გვანცა წულაია
06.09.2018

 ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძისა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ 10 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას პანკისელებიც შეუერთდებიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ზაზა სარალიძისა და სხვა შვილმოკლული მშობლების მსგავსად სამართალს ვერ მიაღწიეს.

„ამათ სხვა გზა არ დამიტოვეს, ყველანაირად ვეცადე ეღიარებინა სახელმწიფოს დანაშაული, მაგრამ ამაოდ. ამის ნაცვლად ჩემი დევნა დაიწყეს, ჩემი რაღაცაში გარევა, რაღაცის დაბრალება, პროვოკაციაზე წამოგება.

„აქედან გამომდინარე ღრმად დავრწმუნდი, რომ ამ ხელისუფლებაში მე ვერაფერს მივაღწევ. ეს არის მშვიდობიანი აქცია ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით" - ამბობს მაჩალიკაშვილი.

ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების თქმით, აქციის მიზანი სახელმწიფოს მიერ დანაშაულის აღიარება და საქმეში მონაწილე პირების გამოვლენა იქნება.

რაც შეეხება ზაზა სარალიძეს, ის აცხადებს, რომ ხელისუფლება მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს.

„დღეს მთელი საქართველო დარწმუნდა იმაში, რომ მმართველი გუნდი და მაღალჩინოსნები პირდაპირ მფარველობას უწევენ მკვლელებს და ამ საქმის გამყალბებლებს. „ქართული ოცნება" მფარველობს მკვლელებს და ამ განაჩენს ქართულ საზოგადოებასთან ერთად გამოვუტან მე, ზაზა სარალიძე იმიტომ, რომ ჩემი შვილი, როგორც ბესელიამ განმარტა, ვიღაცა არ არის, ვიღაცის გულის მოსაგებად არ იყო ეს კომისია შექმნილი. კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი, ვის და ვინ აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება იქ. სამარცხვინოა მათი დასკვნა", - განაცხადა სარალიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×