მარიამ კუპატაძე
06.09.2018

 ბრიტანულმა პოლიციამ ორი რუსის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან მარტში რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ე.წ. გრუ-ს თანამშრომლები არიან.

რუსეთის ხელისუფლება ყველა ბრალდებას უარყოფს.

"არსებობს საკმარისი საფუძველი რუსეთის მოქალაქეების, ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის წინააღმდეგ ოფიციალური ბრალდების წამოყენების," - ნათქვამია სკოტლენდ იარდის განცხადებაში.

ბრიტანეთის საგამოძიებო ბიური იქვე აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილების სახელები რეალური არ არის.

ამავე დროს, გაერთიანებული სამეფოს პროკურატურამ ეჭვმიტანილებზე საერთო ევროპული ძებნის ორდერი გამოწერა. პროკურატურა აცხადებს, რომ ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთისთვის არ მიუმართავს, რადგან ამ ქვეყნის კონსტიტუცია საკუტარი მოქალაქეების სხვა ქვეყნისთვის გადაცემას კრძალავს.

როგორც ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სალისბერიში მოწამვლის სანქცია სავარაუდოდ რუსეთის ხელმძღვანელობისგან იყო გაცემული.

"გამოძიების შედეგებით, მთავრობა ასკვნის, რომ ორი მოქალაქე, რომელთა სახელები პოლიციამ და პროკურატურამ დაასახელეს, რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები არიან," - განაცხადა მან.

"ეს არ იყო მხოლოდ კრიმინალური ოპერაცია, ის, სავარაუდოდ, გრუ-ს გარეთ, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დამტკიცდა", - დასძინა მან.

პრემიერის თქმით, გრუ-ს ქმედებები საფრთხეს უქმნის ბრიტანეთს და მის ყველა მოკავშირეს, შესაბამისად საპასუხო ზომებსაც კოლექტიური ხასიათი უნდა ჰქონდეს.

"ჩვენ ყველას გვესმის, სინამდვილეში რას საქმიანობს გრუ ჩვენს ქვეყნებში, ჩვენ ვცდილობთ ნათელი მოვფინოთ მათ ქმედებებს, გამოვავლინოთ მათი მეთოდები და გავუზიაროთ ისინი ჩვენს პარტნიორებს," - დასძინა მან.

მისი თქმით, სოლსბერის თავდასხმა ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთგვარი გაფრთხილება საზღვარგარეთ მცხოვრები იმ რუსებისათვის, რომლებსაც კრემლი მტრად მიჩნევს.

"რუსეთს მოუწევს, საბოლოოდ იმის ახსნა, თუ რა მოხდა სოლსბერიში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×