მარიამ კუპატაძე
06.09.2018

 ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციებს იწყებს.

სარალიძემ დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა შეაფასა. ამასთან, შვილმოკლულმა მამამ "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ დასკვნას სამარცხვინო უწოდა.

"კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ, რადგან საზოგადოებამ ნათლად დაინახა, ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი და ვინ ვის აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება იქ",- განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, მთელი საქართველო დარწმუნდა, რომ მმართველი გუნდი და მაღალჩინოსნები პირდაპირ მფარველობას უწევენ მკვლელებს და ამ საქმის გამყალბებლებს.

„ქართული ოცნება" მფარველობს მკვლელებს და ამ განაჩენს ქართულ საზოგადოებასთან ერთად გამოვუტან მე, ზაზა სარალიძე იმიტომ, რომ ჩემი შვილი, როგორც ბესელიამ განმარტა, ვიღაც არ არის, ვიღაცის გულის მოსაგებად არ იყო ეს კომისია შექმნილი", - განაცხადა სარალიძემ.

"აქ არის მთავარი, ვინ მოკლა დავით სარალიძე და არა ვინ გაღუნა დანა. ვინც გაღუნა დანა, ისიც დამნაშავეა იქიდან გამომდინარე, რომ ხელი შეუშალა მკვლელის დადგენას და დღეს ვღებულობთ ჩვენ იმას, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას.

პროკურატურა რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, შსს რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, რას ელოდებიან, პრესტიჟებზე ლაპარაკობენ? ჩემს შვილს პრესტიჟი აღარ აინტერესებს. ეს მინდა შევახსენო თავად მდინარაძეს, საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება. ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ" - აღნიშნა სარალიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×