მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში თავისი აქტიურობით გამოირჩევა, რის გამოც, არაერთხელ მომხდარა კრიტიკის ობიექტში, ამ საკითხზე მან ტელეკომპანია „იბერია"-ს გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკსთან" ისაუბრა.
მამა პეტრეს განცხადებით, სოციალურ ქსელში აქტივობით სასულიერო ხარისხი არ კნინდება .
მისივე თქმით, ხუთი წლის წინ დაწერილ სტატუსებს ძალიან ნეგატიური ფონი ჰქონდა, დღეს კი საზოგადოება შედარებით განვითარებული, გაზრდილია.
„გარკვეულწილად ჩემმა ამ სტატუსებმაც რაღაც შედეგი გამოიღო. ბუნებრივია ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, სანამ ფეხზე მყარად ვდგავარ, მე ამით არ დავიღლები, თუნდაც აქვე ჩამქოლონ.
კარგი, პეტრე არის ცუდი, ჩასაქოლი, უღირსი და ა.შ... - ეს გავიგე, მაგრამ პეტრეს სახით თუნდაც ერთი ადამიანი მაინც რომ გადარჩეს, ესეც ხომ საქმეა?! - მითუმეტეს ჩემთან არ მოდიან მრევლის ფანატიკოსი ნაწილი, რომ თურმე ოთხშაბათ დღეს, ცოტა ზედმეტი მოუვიდა ლუკმა პური და ამის გამო იატაკს თავს ურტყამენ, ასეთი პეტრესთან ცხადია ვერ მოვა, მაგრამ ჩემთან არანაკლებ რთული ადამიანები მოდიან, პოეტები, მწერლები, რომელთა უმეტესობა სუიციდის მცდელობით არის შეპყრობილი. მათთან ურთიერთობა ყველაზე მეტად შემოქმედ ადამიანს გამოსდის და მეტსაც გეტყვით, რამდენიმე წლის წინ უწმინდესის ლოცვა -კურთხევით პაოლო იაშვილს წესი ავუგე. უდიდესი მადლობა უწმინდესს ამისთვის, ბევრი რამისთვის მადლობა მას, მაგრამ ეს ჩემთვის იმდენად დიდი სიხარული იყო, რადგან ვგიჟდები პაოლო იაშვილის შემოქმედებაზე და როდესაც მაკურთხა, თან ჩამჩურჩულა - წესი შენ აუგე, პოეტს პოეტისა უფრო მეტად ესმისო. იცით, ჩემთვის ეს იყო უდიდესი ბედნიერება, რომ პატრიარქმა მომცა ამის კურთხევა და მადლობა მას, მრავალჟამიერ მისი სიცოცხლე".
მამა პეტრემ თვითმკვლელობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი თქმით ქვეყანაზე ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანია, რომელიც აგრესიით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ ჰქონია ცხოვრებაში მომენტები, როდესაც თვითმკვლელობაზე უფიქრია.
მამა პეტრეს განცხადებით, მისი სახელით სოციალურ ქსელში შექმნილია არაერთი ყალბი გვერდი, რომელსაც პირადი ინტერესებისთვის იყენებენ, ადამიანებს სწერენ და მაგალითად, მატერიალური დახმარებასაც ითხოვენ.
პეტრე კოლხმა ქალიშვილობის საკითხზეც ისაუბრა. ტელეწამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას - სექსი არის თუ არა ცოდვა, სასულიერო პირმა ასე უპასუხა:
"ზოგადად ვნება ცოდვაა. მოდი, ასე ნუ დავყოფთ... სექსიც არის ბიოლოგიური მოთხოვნილება, ისე როგორც სხვა დანარჩენი. "სექსი ცოდვაა?" - ეს კითხვაც კი ცოტა უხერხული მგონია, რადგან მაშინ, ასე ნაყროვანებაც ცოდვაა, განკითხვაც ცოდვაა, ვიღაცას შეიძლება ინტიმი არ ჰქონდეს ვიღაცასთან და 50 წლის ასაკში ქალწულობას ინარჩუნებდეს, მაგრამ მისი ფსიქიკა ისე იყოს შერყეული, რომ შესაძლოა გარშემო უამრავი ადამიანი შეიწიროს.
ახლა კითხვა: - ადამიანებს როდესაც "ცოცხლად ჭამ" იმის გამო, რომ შენ ქალწულობა შეინარჩუნე - ეს ცოდვა არ არის?! ქალწულობის შენარჩუნება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე არ გაიკარო, ქალწულობის შენარჩუნება შინაგანი მდგომარეობაა... ამას მოთმინებით, სიყვარულით უნდა აკეთებდე და არა ამპარტავნებით, რომ მერე საკუთარ თავთან დარჩენილმა არ თქვა - "იცი, მე რა მაგარი ვარ, არავინ გავიკარე..." - ეს უკვე ამპარტავნება, პატივმოყვარეობაა, "- აღნიშნა პეტრე კოლხმა.