ელზა პაპოშვილი
06.09.2018

 დღეს სასამართლოში დაიწყო აპრილში ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა. საქმის მასალების თანახმად, ვეფხია ბაქრაძემ გერი განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლოვანების თვალწინ მოკლა.

სასამართლო დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რადგანაც ერთმანეთს მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათია გაბოძე და ბრალდებულის შვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტი სასამართლოს ფოიეში მოხდა.

ლიკა ბაქრაძემ მოკლული ქალის დედას, ნათია გაბოძეს "შვილის მკვლელი უწოდა". მისი განცხადებით, გოგონას მკვლელობაში დედამისია დამნაშავე, რადგანაც ვეფხვია ბაქრაძის ცოლობა მას სურდა, რამაც სიტუაცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

"პირდაპირ ვუთხარი, რომ შვილის მკვლელია, რადგანაც მისი ბრალია, რომ ეს ყველაფერი მოხდა და სიტუაცია ამ უბედურებამდე მივიდა. ვერ ხვდება? ცოლს რატომ უწოდებს თავის თავს? ცოლი იმიტომ გახდა, რომ თვითონ უნდოდა და თავისი სურვილი იყო", - განუცხადა ჟირნალისტებს ლიკა ბაქრაძემ.

ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძის შვილი ლიკა ბაქრაძე აცხადებს, რომ მამამისზე ციხეში გარკვეული ზეწოლა ხდება. თუმცა არ აკონკრეტებს, თუ ვინ და რა მიზნით ახორციელებს ზეწოლას ბრალდებულზე, თუმცა ამბობს, რომ მას ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს.

სასამართლოზე დღეს ნათია გაბოძეს ბრალდების მხარე მოწმის სახით კითხავდა. გარდაცვლილი გოგოგნას დედა ამბობს, რომ მისმა მეუღლემ, რომელმაც შვილი მოუკლა, მისი შვილიშვილების დაწვაც სცადა.

"დანაშაულის ჩადენას ბავშვებიც ესწრებოდნენ. მან მცირეწლოვნებს საკუთარი დედის მკვლელობა აყურებინა და ამ ყველაფერს თავად ბავშვები დეტალურად ყვებიან.

"მათი თვალიდან არ ამოდის ეს ყველაფერი. სახლში ბენზინიც ჰქონდა მიტანილი და ბავშვების დაწვასაც აპირებდა, უბრალოდ ამის გაკეთება ვერ მოასწრო. ბავშვებს ბენზინის სუნი ჰქონდათ ტანსაცმელზე. ის ჩემზე ძალადობდა, არამარტო მკვლელი, არამედ მოძალადეცაა. ყველაზე უკანასკნელი და აღვირახსნილი ადამიანია. ჩემზე რომ ძალადობდა, იმიტომ ვიყავი მასთან ცხოვრების წინააღმდეგი," - განაცხადა ნათია გაბოძემ.

საქმეში არსებული ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ყელგამოჭრილი დედის გადარჩენას 4 და 6 წლის ბავშვები ცდილობდნენ. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, მოკლულის და, თათია გამრეკელაშვილი წერს, რომ პირველად 5 წლის დისშვილმა უამბო ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები. მცირეწლოვანი ბავშვი დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჭრეს ყელი დედას და როგორ დატოვა დამნაშავემ შემთხვევის ადგილი. მისი განცხადებით, ბრალდებულმა 4 წლის ბავშვს დედისთვის დანის დარტყმაც კი აიძულა.

რაც შეეხება 63 წლის ვეფხვია ბაქრაძეს, ის გერის მკვლელობას აღიარებს, თუმცა არა დამამძიმებელ გარემოებაში. თუ გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა თამარ გამრეკელაშვილის შვილს აიძულა დედისთვს დანა ჩაერტყა და ეს სისასტიკე აყურებინა, მაშინ მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×