზე ის დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნება, რომლებიც მას სიცოცხლეში აქვს მიყენებული.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ გამორიცხულია, მსგავსი დაზიანებები მალხაზ კობაურის მიერ იყოს მიყენებული, რადგანაც მას ამის საშუალებას მისი ფიზიკური მონაცემები ვერ მისცემდა.
ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ კობაური სიმართლეს ამბობს და რაიან სმიტი ჯერ უცხო პირებმა აწამეს და შემდეგ მოკლეს."საკმაოდ მნიშვნელოვანი დასკვნა მივიღეთ. ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, რომ რაიან სმიტს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. გასროლები განხორციელებულია ახლო მანძილიდან, დაახლოებით - 1 მეტრიდან.
"რაიან სმიტს სიცოცხლეში მიყენებული აქვს რამდენიმე დაზიანება, ანუ მდგომარეობა ასეთი იყო - გარკვეულმა პირმა თუ პირებმა სმიტს ჯერ დაზიანება მიაყენეს და შემდეგ მოკლეს.
"ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სმიტს ეს დაზიანებები სიცოცხლეში აქვს მიყენებული. შესაბამისად, შეუძლებელია, კობაური გარდაცვლილს მორეოდა და მსგავსი დაზიანებები სიცოცხლეში მიეყენებინა, რადგანაც ის ბრალდებულზე ბევრად დიდი იყო.
"ექსპერტიზით დგინდება, რომ კობაური რასაც ამბობს, სიმართლეა და რაიან სმიტთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება უცხო პირების მიერ, ამის შემდეგ დაჩოქილ მდგომარეობაში ზურგის არეში ესროლეს და დაცემის შემდეგ მოხდა საკონტროლო გასროლა. ამით დგინდება, რომ კობაურს ამ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და დანაშაული სხვა ადამიანებმა ჩაიდინეს", - აცხადებს ადვოკატი.
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნოკოლეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ადვოკატი დაცვის მხარეა და მას შეუძლია, ექსპერტიზის დასკვნა ისე წარმოადგინოს, როგორც სურს.
ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ადვოკატი დასკვნას ამ კუთხით ხედავს, თუმცა, რა თქმა უნდა, პროკურატურას თავისი ახსნა ექნება და სასამართლოზე წარმოადგენს ვერსიას, თუ როგორ და რა ვითარებაში შეიძლება, კობაურს რაიან სმიტისთვის ესროლა.
ექსპერტი ამბობს, რომ ამ ექსპერტიზის დასკვნას სხვადასხვა ვარიანტი ექნება და არ არის აუცილებელი, მკვლელი გარდაცვლილზე მაღალი იყო, რომ მან გასროლა ზემოდან ქვემოთ მოახდინოს. შესაძლოა, მსროლელი უფრო ამაღლებულ ადგილას მდგარიყო.
რაც შეეხება სიცოცხლეში მიღებულ დაზიანებებს, ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ამასაც უამრავი ახსნა შეიძლება, ჰქონდეს. შესაძლოა, გარდაცვლილმა დაზიანებები სროლის შემდეგ, დაცემისას მიიღო. ექპერტი ამბობს, რომ ეს დეტალები დასკვნაში აუცილებლად იქნება აღნიშნული და მას პროკურატურა სასამართლოზე ახსნის.
"ამ ექსპერტიზის დასკვნაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვარიანტი შეიძლება, მქონდეს, მაგრამ, კოლეგიალობიდან გამომდინარე, ამ დეტალებს არ ჩავუღრმავდები. ეს პროკურატურის სამუშაოა და ის სასამართლოზე ადვოკატის არგუმენტების გაბათილებას შეეცდება. ადვოკატი დაცვის მხარეა და ამ დასკვნას სათავისო კუთხით წარმოადგენს.
"თუმცა, რეალობა შეიძლება, სრულიად სხვა იყოს. არ არის აუცილებელი, ადამიანზე მაღალი იყო, რომ სროლა ზემოდან ქვემოთ მიმართულებით განახორციელო.
"სასამართლოზე ორივე მხარე ამ ექსპერტიზის დასკვნას საკუთარი არგუმენტებით გაამყარებს, რომლის შემდეგაც კიდევ ერთი ექსპერტიზა ტარდება. ატარებენ ცდას, მსგავს პოზიციაში როგორ და რანაირად შეიძლება, სროლა განხორციელებულიყო.
"აქ დახრის კუთხესა და სროლის დისტანციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მანძილიდან მოხდა სროლა. რომელი მხარის არგუმენტები დაემთხვევა უფრო, იმის მოსაზრება იქნება სასამართლოზე გათვალისწინებული", - აცხადებს "რეზონანსთან" მაია ნიკოლეიშვილი.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი და კრიმინალისტი კახა ჩიხლაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ ნიშნავს იმას, რომ კობაური სიმაღლის გამო მსგავსი სახის სროლას ვერ განახორციელებდა.
კრიმინალისტი ამბობს, რომ ხადის ხეობა მთიანი ადგილია და უნდა ვივარაუდოთ, რომ კობაური შესაძლოა, რაიან სმიტზე მაღლა მდგარიყო, ხოლო თუ დასკვნაში წერია, რომ სროლა ერთი მეტრის მანძილიდან მოხდა, მაშინ არაა გამორიცხული, რომ კობაურმა სმიტი დააჩოქა და ზურგიდან მხოლოდ მაშინ ესროლა.
ჩიხლაძე ამბობს, რომ სიცოცხლეში მიღებული დაზიანებები არ ნიშნავს, რომ სმიტმა ეს ჭრილობები დაჭრამდე მიიღო. კრიმინალისტი არ გამორიცხავს, რომ როდესაც მწყემსმა რაიანს ესროლა, მისი აღნაგობიდან გამომდინარე, წაქცევის დროს ის მუხლებზე დაეცა და ეს დაზიანებები მიიღო.
ჩიხლაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნაში აღნიშნული იქნება.
"ადვოკატი ამტკიცებს იმას, რაც მას სურს, თუმცა რეალობა შესაძლოა, სრულიად სხვა იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ თვითმხილველები არ არსებობენ, მხოლოდ კობაურის მონაყოლითა და ექსპერტიზის დასკვნით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
"კობაური ყოველდღე ახალ-ახალ ტყუილს იგონებს. რატომ არის გამორიცხული, რომ მან იარაღის მუქარით, რაიან სმიტი დააჩოქა და თავზე დადგომით ზემოდან ქვემოთ ესროლა?
"მით უმეტეს, დასკვნაში წერია, რომ მას მუხლები აქვს დაზიანებული და ეს სიცოცხლეში აქვს მიღებული. არც ის არის გამორიცხული, ზურგში სროლის შემდეგ გარბოდა და დაჭრილი მუხლებზე დაეცა, რის გამოც დაზიანებები მიიღო.
"არაფერია გამორიცხული, ამიტომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების შემდეგ კონკრეტულად ახსნიან, რა და როგორ მოხდა და უფრო მეტი სიცხადე იქნება შეტანილი.
"ჩემს პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს ხელზე არც ერთი თითი არ ჰქონდა, თუმცა იმდენად ჰქონდა დანის ჭერა გამომუშავებული, რომ დანით რამდენიმე ადამიანი დახოცა.
"შესაბამისად, ფიზიკურობაზე აპელირება არ არის მართებული, როდესაც ადამიანი შეიარაღებულია და მას მუქარის მეშვეობით რაიან სმიტისთვის ბევრი რამის გაკეთება შეეძლო", - აცხადებს კრიმინალისტი "რეზონანსთან".
მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ", მე-2 ნაწილის "ბ", მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.
19 წლის მწყემსს ხადის ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის დახოცვა ედება ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.